წმინდა ვალენტინის დღე
From Wikipedia, the free encyclopedia
From Wikipedia, the free encyclopedia
წმინდა ვალენტინის დღე, ან შეყვარებულების დღე, სიყვარულის დღე — დღესასწაული, რომელიც 14 თებერვალს აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, თუმცა უმეტესგან არც საერო და არც საეკლესიო დღესასწაული არაა. როგორც წესი, ამ დღეს ერთად ატარებენ შეყვარებულები. ისინი ერთმანეთს ულოცავენ და ჩუქნიან ყვავილებს, რომანტიკული შინაარსის ღია ბარათებს — „ვალენტინებს“, სხვადასხვანაირ საჩუქარს. ამ დღეს ხშირად უხსნიან სიყვარულს, ცოლობას სთხოვენ ან ქორწინდებიან.
ვალენტინობის დღის აღნიშვნა V საუკუნის რომში დაიწყო, როგორც წმინდა ვალენტინის ხსენების დღე და მას მთელი ქრისტიანული სამყარო აღნიშნავდა. ახლა 14 თებერვალს, როგორც წმინდა ვალენტინის ოფიციალურ საეკლესიო დღესასწაულს, მხოლოდ პროტესტანტები აღნიშნავენ ლუთერანულ და ანგლიკანურ ეკლესიებში.
მართლმადიდებელ ეკლესიაში წმინდანის ხსენების დღეა 19 ივლისი (ძველი სტილით, 6 ივლისი). 1969 წლის საეკლესიო რეფორმის შემდეგ კათოლიკური ეკლესია ამ დღეს აღარ აღნიშნავს. 14 თებერვლის რომანტიკულ საყვარულთან ასოცირებას სათავე დაუდო ჯეფრი ჩოსერმა შუა საუკუნეების მიწურულს.
ძველ რომში 14 თებერვალს აღინიშნებოდა ლუპერკალია — ქალღმერთ იუნონასა და ღმერთ ფავნისადმი (ლუპერკისადმი) მიძღვნილი ეროტიკული დღესასწაული.
როგორც ჩანაწერებიდან ვგებულობთ, ამ დღეს ღმერთებს მსხვერპლად სწირავდნენ ცხოველებს, რომლებსაც ტყავს აძრობდნენ და მათრახებს აკეთებდნენ. მერე ამ მათრახებით ახალგაზრდა, შიშველი მამაკაცები ქალებს ცემით მიერეკებოდნენ ქალაქის ქუჩებში. ქალებს იმედი ჰქონდათ, ამ ცემის რიტუალის შემდეგ უფრო ნაყოფიერი გახდებოდნენ და შვილებს ადვილად გააჩენდნენ. ეს ძალზე გავრცელებული ტრადიცია იყო რომში, რომელშიც დიდგვაროვნებიც კი მონაწილეობდნენ. ამ რიტუალის პოპულარობის მიზეზად უნდა მივიჩნიოთ ის, რომ 276 წელს ჩვილთა სიკვდილიანობა, მკვდრადშობა და მუცლის მოშლა ძალიან გახშირდა.
494 წელს რომის პაპმა — გელასიუს I-მა ლუპერკალიის აღნიშვნა აკრძალა. ძველი დღესასწაული ჩაანაცვლეს წმინდა ვალენტინის დღით. გადმოცემის მიხედვით, ვალენტინი უბრალო მღვდელი იყო, რომელიც 269 წლის 14 თებერვალს რომის იმპერატორმა — კლავდიუს II-მ სიკვდილით დასაჯა ქრისტიანული წმინდა საიდუმლოებების აღსრულების გამო.
ლეგენდის თანახმად, მრისხანე კლავდიუსს მტკიცედ სწამდა, რომ მარტოხელა მამაკაცი, რომელსაც არც ოჯახი ჰყავდა და არც საყვარელი ქალი, უკეთ იბრძოდა და ემსახურებოდა სამშობლოს, ვიდრე დაოჯახებული და წვრილშვილიანი. ამიტომ კლავდიუსმა ქორწინება აკრძალა, მაგრამ ვალენტინი ამ წმინდა ქრისტიანულ საიდუმლო წესს რომის იმპერატორისგან მალულად მაინც აღასრულებდა. მისი ამბავი ქალაქში გავრცელდა.
წმინდა ვალენტინმა უამრავი წყვილის დაქორწინება მოასწრო, სანამ ციხეში აღმოჩნდებოდა. სიკვდილით დასჯის მოლოდინში მყოფმა, ზედამხედველის ქალიშვილი — ჯულია გაიცნო და გულში ჩაუვარდა. შეყვარებულმა მღვდელმა სიკვდილის წინ ქალიშვილს სასიყვარულო ბარათი მისწერა, რომელიც შემდგომში ვალენტინობის სიმბოლოდ იქცა.
269 წლის 14 თებერვალს წმინდა ვალენტინი სიკვდილით დასაჯეს. მისი წმინდა ნაწილები სხვადასხვა ქვეყნის ეკლესია-მონასტრებში დაკრძალეს. წმინდანი სიყვარულისა და ოჯახური კეთილდღეობის მფარველად ითვლება.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.