From Wikipedia, the free encyclopedia
ანა ნევილი (ინგლ. Anne Neville; დ. 11 ივნისი 1456 - გ. 16 მარტი 1485) — ვორვიკის ერლის რიჩარდ ნევილისა (მეტსახელად მეფეების შემქმნელი) და მისი ცოლის ანა დე ბეშამპის ნაბოლარა ქალიშვილი. პირველად ცოლად გაჰყვა უელსის პრინც ედუარდ ლანკასტერს, ხოლო მეორედ დაქორწინდა ინგლისის მეფე რიჩარდ III-ზე, რითაც იგი 1483-85 წლებში ინგლისის დედოფალი გახდა.
ანა ნევილი | |
---|---|
Anne Neville | |
ინგლისის დედოფალი | |
კორონაცია: | 6 ივლისი 1483 |
მმართ. დასაწყისი: | 26 ივნისი 1483 |
მმართ. დასასრული: | 16 მარტი 1485 |
წინამორბედი: | ელიზაბეთ ვუდვილი |
მემკვიდრე: | ელისაბედ იორკელი |
სხვა წოდებები: | უელსის პრინცესა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 11 ივნისი 1456 |
დაბ. ადგილი: | ვორვიკის სასახლე, ვორვიკშირი, ინგლისი |
გარდ. თარიღი: | 16 მარტი 1485 (28 წლის) |
გარდ. ადგილი: | უესტმინსტერის სააბატო, ლონდონი, ინგლისი |
დაკრძ. ადგილი: | უესტმინსტერის სააბატო, ლონდონი, ინგლისი |
მეუღლე: |
ედუარდი, უელსის პრინცი (ქ. 1470 - გარდ. 1471) რიჩარდ III, ინგლისის მეფე (ქ. 1472) |
შვილები: | ედუარდი, უელსის პრინცი |
მამა: | რიჩარდი, ვორვიკის ერლი |
დედა: | ანა დე ბეშამპი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ნევილების ძლევამოსილი დინასტიის წარმომადგენელი, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ვარდების ომში, რომელიც ლანკასტერებსა და იორკებს შორის გვირვინისთვის იყო ატეხილი. თავიდან მამამისმა ანა მიათხოვა მეფე ჰენრი VI-ის ვაჟს, რითაც იგი მეფის მოყვარი და მოკავშირე გახდა. ამან დიდი გავლენა იქონია შემდგომში ვარდების ომის ბედის წარმართვაზე.
მას შემდეგ რაც ანას პირველი ქმარი ომში მოკლეს, იგი ცოლად გაყჰვა ინგლისის მეფე ედუარდ IV-ის უმცროს ძმას, გლოსტერის ჰერცოგ რიჩარდ იორკელს, რომელიც ანას უფროსი დის, კლარინსის ჰერცოგინია იზაბელ ნევილის მაზლი იყო. 1483 წელს მას შემდეგ რაც ედუარდ IV გარდაიცვალა, წესით ტახტზე მისი ვაჟი უნდა ასულიყო თუმცა რიჩარდმა ედუარდის შვილები დახოცა და ტახტზე ანასთან ერთად თავად ავიდა. ანასა და რიჩარდს მხოლოდ ერთი ვაჟი შეეძინათ, რომელიც 10 წლის ასაკში გარდაიცვალა, რის შემდეგაც ახალი მემკვიდრის გასაჩენად რიჩარდმა საყვარელი გაიჩინა. ამ ამბიდან სულ 5 თვეში ანა ნევილი გარდაიცვალა.
ანა ნევილი დაიბადა ვორვიკის სასახლეში, 1456 წლის 11 ივნისს. იგი იყო ვორვიკის ერლის რიჩარდ ნევილისა და ანა დე ბეშამპის ნაბოლარა ქალიშვილი. მას ჰყავდა მხოლოდ ერთი უფროსი და - იზაბელ ნევილი. მამამისი ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დიდგვაროვანი და იორკთა დინასტიის უძლიერესი მოკავშირე იყო. მისი ბაბუის და, სესილი ნევილი იყო რიჩარდ იორკელის ცოლი, რომელთა ვაჟებიც შემდგომში ინგლისის მეფეები გახდნენ.
