From Wikipedia, the free encyclopedia
აპალაჩის პლატო (ინგლ. Appalachian Plateau) — დანაწევრებული პლატო აშშ-ში.[1] ჩრდილოეთით ესაზღვრება ადირონდაკის მთები, სამხრეთით მექსიკისპირა დაბლობი, დასავლეთით ცენტრალური ვაკეები, ხოლო აღმოსავლეთით რიჯ-ენდ-ვალის რეგიონი. აშშ-ის ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონების თვალსაზრისით, წარმოადგენს აპალაჩების პლატოს პროვინციას, რომელიც შედის აპალაჩების მთიანეთის რეგიონის შემადგენლობაში. ადმინისტრაციულად ვრცელდება ნიუ-იორკის, პენსილვანიის, ოჰაიოს, მერილენდის, დასავლეთი ვირჯინიის, ვირჯინიის, კენტუკის, ტენესის, ალაბამისა და ჯორჯიის შტატების ტერიტორიაზე. მისი სამხრეთი ნაწილი ცნობილია კამბერლენდის პლატოს სახელწოდებით.[2]
აპალაჩის პლატო | |
---|---|
აპალაჩების ზონა | |
კოორდინატები: 40° ჩ. გ. 78° დ. გ. | |
ქვეყანა | აშშ |
სიმაღლე | 150–1500 მ |
ინტენსიურადაა დანაწევრებული ოჰაიოს სისტემის მდინარეებით. პლატოს უმაღლესი ნაწილია აღმოსავლეთი კიდე. პენსილვანიაში სიმაღლე იცვლება 530–900 მ ფარგლებში და დასავლეთ ვირჯინიაში მატულობს თითქმის 1500 მ-მდე. დასავლეთი ვირჯინიიდან ტენესიმდე სიმაღლე იკლებს 900 მ-მდე და ალაბამაში ეს ნიშნული 300 მ-მდეა. პლატოს დასავლეთ მხარეს, კერძოდ, ოჰაიოში სიმაღლე 175 მ-ს აღწევს და დაახლოებით 600 მ-მდე მატულობს კენტუკიში. ჩრდილო-დასავლეთ ალაბამაში სიმაღლე იკლებს 150 მ-მდე.[3]
აპალაჩის პლატო ოდნავაა დახრილი ჩრდილო-დასავლეთისაკენ, რის გამოც იგი აღმოსავლეთ მხარესთან შედარებით მაღალია. აპალაჩის პლატო ჩამოყალიბდა პალეოზოურში. აგებულია კამბრიუმამდელი ქანებით, რომლებიც გადაფარებულია პალეოზოური ასაკის დანალექი ქანებით, — ქვიშაქვებით, თიხაფიქლებით, კირქვებითა და კონგლომერატებით.[3] აპალაჩის პლატოზე, განსაკუთრებით მისისიპური ჩესტერის სექციის კარბონატულ ქანებში ფართოდაა გავრცელებული კარსტი.[4]
პლატოს ამგებელი ქანების ფენები თითქმის ჰორიზონტალურია; ანთრაციტისა და ქვანახშირის მოპოვება დრიფტული წესით მიმდინარეობს. აპალაჩის ქვანახშირის საბადო უდიდესია აშშ-ში. სხვა მნიშვნელოვანი წიაღისეულებიდან მოიპოვება ნავთობი, ბუნებრივი აირი, რკინის მადანი და კირქვა. მის ფარგლებშია რამდენიმე ეროვნული პარკი და ტყე.[5]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.