From Wikipedia, the free encyclopedia
ანა კვიპროსელი (დ. 24 სექტემბერი 1418, ნიქოზია, კვიპროსი — გ. 11 ნოემბერი 1462, ჟენევა, შვეიცარია) — კვიპროსის მეფე იანუსისა და მისი მეუღლის, დედოფალ შარლოტა დე ბურბონის ასული. სავოიის ჰერცოგინია 1434-1462 წლებში როგორც ლუის I-ის მეუღლე.
ანა კვიპროსელი | |
---|---|
სავოიის ჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 7 ნოემბერი 1434 |
მმართ. დასასრული: | 11 ნოემბერი 1462 |
წინამორბედი: | მარია ბურგუნდიელი |
მემკვიდრე: | იოლანდე ფრანგი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 24 სექტემბერი 1418 |
დაბ. ადგილი: | ნიქოზია, კვიპროსის სამეფო |
გარდ. თარიღი: | 11 ნოემბერი 1462, (44 წლის) |
გარდ. ადგილი: | ჟენევა, შვეიცარიის კანტონები |
მეუღლე: | ლუისი, სავოიის ჰერცოგი |
დინასტია: | პუატიე-ლუსიგნანი |
მამა: | იანუსი, კვიპროსის მეფე |
დედა: | შარლოტ დე ბურბონი |
რელიგია: | ჯერ მართლმადიდებლობა, შემდეგ კათოლიციზმი |
ანა დაიბადა 1418 წლის 24 სექტემბერს კვიპროსის სამეფოში. მისი მშობლები იყვნენ კვიპროსის მეფე იანუსი და მისი ცოლი, დედოფალი შარლოტა დე ბურბონი. ცნობები ანას ბავშვობისა და აღზრდის შესახებ არ არსებობს.
1431 წლის 9 აგვისტოს კვიპროსსა და სავოიას შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ანა ცოლად მიჰყვებოდა სავოიის ჰერცოგ ამადეო VIII-ის ვაჟს, პიემონტის პრინც ამადეოს (იგივე ანტიპაპი ფელიქს V), თუმცა ხელშეკრულების დადებიდან ოც დღეში, 29 აგვისტოს ამადეო გარდაიცვალა.
ამ ამბიდან ხუთი თვის შემდეგ, 1432 წლის 1 იანვარს ხელი მოეწერა ახალ საქორწინო ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ანა ცოლად მიჰყვებოდა ამადეოს უმცროს ძმას, სავოიის ტახტის ახალ მემკვიდრეს ლუისს. ანას და ლუისის ქორწილი ორი წლის შემდეგ, 1434 წლის 7 ნოემბერს შედგა. მისმა მამამთილმა, ჰერცოგმა ამადეო VIII-მ ტახტი თავისი ვაჟის სასარგებლოდ დათმო, რითაც ლუისი სავოიის ჰერცოგი გახდა. 1440 წელს კი ამადეო ანტიპაპად აირჩიეს.
ანას მეუღლეს პოეზია უფრო მოსწონდა ვიდრე თავისი ქვეყნის მართვა, თუმცა ცოლთან ძალიან თბილი, მოსიყვარულე და ერთგული იყო. შესაძლოა ითქვას, რომ ლუისმა თავისი საშინელი პოლიტიკით კინაღამ დაღუპა მამამისის ხელით შექმნილი სავოია. ლუისი განსაკუთრებულ პრივილეგიებს ანიჭებდათ კვიპროსელ დიდგვაროვნებს. მათთან ხშირად მართავდა დიდ ნადიმებსა და სხვა გასართობ ღონისძიებებს, რითაც უცხოელებსა და თავის ცოლს თავს აწონებდა. კვიპროსელი სტუმრები გააოცა სავოიურმა ციხესიმაგრეებმა და ღონისძიებების ორგანიზებულობამ. ლუისმა მათთვის უამრავი ძვირფასი საჩუქრის მიძღვნა გადაწყვიტა, რის გამოც მან გადასახადები გაზარდა. ცხადია ამას მოჰყვა მთელი სავოიის მასშტაბით როგორც გლეხების, ისე არისტოკრატების საშინელი განრისხება.
ქმრის ვალების გასასტუმრებლად, ანამ თავისი ერთ-ერთი შუათანა ქალიშვილის, პრინცესა შარლოტას საფრანგეთის მეფე ლუი XI-თვის მითხოვება განიზრახა. 1451 წელს 10 წლის შარლოტა მიათხოვეს უკვე დაქვრივებულ ლუის, რის შემდეგაც შარლოტა საფრანგეთის დედოფალი გახდა. ფრანგებმა ამისათვის დიდძალი ფულადი და სამხედრო დახმარება გაუწიეს სავოიას.
1452 წელს ანამ შეძლო და რომის პაპისაგან გამოისყიდა რამდენიმე დაკავებული სავოიური ქალაქი. წლების შემდეგ პაპ პავლე II-ის კურთხევით ანამ თავის უფროს ვაჟს, პრინც ამადეოს ცოლად შერთო საფრანგეთის პრინცესა, ლუი XI-ის და იოლანდე ფრანგი. რითაც ცხადია უფრო გაამყარა სავოიის მდგომარეობა ევროპაში. ამის შემდეგ სავოიამ ცოტაოდენი ძლევამოსილება მოიკრიბა და რამდენიმე ციხესიმაგრე დაიპყრო ჩრდილო იტალიაში. იგი ასევე ხელს უწყობდა სავოიაში ეკლესია-მონასტრების მშენებლობა-რესტავრაციას, რის გამოც პაპთან ურთიერთობა განსაკუთრებით დაუთბა.
ანა კვიპროსელი გარდაიცვალა 1462 წლის 11 ნოემბერს ჟენევაში, 44 წლის ასაკში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.