ანგლიკანიზმი
From Wikipedia, the free encyclopedia
ანგლიკანობა (ინგლ. Anglicanism) — ქრისტიანობის ერთ-ერთი მიმდინარეობა, წარმოიშვა ინგლისური რეფორმაციის შედეგად. ანგლიკანურ ეკლესიებს გააჩნიათ განსაკუთრებული ისტორიული კავშირი ინგლისის ეკლესიასთან და მასთან გაერთიანებული არიან საერთო ღვთისმეტყველებით, ღვთისმსახურებითა და საეკლესიო სტრუქტურით. ითვლება პროტესტანტული ქრისტიანობის ყველაზე მრავალრიცხოვან მიმდინარეობად, რომელიც მსოფლიოს გარშემო აერთიანებს დაახლ. 110 მილიონ მორწმუნეს. ანგლიკანთა სიმრავლით გამოირჩევა ინგლისი, უელსი, აშშ, კანადა, ავსტრალია, ირლანდია. ანგლიკანური ეკლესია თავს განიხილავს „ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის“ წევრად.
ანგლიკანობა წარმოიშვა ინგლისში, XVI საუკუნეში, მეფე ჰენრი VIII-ის პერიოდში. მეფე ჰენრი კათოლიციზმის დამცველ პოზიციას ითავსებდა და უფლებას არ აძლევდა პროტესტანტიზმს ინგლისის მიწებზე გავრცელებულიყო, მაგრამ როცა მეფესა და პაპს შორის ურთიერთობა დაიძაბა, მეფე ჰენრი VIII-მ ინგლისის ეკლესია დამოუკიდებლად გამოაცხადა. აქედან დაედო დასაბამი ანგლიკანურ ეკლესიას.
ანგლიკანურ ეკლესიაში არსებობს სამი ფრთა: მაღალი ეკლესია (ანგლო-კათოლიციზმი — რომის კათოლიციზმთან სიახლოვითა და რიტუალის მრავალრიცხოვნობით გამოირჩევა), დაბალი ეკლესია (იგივე ევანგელიკალური ფრთა, მათთვის დამახასიათებელია რიტუალური მინიმალიზმი) და საშუალო ეკლესია (რომელიც ხიდისა და შემრიგებლის ფუნქციას ასრულებს ამ ორ ფრთას შორის).