სამხრეთი პაპუა (სამხრეთ პაპუის პროვინცია; ინდონ. Provinsi Papua Selatan) ― ინდონეზიის პროვინცია. მდებარეობს დასავლეთ ახალი გვინეის სამხრეთ ნაწილში. ოფიციალურად დაარსდა 2022 წლის 11 ნოემბერს. მოიცავს ყოფილი პაპუის პროვინციის ოთხ ყველაზე სამხრეთ სარეგენტოს, რომლებიც 2002 წლის 11 დეკემბრამდე უფრო დიდი, მერაუკეს სარეგენტოს შემადგენლობაში შედიოდა. პროვინციის ფართობი 117 849.16 კმ²-ია. 2022 წლის აღწერის მიხედვით, პროვინციის მოსახლეობა 522 215 აადამიანს შეადგენს. ამ მაჩვენებლით იგი ბოლო ადგილზეა ინდონეზიის პროვინციებს შორის.
ადმინისტრაციული ერთეული | ||
---|---|---|
სამხრეთი პაპუა | ||
ქვეყანა | ინდონეზია | |
ადმ. ცენტრი | Salor Indah | |
შიდა დაყოფა | Merauke, Asmat, Boven Digoel და Mappi | |
კოორდინატები | 6°30′00″ ს. გ. 139°30′00″ ა. გ. | |
მმართველი | Apolo Safanpo | |
დაარსდა | 25 ივლისი, 2022 | |
|
პროვინციას აღმოსავლეთიდან პაპუა-ახალი გვინეა ესაზღვრება, ჩრდილოეთიდან ― პაპუა-პეგუნუნგანი, ხოლო ჩრდილო-დასავლეთიდან ― ცენტრალური პაპუა. პროვინციის სამხრეთითა და დასავლეთით არაფურის ზღვა მდებარეობს, რომელიც ავსტრალიასთან საზღვაო საზღვარსაც წარმოადგენს. პროვინცია მოიცავს პაპუელთა საბაჟო რეგიონ ანიმ-ჰასაც.[1] სამხრეთ პაპუის ეკონომიკური ცენტრია მერაუკე, ხოლო დედაქალაქი სალორი კურიკის რაიონში, მერაუკეს სარეგენტოში, ეკონომიკური ცენტრიდან 60 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.[2]
ისტორია
ევროპელთა ჩასვლამდე სამხრეთ პაპუის ჭარბტენიანი ტერიტორია ადგილობრივი ტომების სამკვიდროს წარმოადგენდა. აბორიგენებს მიეკუთვნებიან: ასმატები, ამრინდები და ვამბონები, რომლებიც დღემდე ინარჩუნებენ წინაპართა ტრადიციებს. მარინდების ტომის წარმომადგენლები, რომლებსაც მალინდებადაც მოიხსენიებენ, მერაუკეს რეგიონში მდინარეების მახლობლად ჯგუფებად ცხოვრობდნენ. ნადირობით, შემგროვებლობითა და ფერმერობით ირჩენდნენ თავს. გარდა ამისა, მარინდების ტომი თავებზე მონადირეობით იყო ცნობილი. ისინი მდინარეებში ნავებით დაცურავდნენ და შორეული დასახლებების მკვიდრებზე ნადირობდნენ. მსხვერპლს თავებს კვეთდნენ, რომლებიც უკან, სოფლებში მიჰქონდათ, სადაც საზეიმოდ აღნიშნავდნენ და ინახავდნენ.[3][4][5]
XIX საუკუნეში ევროპელებმა კუნძულ ახალი გვინეის კოლონიზაცია დაიწყეს. კუნძული სწორი ხაზით ორ ნაწილად გაიყო. დასავლეთი ნაწილი ნიდერლანდების ახალი გვინეის იურისდიქციის ქვეშ აღმოჩნდა, ხოლო აღმოსავლეთი ნაწილი ბრიტანეთის ახალ გვინეას მიეკუთვნა. მარინდები თავებზე სანადიროდ ხშირად კვეთდნენ საზღვარდ. 1902 წელს ნიდერლანდებმა სამხრეთ პაპუის აღმოსავლეთ კიდეში, მდინარე მაროს მახლობლად სამხედრო ბაზა დააარსა, რათა საზღვარი უკეთ დაეცვა და ეს ტრადიცია აღეკვეთა. მდებარეობიდან გამომდინარე, ბაზას მერაუკე დაერქვა. ნიდერლანდებმა მერაუკეში კათოლიკური მისიაც გაგზავნეს, რათა მათი რელიგიის გავრცელებისთვის ხელი შეეწყოთ და თავებზე ნადირობის პრაქტიკა აღეკვეთათ. ნიდერლანდების კოლონიური მმართველობის პერიოდში მერაუკეში ბრინჯის მინდვრების კულტივაციისთვის იაველები ჩაიყვანეს. მუშების შემოდინებამ ქალაქის ზრდასა და მიმდებარე რეგიონის განვითარებას შეუწყო ხელი. საბოლოოდ, იგი სამხრეთ ახალი გვინეის პროვინციის დედაქალაქი გახდა.[3][5]
1960-იან წლებში ნიდერლანდების ახალ გვინეაზე, მათ შორის, სამხრეთ ახალი გვინეის პროვინციაზეც, ინდონეზიამ დაამყარა კონტროლი. ტერიტორიის რეოგრანიზაციის შემდეგ სამხრეთ ახალი გვინეის პროვინცია მერაუკეს სარეგენტო გახდა, რომლის დედაქალაქიც მერაუკე იყო. 2002 წელს მერაუკეს სარეგენტო ოთხ სარეგენტოდ გაიყო: მერაუკეს, მაპის, ასმატისა და ბოვენ-დიგოელის სარეგენტოებად. 2022 წლის 25 ივლისს მერაუკეს სარეგენტოს ყოფილი ტერიტორია სამხრეთ პაპუის სხვა რეგიონებს შეუერთდა და ახალი პროვინცია ჩამოყალიბდა. პროვინციის სახელწოდებად „სამხრეთი პაპუა“ შეირჩა, რომელიც უარყოფით კონოტაციებს გამორიცხავს და რეგიონის მრავალფეროვან კულტურულ მემკვიდრეობას ასახავს.[6] სამხრეთ პაპუის სახელწოდება საზოგადოებამ უფრო დადებითად მიიღო, ვიდრე სხვა ახალი პროვინციების: ცენტრალური პაპუისა და პაპუა-პეგუნუნგანის სახელწოდებები.[7]
კულტურა
ახალი გვინეის ადგილობრივ მკვიდრებს გამორჩეული კულტურა და ტრადიციები აქვთ, რითიც ინდონეზიის სხვა ნაწილებისგანაც გამოირჩევიან. სანაპიროს მახლობლად მკვიდრი პაპუასები უფრო მეტად ნერგავენ თავიან ყოველდღიურ ცხოვრებაში სიახლეებს, რითიც თავიანთ კულტურასა და ტრადიციებს უფრო შორდებაინ. სანაპიროების მახლობლად მცხოვრებლებისგან განსხვავებით, კუნძულის შიდა ტერიტორიებზე მცხოვრებლები კულტურასა და ტრადიციებს მკაცრად იცავენ. პაპუასების თითოეულ ტომს საკუთარი კულტურა და ტრადიციები აქვს, რომლებიც შეიძლება ძალიან განსხვავდებოდეს მახლობლად მდებარე ტომების ტრადიციებისა და კულტურისაგან.
იხილეთ აგრეთვე
სქოლიო
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.