ანამ თავისი ბავშვობა მაიდელჰემის სასახლეში გაატარა, თავის და ისაბელთან ერთად, სადაც ისინი შეხვდნენ თავიანთ მომავალ ქმრებს (თუმცა მაშინ ეს არავინ იცოდა), კლარინსის ჰერცოგ ჯორჯ იორკელსა და გლოსტერის ჰერცოგ რიჩარდ იორკელს (შემდგომში რიჩარდ III). სავარაუდოა, რომ ამ დროსაც განიხილებოდა დები ნევილების ძმებ იორკებზე დაქორწინება. 1460 წლის 30 დეკემბერს იორკის ჰერცოგი რიჩარდი დაიღუპა. ანას მამის დახმარებით მისი უფროსი ვაჟი ედუარდ IV ინგლისის მეფე გახდა 1461 წლის მარტში. 1469 წლიდან ვორვიკი მეფეს განუდგა და მის წინააღმდეგ დაიწყო ინტრიგების ხლართვა. მან თავისი უფროსი ქალიშვილი იზაბელ ნევილი მიათხოვა მეფის მეამბოხე ძმა ჯორჯ იორკელს და მათთან, ანასთან და თავის ცოლთან ერთად საფრანგეთში გაიქცა. სულ ერთ წელიწადში 1470 წელს ანა დააქორწინეს ჩამოგდებული მეფე ჰენრი VI-ისა და მეამბოხე, ბოროტი დედოფლის მარგარიტა ანჟუელის ერთად-ერთ ვაჟ ედუარდ ლანკასტერზე.
ანას მამა ედუარდ IV-ის წინააღმდეგ წავიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ მისი თქმით მეფე მთლიანად თავისი ჯადოქარი ცოლის, დედოფალ ელიზაბეთ ვუდვილის გავლენის ქვეშ იყო და ინგლისს მეფე კი არა დედოფალი მართავდა. 1469 წლიდან ცდილობდა თავისი სიძე, ედუარდის ძმა ჯორჯი აეყვანა ტახტზე, რითაც თავის ქალიშვილს დედოფლად აქცევდა. 1470 წელს ისინი ინგლისში დაბრუნდნენ და ედუარდს აუჯანყდნენ თუმცა უშედეგოდ, რის გამოც კვლავ საფრანგეთში დაბრუნდნენ. ჩამოგდებული მეფე ჰენრი VI კვლავ ლონდონის კოშკში რჩებოდა დატყვევებული, მისი ცოლი მარგარიტა ანჟუელი კი ყველაფერს აკეთებდა ქმრის და რაც მთავარია გვირგვინის დასაბრუნებლად. 1470 წელს ამბუაზის სასახლეში ანა და მარგარიტას ვაჟი, უელსის პრინცი ედუარდ ლანკასტერი დაქორწინდნენ. ამ ქორწინების მიხედვით ვორვიკის ერლი უნდა დახმარებოდა მარგარიტა ანჟუელს ქმრის განთავისუფლებაში და შემდეგ უკვე მისი ვაჟის გამეფებაში.
1470 წლის ოქტომბერში ანას მამამ შეძლო, ტახტიდან ჩამოაგდო ედუარდ IV და კვლავ ჰენრი VI გაამეფა. 1471 წლის მარტში ედუარდ IV-მ კვლად ჩამოაგდო ტახტიდან ჰენრი და თავად გამეფდა. ტახტისათვის ბრძოლა 1471 წლის 14 აპრილს კვლავ გაიმართა სადაც ედუარდმა ჰენრი დაატყვევა, ვორვიკი მოკლა, ხოლო მარგარიტა ანჟუელი ანასთან და თავის ვაჟთან ერთად ბრძოლის ველიდან გაიქცა. მეფე ჰენრი კვლავ ლონდონის კოშკში დააბრუნეს.
ამავე წლის აპრილში მარგარიტა ანჟუელი, ანასთან და თავის ვაჟთან ერთად ინგლისში დაბრუნდა და თან ჩამოიყვანა დიდი ფრანგული ჯარი. ტევკესბურის ბრძოლაში ედუარდ IV-მ ლანკასტერების ბოლო არმია სასტიკად დაამარცხა. ამ ბრძოლაში პრინცი ედუარდ ლანკასტერი მოკლეს, ანა ტყვედ ჩაიგდეს, ხოლო მარგარიტა ანჟუელი კვლავაც საფრანგეთში გაიქცა. იქიდან გამომდინარე, რომ ანა ინგლისის ერთ-ერთი უძლიერესი გვარის წარმომადგენელი იყო, მას ვერაფერი დაუშავეს და ვერც დააპატიმრეს. იგი თავის დას, იზაბელ ნევილს ჩააბარეს, რომელმაც იგი სასჯელის სახით ოთახში გამოკეთა რამდენიმე თვის მანძილზე. ამ დროს ანას დედაც, ანა დე ბეშამპიც პატიმრობაში იყო ქმრის მიერ სამშობლოს ღალატისთვის, მისი ქონება სრულად ედუარდმა მიისაკუთრა. ანა დე ბეშამპი თავის ქალიშვილებს როგორმე განთავისუფლებას და ქონების აღდგენას სთხოვდათ, თუმცა უშედეგოდ, მათ დედის დახმარება არ მოისურვეს.
