ალ-კაიდა არ არის ერთიანი სტრუქტურის მქონე ორგანიზაცია. ის უფრო ნაკრებია საერთაშორისო მასშტაბით მოქმედი ისლამისტური ტერორისტული ჯგუფებისა, რომელთაც ნაწილობრივ საერთო მიზნები ამოძრავებენ. ეს ჯგუფები დეცენტრალიზებული ქსელის სტრუქტურის მქონეები არიან და ერთმანეთთან უმრავლეს შემთხვევაში მხოლოდ მეთაურთა პირადი კონტაქტებით არიან დაკავშირებულნი. ჯგუფებს არ გააჩნიათ იერარქიული მმართველობა. მათ ბელადად ჯერ კიდევ საუდის არაბეთში დაბადებული ოსამა ბინ ლადენი ითვლება.
ბევრი სპეციალისტის აზრით ალ-კაიდას არ გააჩნია ერთი ლიდერი, არამედ ამ სახელის ქვეშ მოაზრებულ ყველა ორგანიზაციას თავისი ლიდერი ჰყავს, რომლებიც სხვა ლიდერებზე ნომინალურად დამოკიდებულები ან სულაც დამოუკიდებელნი არიან. ასე რომ ალ-კაიდა შეიძლება ითქვას უფრო იდეაა, ვიდრე სტრუქტურირებული ორგანიზაცია. ამის დასადასტურებლად ექსპერტებს შემდეგი სახის ფაქტორები მოჰყავთ:
ყველა ვინც შეძლებს ფუნდამენტალურ-ისლამისტური ტერორისტული ჯგუფის ჩამოყალიბებას შეიძლება ალ-კაიდას წევრად ჩაითვალოს.
წევრობისათვის საჭიროა პიროვნებამ ან ჯგუფმა ჩაატაროს წარმატებული ტერაქტი.
ალ-კაიდას არ გააჩნია წევრთა სია.
ალ-კაიდა არ იცნობს რაიმე სახის შეზღუდვებს ტერაქტების მიზნების დასახელების დროს.
ალ-კაიდაზე მიკუთვნებული ტერაქტები ერთმანეთისაგან განსხვავდებოდნენ ხარისხითა და შესრულების სტილით.
მაგალითად ალ-კაიდას ყველაზე წარმატებულ ოპერაციად ითვლება 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტები აშშ-ში, მაშინ როცა იემენში ორი ექიმის მოკვლა წარმატებად ვერ ჩაითვლება. სახელი ალ-კაიდა ერაყის ომის დაწყების შემდეგ დასავლეთის ქვეყნებში და აშშ-ში გადაიქცა ბოროტების, მტრის ისეთ სინონიმად, როგორც იყო კომუნისტი ცივი ომის პერიოდში.
ალ-კაიდას გააჩნია როგორც ლეგალური და ისე არალეგალური დაფინანსების წყაროები.
ალ-კაიდას საიდუმლოდ აფინანსებენ ისეთი სახელმწიფოები, როგორებიცაა სუდანი, პაკისტანი და ირანი.
სავარაუდოდ ალ-კაიდას ქონება შეადგენს დაახლოებით ხუთ მილიარდ დოლარს. ალ-კაიდასათვის ტერაქტების ჩატარებისათვის საჭირო ფინანსური საშუალებები რომ გადაეკეტა აშშ-ის მთავრობამ მსოფლიოს ქვეყნებს მიმართა თხოვნით გაეყინათ ორგანიზაციის ლეგალური თუ არალეგალური საბანკო ანგარიშები.
იმ მთავრობათა რეჟიმების დამხობა, რომლებიც ალ-კაიდას მიზნებს არ შეესაბამებიან. ეს, უპირველეს ყოვლისა, ეხებათ არაბულ ქვეყნებს, სადაც ალ-კაიდას მიხედვით მხოლოდ მართლმორწმუნეები უნდა ცხოვრობდნენ და საღმრთო რეჟიმი უნდა ბატონობდეს.