From Wikipedia, the free encyclopedia
ჯუზეპე "ბეპე" სინიორი (იტალ. Giuseppe "Beppe" Signori [dʒuˈzɛppe siɲˈɲori]; დ. 17 თებერვალი, 1968) — ვეტერანი იტალიელი თავდამსხმელი, ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი სერია A-ს ისტორიაში. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ლაციოში და ბოლონიაში თამაშით. ჯუზეპე სინიორი სამჯერ გახდა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, თუმცა ამის პარალელურად ვერცერთი გუნდური ტიტულის მოპოვება ვერ შეძლო საკლუბო დონეზე.
პირადი მონაცემები | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
დაბადების თარიღი | 17 თებერვალი, 1968 | |||||||||||
დაბადების ადგილი | ალცანო ლომბარდო, იტალია | |||||||||||
სიმაღლე | 171 სმ | |||||||||||
ახალგაზრდული კარიერა | ||||||||||||
1981–1984 | ინტერი მილანი | |||||||||||
პროფესიონალური კარიერა* | ||||||||||||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) | |||||||||
1984–1986 | ლეფე | 38 | (8) | |||||||||
1986–1989 | პიაჩენცა | 46 | (6) | |||||||||
1987–1988 | → ტრენტო (იჯარა) | 31 | (3) | |||||||||
1989–1992 | ფოჯა | 100 | (46) | |||||||||
1992–1997 | ლაციო | 152 | (117) | |||||||||
1998 | სამპდორია | 17 | (7) | |||||||||
1998–2004 | ბოლონია | 142 | (70) | |||||||||
2004–2005 | ირაკლისი | 5 | (0) | |||||||||
2005–2006 | სოპრონი | 10 | (3) | |||||||||
სულ | 541 | (260) | ||||||||||
ეროვნული ნაკრები | ||||||||||||
1992–1995 | იტალია | 28 | (7) | |||||||||
ჯილდოები
| ||||||||||||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ჯუზეპე იყო სწრაფი, ცაცია თავდამსხმელი, მეტად ნაყოფიერი გამტანი ძლიერი და ზუსტი დარტყმებით. კარიერის დასაწყისში ის უფრო მეტად თამაშობდა, როგორც მარცხენა გარემარბი, რამაც მისი ტექნიკური მონაცემებისა და პასის კულტურის განვითარებაში დიდი როლი ითამაშა. ის ასევე იყო 11 მეტრიანი საჯარიმო დარტყმების ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი იტალიის ფეხბურთის ისტორიაში, ერთ-ერთი პირველი და იშვიათი ფეხბურთელი ვინც პენალტებს გამორბენის გარეშე ასრულებდა.
მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ ჩემპიონატში უკონკურენტო თავდამსხმელი იყო, ჯუზეპე იტალიის ნაკრების შეუცვლელი წევრად მაინც ვერ იქცა. მან ეროვნულ გუნდში 28 მატჩი ჩაატარა და შვიდი გოლი გაიტანა, ის ეხმარებოდა ეროვნულ გუნდს 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც სკუადრა აძურამ ფინალს უწია, თუმცა იქ პენალტების სერიით ბრაზილიელებთან დამარცხდნენ და ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ.
პატარა ბეპემ ფეხბურთის თამაში მილანის ინტერნაციონალეს ახალგაზრდულ სისტემაში ისწავლა. პროფესიონალური კარიერა 1984 წელს ლეფეში დაიწყო და კლუბის ღირსებას ორი სეზონის განმავლობაში იცავდა. 1986 წელს სინიორიმ შედარებით მაღალი მიზნებისთვის მებრძოლ პიაჩენცაში განაგრძო კარიერა, სადაც 1989 წლამდე ასპარეზობდა, 1987-88 წლების სეზონში კი ტრენტოში იყო განათხოვრებული. 1989 წელს ჯუზეპე ფოჯაში ჩაირიცხა, სადაც თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა, გოლების გატანას უხშირა და დედაქალაქური გრანდის, ლაციოს ყურადღება მიიპყრო.
ლაციოში გადასვლით დაიწყო სინიორის კარიერის ყველაზე დიდი და ნაყოფიერი პერიოდი, ფეხბურთელი ლაციოს ნამდვილი სული და გული და გულშემატკივრების კერპი გახდა. სინიორიმ ლაციოში 160 თამაშზე მეტი ჩაატარა, 127 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით კლუბის ისტორიაში მეორე ფეხბურთელი გახდა, სერია A-ს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის, ლეგენდარული სილვიო პიოლას შემდეგ, რომელსაც 148 გოლი აქვს ლაციოს მაისურით გატანილი.
1998 წელს, სეზონის პირველი ნახევრის შემდეგ სინიორიმ ლაციო დატოვა, ვეტერანმა მცირე ხანი სამპდორიაში გაატარა და ახალი სეზონის დასაწყისიდან ბოლონიას შეუერთდა.
მიუხედავად იმისა, რომ ბეპე ძველებურ ასაკში აღარ იყო, ბოლონიაში მან მაინც ბრწყინვალედ წარმოაჩინა თავი, ამ დროს იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი თავის საუკეთესო დროებას ნამდვილად არ განიცდიდა და ხშირად სერია A-ში ადგილის შესანარჩუნებლადაც კი უწევდა ბრძოლა. სინიორის გადასვლამ მართალია ბოლონიას ძველი დიდება ვერ დაუბრუნა, მაგრამ გუნდი აბსოლუტურად ყველა გუნდისთვის ანგარიშგასაწევ ძალად და ევროთასების საგზურის მუდმივ მაძიებლად იქცა. ბოლონიაში კარიერის მიწურულის ჩასატარებლად გადასული ჯუზეპე საბოლოოდ კლუბში ექვსი სეზონის განმავლობაში დარჩა, 150 თამაშზე მეტი ჩაატარა, მათ შორის უმეტესი კაპიტნის სამკლავურით და 80 გოლზე მეტი გაიტანა, გულშემატკივრებისთვის კი ბოლონიას ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფეხბურთელი გახდა.
2004 წელს 36 წლის ასაკში ჯუზეპემ სამშობლო დატოვა და თითო წლით ჯერ საბერძნეთში, სალონიკის ირაკლისში, შემდეგ კი უნგრეთში სოპრონში იასპარეზა, სადაც დაამთავრა კიდეც პროფესიონალური კარიერა.
კარიერის დასრულების შემდეგ ჯუზეპე ჯერ კომენტატორად მუშაობდა RAI-ს რადიო არხზე, 2008-2009 წლებში კი საფეხბურთო კლუბ ტერნარას ფეხბურთის დირექტორის თანამდებობა ეკავა.
2011 წლის 1 ივნისს, ჯუზეპე სინიორი ასევე ყოფილ ფეხბურთელებთან მაურო ბრესანთან და სტეფანო ბეტარინთან ერთად დააკავეს და ბრალი საფეხბურთო მატჩების ჩაწყობაში დასდეს, ამავე წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ მას ხუთი წლით ყველანაირი საფეხბურთო საქმიანობა აეკრძალა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.