From Wikipedia, the free encyclopedia
განგტოკი — ქალაქი, მუნიციპალიტეტი ინდოეთის შტატ სიკიმში. შტატის დედაქალაქი და მოსახლეობის რაოდენობით უდიდესი ქალაქი. განგტოკის ოლქის ცენტრი. განგტოკი აღმოსავლეთ ჰიმალაების ქედზე მდებარეობს, ზღვის დონიდან 1 650 მეტრის სიმაღლეზე. ქალაქის მოსახლეობა 100 000 ადამიანს შეადგენს, რომლებიც სიკიმების სამ ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნებიან: ბჰუტიას, ლეპჩასა და გორხას. ჰიმალაების მაღალი მწვერვალებისა და მთელი წლის მანძილზე ზომიერი კლიმატის გამო, განგტოკი სიკიმის ტურიზმის ცენტრია.
დასახლებული პუნქტი | |
---|---|
განგტოკი | |
ქვეყანა | ინდოეთი |
კოორდინატები | 27°19′48″ ჩ. გ. 88°37′12″ ა. გ. |
ფართობი | 19.2 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 1436 მეტრი |
მოსახლეობა | 100 286 (2011)[1] |
სასაათო სარტყელი | UTC+05:30[2] |
სატელეფონო კოდი | 03592 |
საფოსტო ინდექსი | 737101[3] და Pin Code of Gangtok[4] |
ოფიციალური საიტი | http://gmcsikkim.in |
1840-იან წლებში ენჩეის მონასტრის აგების შემდეგ განგტოკი პოპულარული ადგილი გახდა ბუდისტ მომლოცველებს შორის. 1894 წელს მმართველმა სიკიმმა ჩოგიალმა, თჰუტობ ნამგიალმა, დედაქალაქი განგტოკში გადაიტანა. XX საუკუნის დასაწყისში განგტოკი ლჰასასა და ისეთ ქალაქებს შორის, როგორიცაა, კოლკატა, მთავარი შესასვენებელი ადგილი გახდა. 1947 წელს ბრიტანეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სიკიმი დამოუკიდებელი მონარქია გახდა, ხოლო განგტოკი მის დედაქალაქად გამოცხადდა. 1975 წელს სიკიმის ინდოეთთან შერწყმის შემდეგ განგტოკი კვლავ მის დედაქალაქად დარჩა.
განგტოკის სახელწოდების წარმოშობის ზუსტი ვარიანტი უცნობია. უმრავლესობა თანხმდება, რომ სახელწოდება „მთის წვერს“ აღნიშნავს.[5]
განგტოკის გეოგრაფიული კოორდინატებია: ჩრდ. 27.3325° განედი და აღმ. 88.6140° გრძედი.[6] ქალაქი გაშენებულია ჰიმალაების ქვემო ნაწილში, ზღვის დონიდან 1 650 მეტრის სიმაღლეზე.[7]
ქალაქის აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან ორი მდინარე ჩამოუდის: რორო-ჩუ და რანიხოლა. ეს ორი მდინარე ბუნებრივ დრენაჟს ორ ნაწილად, აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად ჰყოფს.[8] ორივე მდინარე ერთმანეთს უერთდება და სამხრეთით მიედინება რანიხოლას სახით, რომელიც სინგტამთან ტეესტას უერთდება.[8] გზების დიდი ნაწილი ციცაბოა და შენობები კომპაქტურადაა აგებული მათ გასწვრივ.[9]
როგორც სიკიმის დიდი ნაწილი, განგტოკის ტერიტორიაც წინაკამბრიული ქანებითაა აგებული, რომელიც ფილიტსა და კრისტალურ ფიქლებს შეიცავს. სწორედ ამიტომ, ფერდობებზე ხშირია მეწყერები.[10] ბუნებრივი ნაკადების მდინარეული ჩამონადენი და ანთროპოგენური დრენაჟი მეწყერების რისკს კიდევ უფრო ზრდის. ინდური სტანდარტების ბიუროს მონაცემებით, ქალაქი IV სეისმურ ზონაშია მოქცეული. განგტოკი ინდოეთის ფილისა და ევრაზიის ფილის ტექტონიკურ ზონაშია, რის გამოც ხშირია მიწისძვრები. ქალაქიდან მსოფლიოში მესამე უმაღლესი მწვერვალის, კანჩენჯანგას (8 598 მ) დანახვაა შესაძლებელი. ციცაბო ფერდობები და მეწყერებისადმი მოწყვლადობა, ფართო ტყეები და ტერიტორიებზე არასათანადო წვდომა ქალაქის ბუნებრივი და დაბალანსებული ზრდის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორებია.[8]
განგტოკის ირგვლივ ხშირი ტყიანი რეგიონებია. ჭარბობს ზომიერი, ფოთოლცვენია ხეების ტყეები, როგორებიცაა: მუხა, ვერხვი, არყი და თელა. ქალაქის ირგვლივ ხარობს ალპური კლიმატური ზონისთვის დამახასიათებელი მარდამწვანე და წიწვოვანი ხეებიც.[10] გავრცელებულია ორქეიდეაც. უხვად გვხვდება ბამბუკიც. ქალაქის დაბალ ნაწილში ვეგეტაცია ალპურიდან ზომიერ ფოთლოვან და სუბტროპიკულამდე იცვლება.[10] ყვავილები, როგორებიცაა: მზესუმზირა, ხავერდა და სხვ. ნოემბერ-დეკემბერში ყვავის.
