From Wikipedia, the free encyclopedia
ყაბარდო-ბალყარეთის ისტორია — მოიცავს რუსეთის ფედერაციაში, ჩრდილოეთ კავკასიაში მდებარე ყაბარდო-ბალყარეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და მის შექმნამდე ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნოსების ისტორიას.
კავკასიის სხვა ნაწილების მსგავსად, თანამედროვე ყაბარდო-ბალყარეთის ტერიტორიებზე ადამიანთა დასახლებები ათასობით წლის წინ გაჩნდა. მიუხედავად ამისა, მათი ისტორია და ცხოვრების წესი დღემდე ბუნდოვანია.
ცნობილია, რომ პროტო-ყაბარდოელები, რომლებიც კასოგების სახელით იყვნენ ცნობილები, ამ ტერიტორიებზე უკვე IX საუკუნეში ბინადრობდნენ, რაზეც ცნობებს არაბი მოგზაური ალ-მასუდი გვაწვდის. ამ დროის ბალყარელები ალანიის ნაწილს წარმოადგენდნენ, როგორც სამეფოს განაპირას მცხოვრები ტომები, რომლებმაც მონღოლთა ტომების შემოსევისას დატოვეს მშობლიური მხარე და გადასახლდნენ ვაინახის დაბლობებზე, სადაც ძლიერი თურქული გავლენის შედეგად შეიცვალეს ტრადიციათა ნაწილი და ენა. ამასთან, ისინი გენეტიკურად მჭიდროდ არიან დაკავშირებულები ჩეჩნებთან და ინგუშებთან[1].
1242-1295 წლებში რეგიონი მონღოლთა გავლენის სფეროში მოექცა, 1295-1505 წლებში კი იგი ქართველთა ხელში იყო, მანამ, სანამ ამ მიწებზე 1502 წლიდან სპარსელები დაიწყებდნენ ბატონობას. 1517 წლიდან, ჩალდირანის ბრძოლის შემდეგ, მთელი ეს მხარე ოსმალეთის იმპერიის დაქვემდებარებაში შედის 1557 წლამდე. 1557 წლიდან იგი მოძლიერებულ რუსულ სახელმწიფოს: მოსკოვის სამთავროს ემორჩილება, შემდეგ კი რუსეთის იმპერიის პროტექტორატშიც შედის.
1739 წელს ყაბარდიის სამთავრომ სრულ დამოუკიდებლობას მიაღწია, თუმცა 1774 წელს ქუჩუკ-კაინარჯის ხელშეკრულებით იგი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. 1827 წელს განხორციელდა ბალყარეთის ანექსიაც. რუსებმა რეგიონში მთელი რიგი ციხესიმაგრეები და ქალაქები დააარსეს, მათ შორის ყაბარდო-ბალყარეთის დღევანდელი დედაქალაქი ნალჩიკიც. მალევე რეგიონში დაიწყო რუსების, უმეტესად კი კაზაკური წარმომავლობის რუსების აქტიური ჩასახლება.
რუსეთის სამოქალაქო ომის დროს ყაბარდო-ბალყარეთი ანტიკომუნისტური სამხრეთ-აღმოსავლეთ ლიგის (1917-1918) ნაწილი გახდა. 1921 წელს იგი მიუერთდა მთიელთა სახალხო ავტონომიურ რესპუბლიკას. 1921 წლის 1 სექტემბერს, საბჭოთა კავშირის შექმნით ტერიტორიები ყაბარდიის ავტონომიურ მხარედ გადაკეთდა. მომდევნო წელს რეგიონს ყაბარდო-ბალყარეთის ავტონომიური რეგიონი ეწოდა, 1936 წლის 5 დეკემბრიდან კი მას სტატუსი შეეცვალა და გახდა ყაბარდო-ბალყარეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა.
1944 წელს სსრკ-ს ლიდერმა იოსებ სტალინმა ბალყარელებს ცილი დასწამა ნაცისტურ გერმანიასთან მოკავშირეობასა და თანამშრომლობაში, რის გამოც თითქმის მთელი მათი მოსახლეობა გადაასახლა. ამის შემდეგ თითქმის მთლიანად წაიშალა კავკასიაში მათი კვალი. ბალყარელებს მშობლიურ მიწაზე დაბრუნების უფლება მხოლოდ 1957 წელს დართეს, რის შემდეგაც აღდგა ომამდელი ვითარება.
1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლით ყაბარდო-ბალყარეთი სრულუფლებიანი რესპუბლიკა გახდა. 1992 წლის მარტში იგი რუსეთის ფედერაციის შემადგენელ ერთ-ერთ ავტონომიურ რესპუბლიკად იქცა.
რესპუბლიკის ეკონომიკა ძლიერად დაზარალდა საბჭოთა კავშირის დაშლით, რაც კიდევ უფრო გაუარესდა მეზობელ საქართველოსა და ახლომდებარე ჩეჩნეთში წამოწყებული ომებით. მიმდინარე კონფლიქტებმა მთელ რეგიონში ტურისტული კოლაფსი გამოიწვია, რაც უარყოფითად აისახა რესპუბლიკათა ეკონომიკებზე. ამ დროისათვის ყაბარდო-ბალყარეთში უმუშევრობის დონემ 90%-ს მიაღწია. ამან რესპუბლიკის მუსლიმი მოსახლეობის რადიკალიზაცია გამოიწვია.
2005 წლის ოქტომბერში ყაბარდო-ბალყარეთის დედაქალაქ ნალჩიკში ჩეჩენი ბოევიკების თავდასხმას ბრძოლა მოჰყვა.
1994 წლის 1 ივლისს ყაბარდო-ბალყარეთი გახდა მეორე რესპუბლიკა თათარსტანის შემდეგ, რომელმაც ხელი მოაწერა ძალაუფლების ფედერაციის ცენტრალურ მთავრობასთან გაზიარების შეთანხმებას, რაც მას ავტონომიას ანიჭებდა[2]. ეს შეთანხმება 2002 წლის 8 აგვისტოს გაუქმდა[3].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.