From Wikipedia, the free encyclopedia
სომხური ანბანი შეიქმნა V საუკუნის დასაწყისში. ამის აუცილებლობა გამოიწვია სომხეთში ქრისტიანობის ოფიციალურად შემოღებამ. მთლიანობაში კი ეს მოთხოვნილება განპირობებული იყო სომხეთის საერთო პოლიტიკური, კულტურული და იდეოლოგიური მდგომარეობით. ამოცანას სომხური ეკლესიის დაავალებით დაახლოებით 405 წელს ასრულებდა მესროპ მაშთოცი. ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, მაშთოცმა ახალი დამწერლობა კი არ შექმნა, არამედ გამოიყენება ჩვენს დრომდე მოუღწეველი უძველესი სომხური წარწერა. სომხური ენის ფონეტიკის შეუდარებლად ასახვამ ხელი შეუწყო ანბანის ფართო პოპულარობას. ის არა მარტო ქრისტიანობის გავრცელების საშუალება გახდა მთელ სომხეთში, არამედ მთელი ადრე შუა საუკუნეების სომხური ლიტერატურისა და პოეზიის განვითარების საშუალებაც.
სომხური ანბანის წარმოშობის ისტორია ერთ-ერთი უფრო ყველაზე კარგად შემონახული ისტორიაა, ვიდრე სხვა რომელიმე ანბანის წარმოშობის ისტორია.
301 წელს დიდი სომხეთის სახელმწიფოში ოფიციალურად გამოცხადდა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად. ეს ის დროს იყო, როცა ქრისტიანობა თავად რომის იმპერიაში ჯერ კიდევ იდევნებოდა. ახალ რელიგიას ახალი მმართველი ფენა ჩაუდგა სათავეში. იგი ნელ-ნელა გავრცელდა უბრალო ხალხში. ბიბლია უცხო იყო ადგილობრივთათვის, რადგან ის ბერძნულ და სირიულ (არამეულ) ენებზე იყო შექმნილი.
387 წელს, როდესაც სომხეთი გადაინაწილა ქრისტიანულმა რომის იმპერიამ და ზოროასტრიზმის მიმდევარმა პართიამ კერპთაყვანისმცემლობა სომხეთში შესუსტებას იწყებს. შეიქმნა ვითარება სომხური ანბანის საჭიროებისათვის. უკვე IV საუკუნის ბოლოს შეიქმნა სომხური ანბანი, ბიბლიის სომხურ ენაზე სათარგმნელად, რათა ქრისტიანობის სტატუსი შენარჩუნებულიყო რეგიონში და დომინანტური რელიგიაც გამხდარიყო სომხეთში.
მთავარ ისტორიულ წყაროს წარმოადგენს სომხურ ენაზე შექმნილი კორიუნის თხზულება „მესროპ მაშთოცის ცხოვრება“. კორიუნი ყოფილა მესროპის მოწაფე და ბიოგრაფი. მას მასწავლებლის გარდაცვალებისთანავე დაუწყია მუშაობა ამ შრომაზე. თხზულება დაწერილა დაუყოვნებლივ მესროპ მაშთოცის გარდაცვალებისთანავე 440 წელს სომხეთის კათოლიკოსის იოსებ ვაიოცძორის ბრძანებით.
შემდეგი მნიშვნელოვანი წყაროა მოვსეს ხორენაცის "სომხეთის ისტორია", რომელიც დაწერილია 480-490 წლებში. ხორენაცი აგრეთვე იყო მაშტოცის მოწაფე და მის მიერ დაწერილი თხზულება წარმოადგენს ისტორიული ამბების უშუალო მოწმისა და მონაწილის მონათხრობს.
ამ წყაროებს ავსებს და მნიშვნელოვანი ცნობები მოეპოვება V საუკუნის სომეხ ისტორიოგრაფს ლაზარ ფარპეცს. ფარპეცი ყოფილა მაშთოცის ერთ-ერთი მოწაფის - ოვანეს არწრუნის მოწაფე. მას მოწმედ მოჰყავს თავის თხზულებაში კორიუნი, როგორც სანდო წყარო.
ასევე, არსებობს ადრეული შუა საუკუნეების წყაროები (მაგ: "წმიდა პატრიარქ სააკის და ვარდაპეტ მაშტოცის ისტორია», IX ს., "ცხოვრება და სიკვდილი წმინდა ვარდაპეტ მესროპისა" კარაპეტ სასნეცი, XII-XIII საუკუნე), რომელთა დეტალები მეორდება V საუკუნის ავტორებსა და ისტორიული მეცნიერებაში, თუმცა ზოგადად, ისინი არ განიხილება, როგორც ძირითადი ისტორიული წყარო.