დაქვრივებული ანა ნევილი, თავისი დის იზაბელ ნევილისა და მისი ქმრის ჯორჯ იორკელის ტყვეობაში იმყოფებოდა. ჯორჯთან ამ საკითხზე დავა ჰქონდა მის ძმას, გლოსტერის ჰერცოგ რიჩარდ იორკელს. თუმცა ისაბელს მისი გაშვება და გათხოვება არ სურდა, რადგან თუკი ანა გასათხოვარი მოკვდებოდა მთელი მათი მშობლების მემკვიდრეობა ისაბელს დარჩებოდა. ამიტომაც ისაბელი და ჯორჯი გააფთრებით ეწინააღმდეგებოდნენ ანას გათხოვებას და მის დარწმუნებასაც კი ცდილობდნენ, რომ ასე უკეთ იქნებოდა.
როგორც საბოლოოდ გაირკვა, რიჩარდ იორკელსა და ანა ნევილს ერთმანეთი უყვარდათ და დაქორწინება სურდათ. თუმცა იმისათვის, რომ ანასა და რიჩარდს ჯორჯისგან ქორწინების ნებართვა მიეღოთ (როგორც ანას მეურვისა და რიჩარდის უფროსი ძმისგან), რიჩარდს ანას მემკვიდრეობასა და მამულებზე უარის თქმა მოუწია.
ანა ნევილისა და რიჩარდ იორკელის ქორწინების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ყველა ისტორიკოსი თანხმდება რომ საქორწინო ცერემონიალი 1472 წლის გაზაფხულზე უესტმინსტერის სააბატოს წმინდა სტეფანეს სამლოცველოში ჩატარდა. წყვილი ჩრდილოეთ ინგლისში მაიდენჰემის სასახლეში დაბინავდა იორკთან ახლოს. ქორწინების შემდეგ ანას გლოსტერის ჰერცოგინია ეწოდა. ანასა და რიჩარდს მხოლოდ ერთი ვაჟი ჰყავდათ, რომელიც 1473 წლის შუა რიცხვებში დაიბადა და მეფის პატივსაცემად ედუარდი დაარქვეს. ანას დედა, ანა დე ბეშამპი რიჩარდის ბრძანებით გაანთავისუფლეს, აღუდგინეს ქონება და წოდება და თავის ქალიშვილთან და სიძესთან, ანასთან და რიჩარდთან დაბინავდა. ამის გამო ანა დე ბეშამპმა მთელი თავისი ქონება ანასა და მის ქმარს დაუტოვა.
1478 წელს დედის გარდაცვალების შემდეგ ანამ მემკვიდრეობით ჩრდილოეთში მდებარე გლემორგანის სალორდო მიიღო. ამ დროს ჯორჯ იორკელმა და იზაბელ ნევილმა რიჩარდს მემკვიდრეობასთან დაკავშირებით თავისი პირობა შეახსენეს. რიჩარდმაც გლემორანგანი იზაბელ ნევილს დაუთმო. ამ დროში გათხოვილ ქალს არ შეეძლო საკუთარი ქონებისა და მემკვიდრეობის ქონა, რის გამოც სალორდო მის ქმარს ჯორჯს გადაეცა. 1478 წელსვე იზაბელ ნევილი გარდაიცვალა, ხოლო ჯორჯი მეფე ედუარდმა ღალატისთვის სიკვდილით დასაჯა და ღვინის კასრში დაახრჩობინათ. ამის შემდეგ გლემორგანის სალორდო კვლავ ანასა და რიჩარდს გადაეცათ, მათი სიკვდილის შემდეგ კი ამ მიწას მეფე ჰენრი VII დაეპატრონა.
