![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/d7/Snow_Leopard_in_Ladakh%2528_Photo_by_Tashi_Lonchay%2529.jpg/640px-Snow_Leopard_in_Ladakh%2528_Photo_by_Tashi_Lonchay%2529.jpg&w=640&q=50)
აგრესიული მიმიკრია
From Wikipedia, the free encyclopedia
აგრესიული მიმიკრია — მიმიკრიის ფორმა, რომელსაც მტაცებლები, პარაზიტები და პარაზიტოიდები იყენებენ. აგრეიული მიმიკრიის დროს გამოყენებული სიგნალები მტაცებლებს, პარაზიტებსა და პარაზიტოიდებს ნადავლის ხელში ჩაგდების შესაძლებლობას აძლევს ისე, რომ მსხვერპლი ან მასპინძელი მათ ზუსტ იდენტიფიცირებას ვერ ახდენს. ზოოლოგები ამ სტრატეგიას ხშირად „მგელი ცხვრის ტყავში“ იდიომას ადარებენ. აგრესიული მიმიკრია ექსპლუატაციის სხვადასხვა ფორმას მოიცავს. მიმიკრიის ამ ფორმას ზოგჯერ პეკჰემის მიმიკრიას უწოდებენ (ჯორჯ და ელიზაბეთ პეკჰემების პატივსაცემად), მაგრამ შედარებით იშვიათად გამოიყენება.[1][2][3] „მგელი ცხვრის ტყავში“ მეტაფორა გამოიყენება როგორც ანალოგია, მაგრამ მიმიკრიის ეს ფორმა წინასწარგანზრახვით ნადავლის ხელში ჩაგდებისკენ არ არის მიმართული. მაგალითად, ავსტრალიელი აბორიგენების მიერ კენგურუების ფორმაში გამოწყობა ამ უკანასკნელებზე სანადიროდ აგრესიულ მიმიკრიად არ ითვლება. მსგავსი სტრატეგია თვითმორთვად კამუფლაჟს უფრო წარმოადგენს. მართალია აგრესიულ მიმიკრიას მოლეკულური მიმიკრიისგან განასხვავებენ, მაგრამ მიმიკრიის ამ ორ ფორმას ბევრი საერთი აქვს.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/d7/Snow_Leopard_in_Ladakh%28_Photo_by_Tashi_Lonchay%29.jpg/320px-Snow_Leopard_in_Ladakh%28_Photo_by_Tashi_Lonchay%29.jpg)
აგრესიული მიმიკრია თავდაცვითი მიმიკრიის საპირისპირო ფორმაა. თავდაცვითი მიმიკრიის გამოყენებისას სახეობები მტაცებლებისგან თავის დაცვას ცდილობენ. აგრესიული მიმიკრიისას სახეობები ნადავლს ან იმ ორგანიზმებს ემსგავსებიან, რომლებიც მსხვერპლის მიერ საშიშად არ აღიქმება. აგრესიული მიმიკრიის დროს მტაცებლები ხშირად ისეთ სიგნალებს იყენებენ, რომლითაც მათი პოტენციური მსხვერპლი მათკენ გადაადგილდება. ამ სტრატეგიის გამოყენებისას მტაცებლები მხოლოდ ელიან თავიანთ მსხვერპლს. მხედველობით/გამოსახულებით სისტემაში აგრესიულ მიმიკრიასა და კამუფლაჟს შორის განსხვავება ზუსტი არაა. ისეთი ავტორები, როგორიცაა უიკლერი, ყურადღებას ამახვილებენ იმ სიგნალზე, რომელსაც მსხვერპლი იღებს.[3]