From Wikipedia, the free encyclopedia
დასავლეთი გატები, სახიადრი — ქედი ინდოეთში, ინდოსტანის ნახევარკუნძულის დასავლეთ ნაწილში. დასავლეთი კალთა დეკანის ზეგნის ციცაბო ფლატეა, რომელიც საფეხურებად ეშვება არაბეთის ზღვისკენ. აღმოსავლეთი კალთა დამრეცი ვაკეებია, რომლებიც ინდოსტანის ნახევარკუნძულის შიგა რაიონებისაკენ ეშვებიან. ქედი იწყება გუჯარათისა და მაჰარაშტრის შტატების გასწვრივ, მდინარე ტაპტის სამხრეთით. გადაჭიმულია მაჰარაშტრის, გოას, კარნატაკის, ტამილნადუსა და კერალის შტატების ტერიტორიაზე, დაახლოებით 1600 კმ-ზე. ბოლო კანიაკუმარის სიხლოვესაა, ინდოსტანის სამხრეთ ნაწილში. დასავლეთი გატების ფართობის დაახლოებით 60% მოქცეულია კარნატაკის შტატში.
დასავლეთი გატები | |
---|---|
დასავლეთი გატები | |
კოორდინატები: 10°10′ ჩ. გ. 77°04′ ა. გ. | |
ქვეყანა | ინდოეთი |
უმაღლესი წერტილი | ანამუდი |
სიმაღლე | 2695 მ |
სიგრძე | 1600 კმ |
სიგანე | 100 კმ |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1342 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ფართობი 60 000 კმ². საშუალო სიმაღლეა 1200 მ. მაქსიმალური 2695 მ (მთა ანამუდი). დასავლეთ გატებზე გვხვდება ყვავილოვანი მცენარეების 5000-ზე მეტი სახეობა, გარდა ამისა ძუძუმწოვრების — 139, ფრინველების — 508 და ამფიბიების — 179 სახეობა. სახეობების უმეტესობა ენდემურია. ქედი შედის „ბიომრავალფეროვნების ცხელი ლაქები“-ს სიაში. 325 სახეობა გლობალური თვალსაზრისით გადაშენების პირას იმყოფება.[1]
დასავლეთი გატები არის დეკანის ზეგნის გამოშვერილი მხარე. მიჩნეულია, რომ ქედი ჩამოყალიბდა სუპერკონტინენტის გონდვანის დაშლის შედეგად, დაახლოებით 150 მლნ. წლის წინ. თუმცა, მაიამის უნივერსიტეტის გეოფიზიკოსების მიხედვით, ინდოეთის დასავლეთი სანაპირო ჩამოყალიბდა 100-80 მლნ. წლის წინ, მას შემდეგ, რაც იგი მადაგასკარს მოსწყდა. ხოლო დაშლის შედეგად, ინდოეთის დასავლეთ სანაპიროზე წარმოიქმნა დაახლოებით 1000 მ სიმაღლის ფრიალო ამაღლებები.[2] ბაზალტი მთავარი ამგებელი ქანია, რომელიც 3 კმ-მდე სიღრმემდე ვრცელდება. ჩარნოკიტი, გრანიტული გნაისები, გრანულიტები და სხვ. ქანები აგრეთვე აგებენ დასავლეთი გატების მთებს. სამხრეთ ბორცვნალებში გაბატონებულია ლატერიტები და ბოქსიტები.
დაყოფილია განივი ტექტონიკური ხეობებით, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებს მალაბარის სანაპიროსა და დეკანის ზეგანს. არის ტბები და წყალსაცავები. ინდოეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყალგამყოფია. მდინარეებიდან მნიშვნელოვანია: გოდავარი (სიგრძე 1465 კმ), კრიშნა (სიგრძე 1300 კმ) და კავერი (სიგრძე 760 კმ), რომლებიც უმეტესწილად აღმოსავლეთისაკენ მიედინებიან და ბენგალის ყურეს ერთვიან.
ჰავა სუბეკვატორული, მუსონურია. ზღვის დონიდან 1500-2000 მ-მდე ზომიერი კლიმატია. საშუალო წლიური ტემპერატურა უდრის 15 °C. ზოგიერთ რაიონში ყინვა ჩვეულებირვი მოვლენაა. წვიმიანი სეზონი ივნისიდან სექტემბრის ჩათვლითაა. ატმოსფერული ნალექები ქარპირა კალთებზე 2000-5000 მმ, ქარზურგა კალთებზე 600-700 მმ წელიწადში.
ტყეებს უკავია 30%. დასავლეთი კალთების ძირში და ჩრდილოეთით შერეული ფოთოლმცივანი მარადმწვანე ტყეებია, სამხრეთით — მარადმწვანე ნოტიო ტროპიკული ტყეები; აღმოსავლეთ კალთებზე — მშრალი სავანა, სადაც ხარობს აკაცია და დელების პალმა. ფაუნის წარმომადგენლებიდან აღსანიშნავია: ვანდერუ, ორრქიანი კალაო და სხვ. არის ეროვნული პარკები.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.