From Wikipedia, the free encyclopedia
დონ კრისტოფორო დე კასტელი (დ. 1597 — გ. 3 ოქტომბერი, 1659) — იტალიელი მისიონერი, პატრი, თეატინელთა ორდენის წევრი. მოღვაწეობდა XVII საუკუნის პირველ ნახევარსა და შუა წლებში.
საქართველოში 1628 წელს ჩამოვიდა პატრ ანტონიო ჯარდინასა და ბერ კლაუდიოსთან ერთად. მისიონერები მივიდნენ ქალაქ გორში თეიმურაზ პირველთან, ხოლო 1634 წელს შემოქმედელი ეპისკოპოსის მაქსიმე მაჭუტაძის მიწვევით გურიაში გადავიდნენ. 1640 წელს ვახტანგ II გურიელმა ისინი განდევნა. იტალიელი მისიონერები ოდიშში ჩავიდნენ. კრისტოფორო კასტელი 1652 წელსაც საქართველოშია, შემდეგ კი იტალიაში ბრუნდება.
კასტელმა დაგვიტოვა უნიკალური ალბომი საქართველოს მოგონებებზე, რომელშიც აღწერს 1628-1654 წლებში საქართველოში არსებულ სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებას. კასტელის მიერ შეკრებილი მასალები და ადგილზე შესრულებული ჩანახატები შვიდ სქელტანიან ტომადაა შეკრული, რომელიც 500-ზე მეტ ჩანახატს შეიცავს და დაცულია ქალაქ პალერმოს კომუნალურ ბიბლიოთეკაში[1]. ქართული ისტორიის ეს ძვირფასი მასალა თეატინელების მონასტერში იყო შენახული.
კასტელის ნახატებმა ჩვენამდე, სრული სახით ვერ მოაღწია. „რომიდან ჩემს სამშობლო ქალაქ პალერმოში დაბრუნების დროს, ზღვაზე ღელვისას, წყალში გადამივარდა ერთი ტომი, რომელშიაც ყველაზე მშვენიერი სურათები მქონდა დახატული“, შენიშნავს დამწუხრებული ავტორი. როგორც მიხეილ თამარაშვილი აღნიშნავს: „სამწუხაროდ ჩვენამდე სისრულით ვერც ამ ალბომებში დაცულმა სურათებმა მოაღწიეს, რადგან შევნიშნე რომ რამდენიმე სურათი უკვე ამოჭრილი იყო. და ამგვარად, სამუდამოდ დაკარგულა ჩვენთვის. დანარჩენი სურათების მომეტებული ნაწილიც მალე დაიღუპებოდა საქართველოსათვის, უკეთუ ახლა არ მოგვესწრო და არ გადმოგვეღო, რადგან წიგნები ძალიან დაძველებულან და ხელის შეხების დროს ფურცლები იხევა, რის გამოც იძულებული გავხდი ბევრ ადგილას ფურცლები დამეწებებინა. ყველა ნახატი კალმიტაა მოხაზული, რაც აძნელებდა მათ სისრულით გადმოღებას. ამისთვის ბევრი ვიშრომე და ორგზის სიცილიაში მოგზაურობის გარდა, დიდი ხარჯი თავს ვიდე, რადგან კარგად გადმოღებისათვის საჭირო გახდა დახელოვნებული ფოტოგრაფი მოგვეწვია და ბევრი გვეშრომა, გარნა ყველაფერი დიდის სიამოვნებით ვიტვირთე, რათა საქართველოსათვის შეგვეძინა ეს ძვირფასი განძი ჩვენის წარსულისა“.
კასტელის ალბომში სულ 570 ნახატია, 100 გვერდი კი რელაციონის ტექსტს უკავია. ნახატებიდან 150 სურათი სასოფლო-სამეურნეო ცხოვრებას ეხება; 100 ქვეყნის მესვეურთა, მეფე-მთავართა და ცნობილი პირების პორტრეტებია; 150 სურათზე სხვადასხვა ეროვნების ქალთა სახეებია მოცემული; 100 სურათი პორტრეტული ხასიათისაა; ოციოდე ნახატში ასახულია შინაური და გერეული ცხოველების გამოსახულებანი; ათიოდე სურათი ფანტასტიკური ხასიათისაა; ოციოდე — ნაგებობათა ნიმუშებია. ამის გარდა კასტელის დასურათებული აქვს მისიონერული მოღვაწეობის ათიოდე სცენა.
აღნიშნული სურათების არშიებზე ქართულის ჩათვლით თერთმეტ ენაზეა შესრულებულია აღწერა, რომლებშიც ახსნილი და განმარტებულია ნახატების შინაარსი. ხშირ შემთხვევაში ავტორი არ კმაყოფილდება სურათის შინაარსის გადმოცემით და, უმეტეს შემთხვევაში, ბოლოში ურთავს შენიშვნას, ამის შესახებ დამატებითი ცნობა იხილეთ ჩემს ისტორიაშიო. კასტელის მიერ შესრულებულ ყველა ჩანახატს მისი შინაარსის გასაგებად ახსნა-განმარტება მოყვება უმეტესად იტალიურ ენაზე. ზოგიერთი სიტყვა და გამოთქმა სიცილიურ დიალექტზეა, არაიშვიათად — ლათინურზე და რამდენიმეჯერ — ბერძნულსა და თურქულზეც კი.
1977 წელს კასტელის ალბომი წინასიტყვაობითა და შენიშვნებით გამოსცა ბ. გიორგაძემ. კასტელის რელაცია, ჩანახატები და მათზე მინაწერები ძვირფას ცნობებს იძლევა XVII საუკუნის საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ისტორიისათვის.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.