მინდვრის სოკო (ლათ. Clitocybe nebularis) — ქუდიანი სოკო ტრიქოლომასებრთა ოჯახისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ჩრდილოეთ ამერიკას, ევროპას, აზიას, ჩრდილოეთ აფრიკასა და ახალ ზელანდიას.

სწრაფი ფაქტები მინდვრის სოკო, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
მინდვრის სოკო

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  ტრიქოლომასებრნი
გვარი:  კლიტოციბე
სახეობა:  მინდვრის სოკო
ლათინური სახელი
Clitocybe nebularis (Batsch), P.Kumm. (1871)
დახურვა

ერთი წყარო მას პირობითად საჭმელ სოკოდ მიიჩნევს, ხოლო მეორე წყარო — შხამიანად. საპროფიტია. იზრდება ნიადაგზე წიწვოვან და შერეულ ტყეებში ზაფხულიდან შემოდგომამდე, როგორც წესი დიდ ჯგუფებად. იგი წააგავს შხამიან სახეობა ცრუ ქამას.[1]

სოკო პირველად აღწერა გერმანელმა მიკოლოგმა ავგუსტ ბაჩმა 1789 წელს როგორც Agaricus nebularis.[2] მიმდინარე ბინომიალური სახელწოდება მიანიჭა პაულ კუმერმა 1871 წელს.[3]

სამეცნიერო სინონიმები:

აღწერა

ქუდის დიამეტრი — 5–15 (25) სმ, ნორჩობაში — ნახევარსფეროსებრი ან ამოზნექილი შეკეცილი კიდეებით, შემდგომში — ბრტყლად ამოზნექილი ან ბრტყელი ბორცვაკით ცენტრში და თხელი ტალღოვანი კიდეებით. ზოგჯერ ოდნავ ჩაზნექილია. შეკეცილ კიდეებს ხშირად ინარჩუნებენ მწიფე ეგზემპლარები. ქუდის ზედაპირი ჰიგროფანულია: წვიმიან ამინდში ნაცრისფერ- ან მოყვითალო-მოყავისფროა უფრო ღია კიდეებით;[4] მშრალ ამინდში — უფრო ნათელ შეფერილობას იღებს და ხდება ნაცრისფერ-მოყავისფრო ან ფერფლისფერ-ნაცრისფერი. ზოგჯერ ხუნდება კრემისფერ-თეთრამდე. ნორჩობაში ზედაპირი დაფარულია მოთეთრო ან მონაცრისფრო ნაფიფქით, რომელიც ადვილად სცილდება; სიმწიფეში ნაფიფქი მხოლოდ ცენტრში რჩება, ხოლო ქუდი გლუვი ან პრიალა ხდება.

რბილობი — ხორცოვანი, მყიფე, მკვრივი, მოგვიანებით ბოჭკოვანი და ღრუბლოვანია, ფეხში უფრო ფხვიერია. თეთრი ფერისაა, გაჭრისას ფერს არ იცვლის. სუნი და გემო ცვალებადია: ზოგჯერ ახასიათებს ფქვილის, ყვავილის ან ხილის სუნი,[5] ხოლო ზოგჯერ — სიდამპლის,[6] რომელიც მოდუღებისას კიდევ უფრო ძლიერდება. გემოზე მოტკბო ან მომჟავოა, ან სანელებლების გემო ახასიათებს.

ფეხის სიგრძე — 6–10 (15) სმ, სისქე — 1,5–3 (4) სმ, მკვრივი, თავიდან ბოლქვისებრია, მოგვიანებით — ძირისკენ გასქელებული. ნორჩობაში ამოვსებულია, შემდეგ — ფუყე. ფეხის ზედაპირი გლუვი ან ოდნავ ბოჭკოვანია, მოთეთრო ან მონაცრისფრო (ქუდზე უფრო ღია), ახასიათებს ფქვილისებრი ნაფიფქი.

ფირფიტების სისქე — 3–7 მმ, თხელი, ხშირი, თავიდან თეთრია, შემდეგ — მოყვითალო, ოდნავ დაღმავალი ფეხის მიმართ. ფეხი ადვილად სცილდება ქუდს.

სპორების მტვერი — მოთეთრო ან კრემისფერი. სპორები — 6–8×3–4 მკმ, ელიფსისებრი,[7] გლუვი, უფერული.

გავრცელება და ეკოლოგია

საპროფიტია.[8] იზრდება ნიადაგზე წიწვოვან (ნაძვნარში) და შერეულ ტყეებში (ნაძვი, მუხა, არყი), ზოგჯერ ბაღებში, ტყის პირებში, ნაკაფიან ადგილებში, ბილიკების გასწვრივ, ზოგჯერ იისფერასთან ერთად.[6] როგორც წესი იზრდება ჯგუფებად, იშვიათად ერთეულებად, ხშირად წარმოქმნიან გრძელ რიგებს და ქაჯის წრეებს.[9] მასზე ხშირად პარაზიტირებს Volvariella surrecta.

გავრცელების არეალი მოიცავს ჩრდილოეთ ამერიკას, თითქმის მთელ ევროპას (საქართველოს ჩათვლით),[5] აზიას, ჩრდილოეთ აფრიკასა (მაროკო) და ახალ ზელანდიას.

სეზონი — აგვისტოს შუა პერიოდიდან ნოემბრის ბოლომდე. მასიურად ხარობს სექტემბრის შუა პერიოდიდან ოქტომბრის პირველ დეკადამდე.

გამოყენება

ერთი წყარო მას პირობითად საჭმელ სოკოდ მიიჩნევს, ხოლო მეორე წყარო — შხამიანად[10] მასში შემავალი ნივთიერების, ნებულარინის გამო, რომელიც აღმოჩენილი იქნა ჯერ კიდევ 1954 წელს.[11] ნებულარინი საშიში ციტოტქსიკური ნივთიერებაა,[10] რომელსაც გააჩნია ანტიბიოტიკური მოქმედება.

მინდვრის სოკო პირობითად საჭმელ სოკოდ არის მიჩნეული. იგი განსაკუთრებით პოპულარულია ჩინეთში, რუსეთში, მექსიკაში, ჩილეში, საფრანგეთში, შვეიცარიაში, ესპანეთსა და უკრაინაში.[12] საჭმელად გამოიყენება თერმულად დამუშავების შემდეგ (15 წუთიანი ხარშვის შემდეგ). შესაძლოა გამოიწვიოს ძლიერი მოწამვლა, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკვილი მკერდის არეში და ა.შ. საკვებად გამოიყენება მხოლოდ ნორჩი ეგზემპლარები. მინდვრის სოკოს აგრეთვე აკონსერვებენ ცხიმში ან ძმარში, მხოლოდ წინასწარი გათუთქვის შემდეგ.[13][14]

მსგავსი სახეობები

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.