From Wikipedia, the free encyclopedia
პონორი, კატაბოთრა (ხორ. Ponor; სერბ. Понор — უფსკრული) — ღია ბუნებრივი ხვრელი კარსტვადი ქანების ზედაპირზე, რომელიც შთანთქავს ზედაპირულ წყალს და უშვებს მიწისქვეშა სიღრმეებში.[1] აქვს ნაპრალის, მრგვალი ჭის, არხისა და სხვა სახე. წარმოიქმნება ნაპრალებითა და კარული ჩაღრმავებებით, ამასთან, ხდება წყლის მიერ ქანის დაშლა და მექანიკური ნგრევა. თანდათან ნაპრალი ფართოვდება და ხვრელად გარდაიქმნება, ხოლო ზოგჯერ წყლის გრიგალისებური მოძრაობის შედეგად მომრგვალო ხდება. წყალი მასში დამავალი ნაკადის სახით მნიშვნელოვანი რაოდენობით ჩაედინება.[2][3]
პეტარ მილანოვიჩმა მორფოლოგიური თვალსაზრისით, მოგვცა პონორების შემდეგი კლასიფიკაცია: 1) დიდი ღრმული და მღვიმეები; 2) დიდი ნაპრალი და კავერნები; 3) ვიწრო ნაპრალების სისტემა და 4) ალუვიური პონორები.[4] აღსანიშნავია, რომ პონორების ანალოგიური ფუნქცია ყველა მიწისქვეშა ფენომენებმა შეიძლება შეითავსონ. კარსტული შახტი ჩვეულებრივ, პონორივით ფუნქციონირებს და წარმოადგენს საშუალებას სწრაფი და პირდაპირი კონტაქტისთვის ზედაპირულ წყლებსა და კარსტულ მიწისქვეშეთს შორის.[5]
პონორი, რომელიც მდინარის ფსკერზე იხსნება მთლიანად შთანთქავს წყლის მასას, მაგ., დინარის მთიანეთის მდინარეები, მდინარე გუბისწყლის მარჯვენა შენაკადი სემი წყალტუბოს კირქვულ მასივზე და სხვა. პონორი, როგორც წყალკარგვის სივრცე კარსტული ლანდშაფტის ერთ-ერთი დამახასიათებელი ფორმაა და ფართოდაა გავრცელებული ფოროვანი კირქვული ქანების ზონაში, მათ შორის საქართველოში.[6]
ჭისებრი ან ხვრელისებრი პონორის შედეგად წარმოიქმნება ძაბრისებრი პონორი, რომელიც შეიძლება კარსტულ ძაბრად გადაიქცეს. პონორი შეიძლება იყო ჰორიზონტული ან სუბჰორიზონტული; როდესაც ამგვარი ფორმები კარგავენ თავის ჰიდროგეოლოგიურ ფუნქციას წარმოიქმნება მღვიმე.[7]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.