From Wikipedia, the free encyclopedia
ტიგრან I (დ. ძვ. წ. 181 — გ. ძვ. წ. 95) — სომხეთის რიგით მეორე მეფე არტაშესიანების დინასტიიდან ძვ. წ. 120 წლიდან გარდაცვალებამდე. მეფე არტაშეს I-ისა და დედოფალ სატენიკის ძე. მის დროს დაიწყო სომხური სახელმწიფოს აღორძინება, რომელმაც პიკს მისი ვაჟის, მეფე ტიგრან II-ის მმართველობისას მიაღწია.
ტიგრან I | |
---|---|
სომხეთის მეფე | |
მმართ. წლები: | ძვ. წ. 120 - ძვ. წ. 95 |
წინამორბედი: | არტავაზდ I |
მემკვიდრე: | ტიგრან II დიდი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | ძვ. წ. 181 |
გარდ. თარიღი: | ძვ. წ. 95 |
შვილები: |
ტიგრან II, სომხეთის მეფე გურა |
დინასტია: | არტაშესიანები |
მამა: | არტაშეს I, სომხეთის მეფე |
დედა: | სატენიკი |
სახელი ტიგრანი წარმოსდგება ბერძნული ტიგრანესის (ბერძ. Τιγράνης) და ძველსპარსული ტიგრანადან. ეტიმოლოგია სადავოა, თუმცა ძველსპარსული სუფიქსი „ანა“, რომელიც ახლდა სახელ ტიგრანას, ნიშნავს „სუსტს“.
ტიგრანი სომხეთის მეფე არტაშეს I-ისა და დედოფალ სატენიკის უმცროსი ძე იყო. ამის გამო იგი ტახტზე მხოლოდ უფროსი ძმის, მეფე არტავაზდ I-ის გარდაცვალების შემდეგ ავიდა. სტრაბონის მიხედვით, ტიგრან I ძლიერ წინააღმდეგობას უწევდა პართიელებს და მათგან წარმატებითაც იცავდა სომხეთს. სომეხი ისტორიკოსი მოვსეს ხორენაცი თავის ნაშრომში ასევე აღნიშნავს ტიგრანს, როგორც „არტაშესის ძესა და არტავაზდის ძმას“. ხორენაცის ცნობებით, არტაშესის გარდაცვალების შემდეგ მისი ანდერძის საწინააღმდეგოდ ვაევუნთა ოჯახმა ჰერაკლეს მოოქროვილი სპილენძის ქანდაკება აიღეს არმავირიდან და საკუთარ აშიტიშატის ტაძრების კომპლექსში გადაიტანეს. მას შემდეგ, რაც ტახტი ტიგრანმა დაიკავა, ვაევუნებს ჩამოართვა პრივილეგიები და აშიტიშატი თავის დომენს მიუერთა.
მისი სიკვდილის შემდეგ მისი ძე, ტიგრან II, რომელიც პართიელთა ტყვეობაში იყო ჯერ კიდევ არტავაზის დროიდან, სომხეთში დაბრუნდა და ტახტი დაიკავა. აპიანეს ცნობებით, ტიგრან II ნამდვილად ტიგრან I-ის ვაჟი იყო. ამ მოსაზრებას მხარს უჭერეს თანამედროვე კვლევებიც.
გარდა პართიელებთან არსებული კონფლიქტებისა, ტიგრან I-ის მეფობა აღწერილია, როგორც მშვიდობიანი და გარეშე მტერთა შემოჭრების გარეშე არსებული პერიოდი.
ტიგრან I-ს გამოსახულება შემორჩენილია რამდენიმე ანტიკურ მონეტაზე, რომლებიც უმეტესად ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ტიგრან I-ის მონეტების უნიკალურ თვისებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მათზე ის მარცხენა პროფილითაა გამოსახული, რაც მეცნიერებს ეხმარება მისი ვაჟის, ტიგრან II-ისაგან გარჩევაში. ეს ერთგვარი პარადოქსია, რამეთუ არტაშესიანთა დინასტიის მეფეები მონეტებზე ყოველთვის მარჯვენა პროფილით არიან გამოსახულნი. ეს იმით უფრო აიხსნება ხოლმე, რომ ტიგრანი ცდილობდა იმდროინდელი პართიული ჩვეულების მიბაძვას და ამით პართიასთან არსებული კულტურული კავშირების ხაზგასმას. ეს იმის ფონზე, რომ ტიგრან II და მისი შთამომავლები ხელს უწყობდნენ სომხეთის ელინიზაციას და მონეტებზე ბერძნულ-სელევკიდური ჩვეულებით გამოისახებოდნენ, შესაბამისად, ლოგიკურია მონეტებზე არსებული ეს განსხვავებაც. ტიგრან I-ის მონეტების უკანა მხარეს გამოსახულია სხვადასხვა ბერძენი ღმერთი, მათ შორის ნიკე, ზევსი და ნიკიფორე.
ტიგრან I-ს ოთხი ძმა ჰყავდა: მეფე არტავაზდ I, ზარიადრე, ვრიური და მაჟანი. ასევე ალანი პრინცესა სატენიკი, რომელიც არტაშეს I-ის ცოლი იყო, მიიჩნევა ტიგრანის დედად.
ტიგრანის ცოლის ვინაობა უცნობია, თუმცა მას ორი კანონიერი ძე ჰყავდა: ტიგრან II და გურა. ტიგრანი დიდი სომხეთის მეფე გახდა, ხოლო უფლისწული გურა პლუტარქეს წყაროებში იხსენიება, როგორც ნისიბინის მმართველად. წყაროების მიხედვით, გურა შემდეგში რომაელმა გენერალმა ლუკულუსმა დაატყვევა, რის შემდეგაც მასზე ცნობები აღარ გვაქვს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.