მესროპ მაშტოცი (დაახლ. 361-440) წარმოშობით უბრალო გლეხის ოჯახიდან იყო. მან თავისი ცხოვრება მიუძღვნა ქრისტიანობის გავრცელებას სომხეთში. მესროპის ერთ-ერთი პირველი მოწაფე - მოვსეს ხორენაცი იხსენებდა, რომ ქადაგებების პროცესში მესროპი განიცდიდა მრავალ სიძნელეს. ის ერთდროულად იყო სახარების მკითხველიც და მთარგმნელიც. თუ ვინმე სხვა კითხულობდა და მთარგმნელი არ იმყოფებოდა იქვე, ხალხს არ ესმოდა წაკითხულის შინაარსი. ამიტომ მან ჩაიფიქრა სომხური დამწერლობის შექმნა და მთლიანად მიეცა ამ საქმეს. მძიმე იყო მისი შრომა სხვადასხვა გზების ძიებაში.
მაშტოცი გაემგზავრა ვაგარშაპატში, სადაც მალე კათოლიკოს სააკ პარტევთან შეიკრიბა სპეციალური საეკლესიო კრება, კორიუნის გადმოცემით, ეს კრება იყო სომხეთის ბედ-იღბალით შეწუხებული ნეტარი ძმების კრება, რომელთა სურვილი იყო სომხური დამწერლობის შექმნა.
ისტორიული წყაროების თანახმად, ე.წ. "დანიელის დამწერლობა", შესაძლოა, იყო დაკარგული ძველი სომხური დამწერლობის ნიმუში, მაგრამ V საუკუნეში მას უკვე აღარ შეეძლო ადეკვატურად დაეფიქსირებინა მაშინდელი სომხური ენა. კორიუნის თანახმად, ეს იყო სომხური ენის ანბანი, რომელიც აღმოაჩინა სირიელმა ეპისკოპოსმა დანიელმა. ხორენაცის აზრით, ეს დამწერლობა იყო უძველეს დროის, რომელიც განლაგებული იყო ბერძნული ანბანის რიგის მსგავსად.
V საუკუნეში ბიზანტიაში დიდი არეულობა დაიწყო. კერძოდ, კონსტანტინეპოლის პატრიარქს იოანე ოქროპირს (დაახლ 347- 407) ბრალი დასდეს ორიგენეს სწავლების მიმართ თანაგრძნობაში. იოანე ოქროპირი გადააყენეს და განდევნეს კონსტანტინეპოლიდან 404 წლის ივნისში. მალევე, ამის შემდეგ, მოხდა სასწაულები. კერძოდ, დაიწვა ეკლესიები, სენატის შენობა და აგრეთვე, დიდგვაროვანთა სასახლეები. ამის შესახებ წერს ხორენაცი, რომ „დიდ მღელვარებებს და ხანძრებს ჰქონდა ადგილი“. სომხეთის მეფე საგანგებო მისიით ჩასულა მესოპოტამიაში მოდავე მხარეთა შესარიგებლად. მეფემ იქ შეიტყო ინფორმაცია "დანიელის დამწერლობის" შესახებ, რომელიც იმავე წელს ჩამოტანილ იქნა სომხეთში ვრამშაპუხის დაბრუნებისას. მეფემ წარგზავნა თავისი სწავლული სპეციალურ ელჩად ჩრდილოეთ მესოპოტამიაში, ეს იყო თავადი ვაგრიჩ ხადუნი, რომელიც შეხვედრია სავარაუდოდ, დანიელ ეპისკოპოსის მღვდელს იერემია აბელს და მისი დახმარებით შეუძენია ახლადაღმოჩენილი დამწერლობა.
მეფე ვრამშაპუტის ბრძანებით, ამ დამწერლობის საფუძველზე შეიქმნა ახალი ანბანი და მთელ ქვეყანაში ამ ანბანით დაიწყეს ენის შესწავლა. მაშთოცმა საგანგებო დამსახურებისათვის მიიღო „ვარდაპეტის“ (მასწავლებლის) წოდება. მისი ბიოგრაფი წერდა: დაახლოებით ორი წლის მანძილზე მაშთოცი ასწავლიდა ამ ანბანით წერა-კითხვას. როდესაც დიდი რაოდენობით ადამიანებმა შეისწავლეს იგი, ამის შემდეგ მეფეს გაუცია ბრძანება, რომ მთელს სომხეთში ესწავლებინათ ამ დამწერლობის გამოყენებით. რამდენიმეწლიანი პრაქტიკის შემდეგ აღმოჩნდა, რომ „დანიელის დამწერლობა“ მთლად შესაბამისი არ იყო სომხური ენისათვის. ანბანი დასახვეწი იყო და მთლიანად ვერ გამოხატავდა სომხური ენისათვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს.