1483 წლის 9 აპრილს მეფე ედუარდ IV გარდაიცვალა, მან მემკვიდრედ თავისი ვაჟი, 12 წლის ედუარდ V, ხოლო მის რეგენტად თავისი ძმა, ანას ქმარი რიჩარდი დაასახელა. თუმცა რიჩარდმა თავისი გარდაცვლილი ძმის იმედები არ გაამართლა. 1483 წლის 25 ივნისს რიჩარდმა ედუარდ IV-ისა და ელიზაბეთ ვუდვილის ქორწინება უკანონოდ სცნო (ვინაიდან ისინი მალულად დაქორწინდნენ პაპის ნებართვის გარეშე), ხოლო მათი ვაჟი ედუარდ V ბასტარდად გამოაცხადა და პარლამენტის თანხმობით ტახტიდან ჩამოაგდო. ამის შემდეგ მეფე თავად რიჩარდ III გახდა, ხოლო ანა ინგლისის დედოფლად იქცა. 1483 წლის 14 ივლისს ანა ნევილი და რიჩარდ III ინგლისის მეფე-დედოფლად ეკურთხნენ უესტმინსტერში. ბოლო 175 წლის მანძილზე ეს იყო პირველი ერთობლივი კორონაცია. მეფესა და დედოფალს ყველამ ერთგულება შეჰფიცა, რაც ისტორიკოსთა თქმით კარგ სპექტაკლს ჰგავს, რადგან იმ დღიდანვე დაიწყო მათ წინააღმდეგ ინტრიგების ხლართვა. განსაკუთრებით აქტიურობდა ჰენრი ტიუდორის დედა მარგარეტ ბეფორტი, რომელსაც მისი ვაჟის ტახტზე დასმა სურდა, რაც საბოლოოდ გამოუვიდა კიდეც. რიჩარდისა და ანას ვაჟი, ედუარდ იორკელი 1483 წლის 8 სექტემბერს უელსის პრინცად ეკურთხა .
ანა მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა იყო, ბავშვის გაჩენა აღარ შეეძლო.
1484 წლის აპრილში ანასა და რიჩარდის ერთად-ერთი ვაჟი ედუარდ იორკელი 10 წლის ასაკში გარდაიცვალა. რიჩარდიც და ანაც ამ ამბავმა ძალიან დაამწუხრა. მეფეს მის გარდა სხვა მემკვიდრე არ ჰყავდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ რიჩარდთან ერთად იორკის დინასტიაც მოკვდებოდა. ამ ამბავმა დამღუპველად იმოქმედა ანაზე, რომელიც დარდისაგან მძიმედ დასნეულდა.
ანა ნევილი გარდაიცვალა 1485 წლის 16 მარტს ტუბერკულოზით, უესტმინსტერის სააბატოში. იმ დღეს როდესაც იგი გარდაიცვალა მზის დაბნელება მოხდა, ხოლო როცა რიჩარდი ჩალოგინებულ ანასთან ამის მოსათხრობად შევიდა გარდაცვლილი დახვდა. დედოფალი ანა დაკრძალეს უესტმინსტერის სააბატოში. როგორც მემატიანეები წერენ მისი დაკრძალვისას რიჩარდ III ცხარე ცრემლით ტიროდა. ამის მიუხედავად დადიოდა ხმები, რომ ანა სწორედ რიჩარდმა მოწამლა, რათა ცოლად თავისი ძმის შვილი ელისაბედ იორკელი შეერთო, რომელთანაც მას რომანი ჰქონდა.
1485 წლის 30 მარტს რიჩარდი წმინდა იოანეს საავადმყოფოსთან ლორდთა ასამბლეის წინაშე სიტყვით გამოვიდა, რითაც მან დაატასტურა, რომ ანა მისი მოწამლული არ იყო და არც ელისაბედზე აპირებდა დაქორწინებას. როგორც მემატიანეები იუწყებიან მიმართვისას რიჩარდი ხმამაღლა და მკაფიოდ ამბობდა სათქმელს და ამასთან მის სიტყვებში ჩანდა მწუხარება და ასევე უკმაყოფილებაც, ზემოთ ხსენებული ეჭვების და ბრალდებების გამო. არ არსებობს ეჭვი, რომ მეუღლის გარდაცვალებით გამოწვეული რიჩარდის უდიდესი სევდა ხელოვნური იყო. თუმცა ასევე პორტუგალიის სამეფო არქივის გახსნის შემდეგ დადასტურდა, რომ რიჩარდს სევდა მალე გაუქარწყლდა. ამ არქივში ნაპოვნი იქნა წერილები, რომლებშიც რიჩარდი ითხოვს პორტუგალიის მეფის დის პრინცესა ჟუანა ავისზე ქორწინებას, ხოლო ამავდროულად პრინცესა ელისაბედ იორკელს ათხოვებს პორტუგალიის პრინც ემანუელ ავისზე (მომავალში ემანუელ I).
1960 წელს გაიხსნა ანა ნევილის მემორიალი, რომელზეც დგას ბრინჯაოსგან დამზადებული ანას ქანდაკება. ზემოთ ხსენებული მემორიალი გახსნა რიჩარდ III-ის სახელობის საზოგადოებამ.
წინამორბედი: ჯოან კენტელი |
უელსის პრინცესა 1470—1471 |
შემდეგი: კატალინა არაგონელი |
წინამორბედი: ელიზაბეთ ვუდვილი |
ინგლისის დედოფალი და ირლანდიის ლედი 1483—1485 |
შემდეგი: ელისაბედ იორკელი |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.