ჰავის მონაცემები — განგტოკი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წლიური |
რეკორდულად მაღალი °C | 19.9 | 22.0 | 27.6 | 27.3 | 28.5 | 28.4 | 28.4 | 29.9 | 28.5 | 27.2 | 25.5 | 24.0 | 29.9 |
საშუალო მაქსიმალური °C | 16.4 | 18.0 | 22.7 | 24.0 | 25.0 | 25.2 | 25.0 | 26.0 | 25.3 | 24.0 | 20.6 | 17.4 | 26.8 |
საშუალო მაღალი °C | 12.3 | 13.8 | 17.5 | 20.5 | 21.4 | 22.0 | 21.6 | 22.2 | 21.4 | 20.4 | 17.1 | 13.9 | 18.7 |
საშუალო დაბალი °C | 4.7 | 6.1 | 9.2 | 11.8 | 14.0 | 16.4 | 17.0 | 16.9 | 15.9 | 12.8 | 9.1 | 6.2 | 11.7 |
საშუალო მინიმალური °C | 1.8 | 2.7 | 5.5 | 8.2 | 11.0 | 14.0 | 15.6 | 15.4 | 13.7 | 9.9 | 6.6 | 3.3 | 1.3 |
რეკორდულად დაბალი °C | −2.2 | −1.1 | 1.4 | 2.9 | 6.6 | 10.0 | 11.3 | 10.8 | 7.7 | 4.3 | 2.4 | −1.7 | −2.2 |
წვიმის საშუალო რაოდენობა (მმ) | 27.1 | 72.2 | 126.4 | 296.9 | 496.4 | 609.8 | 626.3 | 565.9 | 438.7 | 173.4 | 37.9 | 19.5 | 3 490,4 |
წვიმიანი დღეები საშუალოდ | 2.4 | 5.4 | 9.2 | 15.2 | 20.1 | 23.6 | 27.0 | 24.7 | 20.8 | 8.4 | 2.3 | 1.7 | 161.0 |
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) ) | 77 | 78 | 76 | 78 | 85 | 89 | 92 | 92 | 90 | 83 | 79 | 77 | 83 |
წყარო: India Meteorological Department[11][12][13] |
2011 წლის აღწერის მიხედვით, განგტოკის მუნიციპალური კორპორაციის მოსახლეობა 98 658 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის 53% კაცია, ხოლო 47% ― ქალი. აღმოსავლეთ სიკიმის ოლქის განგტოკის ქვედანაყოფის მოსახლეობა 281 293 ადამიანს უტოლდება, ხოლო წერა-კითხვის ცოდნის დონე 82.17%-ია, რაც საშუალო ეროვნულ მაჩვენებელს (74%) აღემატება. მამაკაცებს შორის წერა-კითხვის ცოდნის დონე 85.33%-ს უდრის, ხოლო ქალებს შორის ― 78.68%-ს. სიკიმის ურბანული მოსახლეობიდან განგტოკის მუნიციპალურ კორპორაციაში ურბანული მოსახლეობის წილი 55.5%-ია. განგტოკის, აღმოსავლეთ ოლქის ჩათვლით, ურბანული მოსახლეობის წილი 88%-ს უტოლდება. სიცოცხლის ხარისხი, განვითარების ტემპი, დასაქმების შესაძლებლობები და საბაზისო ინფრასტრუქტურის ხელმისწავდომობა ქალაქს სწრაფი მიგრაციის ცენტრად აქცევს. ამ მიგრაციასთან ერთად ურბანული სერვისები წნეხის ქვეშაა, რასაც კიდევ უფრო ამძაფრებს ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის არახელსაყრელი მიწის ნაკლებობა.[8]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.