From Wikipedia, the free encyclopedia
ჰილდერიხი (ვანდ. Hildirîx; დ. დაახლ. 460 — გ. 533, კართაგენი, ვანდალთა სამეფო) — ვანდალების მეფე 523–530 წლებში. ჰუნერიხისა და ევდოკიას ვაჟი, გაიზერიხისა და დასავლეთ რომის იმპერატორ ვალენტინიანე III-ის შვილიშვილი.
ჰილდერიხი, სავარაუდოდ მისი აღზრდის გამო, ცდილობდა თავისი გავლენა გაეზარდა ბიზანტიის სამეფო კართან მჭიდრო კავშირის მეშვეობითა და კათოლიკურ ეკლესიასთან დათმობებით. ჯერ კიდევ ტახტზე ასვლამდე მან გადასახლებიდან დააბრუნა ეპისკოპოსები და ვაკანტური ადგილების შევსების ბრძანებაც გასცა. აღსანიშნავია, რომ ამ დროის ვანდალურ მონეტებზე იუსტინიანე I-ის პორტრეტებია გამოსახული, რაც ვანდალთა სამეფოს სიმბოლურ დამოკიდებულებას აღნიშნავდა ბიზანტიისადმი. პროკოპი კესარიელის მიხედვით, ჰილდერიხი და იუსტინიანე ჯერ კიდევ ამ უკანასკნელის იმპერატორად გახდომამდე იყვნენ ახლო მეგობრები; იუსტინიანე იუსტინე I-ის სიბერეში ასრულებდა სახელმწიფო მმართველის მოვალეობას.
ქვრივი დედოფალი ამალაფრიდა (თრასამუნდის ცოლი), რომელიც ოსტგუთების მეფის, თეოდორიხ დიდის და იყო, ჰილდერიხის პოლიტიკის წინააღმდეგ გამოვიდა. მას და მის მხარდამჭერ ოსტგუთებს ბრალი დასდეს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში და სიკვდილით დასაჯეს. შურისძიების მიზნით თეოდორიხმა დაიწყო მზადება კართაგენზე გასალაშქრებლად. მალევე ააგეს ფლოტი. სულ ცოტა ათასამდე ხომალდს 526 წლის 13 ივნისს უნდა დაეტოვებინა იტალიის სანაპირო, მაგრამ თეოფორიხი ავად გახდა და ამავე წლის 30 აგვისტოს გარდაიცვალა.
ამ დროს კონსოლიდაცია განიცადეს ბერბერებმა, რომლებმაც რამდენიმე ბრძოლაში დაამარცხეს ვანდალები. ჰილდერიხმა განსაკუთრებული მარცხი განიცადა ბიზაკიაში მცხოვრებ ტომებთან, მათ მეთაურობდა ბელადი ანტალა. გარკვეული დროის განმავლობაში ვანდალთა სამეფოს მთელ ტერიტორიაზე ბერბერთა ძალაუფლება ვრცელდებოდა.
ჰილდერიხის პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც ბიზანტიასთან დაახლოებას ითვალისწინებდა, 530 წელს გამოვიდა სამეფო ოჯახის ერთ-ერთი ჯგუფი თავის მხარდამჭერებთან ერთად. მოძრაობას სათავეში ჩაუდგა გელიმერი. მან დიდგვაროვანი ვანდალები დაარწმუნა, რომ ჰილდერიხი ბრძოლისუუნარო მეფე იყო და დააზარალებდა მათ ინტერესებს ბერბერებისაგან და ბიზანტიელებისგან. ჰილდერიხი ნათესავებთან ერთად შეიპყრეს და კართაგენის ციხეში გამოკეტეს. იუსტინიანეს ჰქონდა მისი გათავისუფლების მცდელობები, თუმცა უშედეგოდ.
როდესაც 533 წელს ბიზანტიელები აფრიკაში შეიჭრნენ რათა უზურპატორი გელიმერი ჩამოეგდოთ და ძველი მეფე გაეთავისუფლებინათ, გელიმერმა თავის ძმას უბრძანა ჰილდერიხი სიკვდილით დაესაჯა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.