"დანიელის დამწერლობის" წარმოშობის შესახებ სამეცნიერო წრეებში განსხვავებული აზრი არსებობს. მაგ: 1892 წელს ი. არუთინიანმა შემოგვთავაზა მოსაზრება, რომ წარმართულ ეპოქაში არსებობდა უძველესი სომხური ანბანი. სტატიაში "მაშთოცამდელი სომხური ლიტერატურის საკითხის შესახებ" გ. ა. აბრამიანი იზიარებს ამ მოსაზრებას. მაგრამ ლ. და გ. აჩარიანებმა უკუაგდეს მოსაზრება მაშთოცამდელი სომხური დამწერლობის არსებობის შესახებ. გერმანელი სწავლული-არმენოლოგი იოსებ მარკვარტი შესაძლებლად თვლიდა, რომ თავის დროზე დანიელის დამწერლობა შექმნილიყო, როგორც დამწერლობის ნიმუში და მოგვიანებით გაკეთებულიყო მისი თარგმანი. ეს მოსაზრება მკაცრად გააკრიტიკა მ. აბეგიანმა. ზოგიერთი სწავლული სარწმუნოდ თვლის, რომ „დანიელის დამწერლობა“ დაფუძნებული იყო სემიტურ ანბანზე, რომელშიც ხმოვანი ასოები არ იყო მკვეთრად გამოხატული. მათი აზრით, დანიელის დამწერლობამ ვერ შეძლო სომხური ენის მდიდარ თანხმოვანთა სტრუქტურის, აგრეთვე, ხმოვანი ბგერების ღრმად გადმოცემა, რის გამოც, მესროპ მაშთოცი იძულებული გახდა პირადად გამგზავრებულიყო ჩრდილოეთ მესოპოტამიაში სრულყოფილი ანბანის შესაქმნელად.
დანიელის დამწერლობის გამოყენების წარუმატებელი ცდის შემდეგ, სომხეთის მეფის ვრამშაპუხის და კათოლიკოს სააკის დავალებით მაშთოცი (ცნობილია ამ წლებში გამოსული ვრამშაპუხის რამდენიმე ბძანება) მოწაფეთა ჯგუფთან ერთად გაემგზავრა ჩრდილოეთ მესოპოტამიაში. კერძოდ, ქალაქებში - ამიდი, ედესა, და ბოლოს, სამოსატი. ხორენაცის თანახმად, ის შეხვდა ეპისკოპოს დანიელს, თუმცა უშედეგოდ. ამიდში ის შეხვედრა ეპისკოპოს აკაკის. ედესაში მაშტოცი მიიღო ქალაქის ეპისკოპოსმა ბაბილამ. მან მოინახულა ქალაქის ბიბლიოთეკა, სადაც ის შეხვედრია მის მფლობელს ორატორ პლატონს, რომელსაც მიუთითებია მეორე ორატორზე, სახელად - ეპიფანია, ხოლო ეს უკანასკნელი გარდაცვლილი დახვედრიათ.
ხანგრძლივი სამეცნიერო ძიების, ედესაში მრავალი სხვადასხვა ანბანისა და დამწერლობის სისტემის შესწავლის შემდეგ, მაშტოცმა 405/406 წ.წ. შექმნა 36 ასო-ბგერიანი სომხური ანბანი. ცნობილია, რომ თავისი ვიზიტისას მაშტოცი ყოფილა ედესის წიგნთსაცავში, სადაც, სავარაუდოდ, ატარებდა ძირითად სამეცნიერო სამუშაოებს. მას გამოუყენებია როგორც ბერძნული, ასევე, სხვა დამწერლობის სიტემები. მესროპის წინაშე არსებობდა საკმაოდ რთული სამეცნიერო საკითხი - რამდენიმე ათეული დიალექტის არსებობის პირობებში მას აუცილებლად უნდა განესაზღვრა საერთო სალიტერატურო ენის ფონეტიკური ნორმები (7 ასო გადმოსცემდა ენის ხმოვან ბგერას, ხოლო 29 თანხმოვან ბგერათა ჯგუფს). მას უნდა აერჩია დამწერლობის ერთ-ერთი სახე პირადად - მარჯვნიდან მარცხნივ წერის სისტემა (როგორც ეს მიღებული იყო ასურულში) თუ პირიქით, მარცხნიდან მარჯვნივ წერის სისტემა (როგორც ეს მიღებული იყო ბერძნულში). შეექმნა თუ არა ცალკეული ასოები ხმოვანთა გამოსახატავად, თუ დიაკრიტიკული ნიშნებით აღენიშნა და ა.შ.
ამის შემდეგ მაშტოცი გაემგზავრა ქალაქ სამოსატში, სადაც ბერძენ მწიგნობარსა და კალიგრაფ როპანოსომის დახმარებით დაასრულა სომხური დამწერლობის მოხაზულობის ტექნიკა - საბოლოოდ გამოსახა ასოთა შორის ყველა განსხვავება - წვრილი და მსხვილი, მოკლე და გრძელი, ცალკეული და ორმაგი და შეუდგა მის თარგმნას"..
მაშტოცის ბიოგრაფის კორიუნის თანახმად, ექსპედიცია გრძელდებოდა დაახლოებით ერთი წელი. სომხეთში დაბრუნების შემდეგ, ლაზარ ფარპეცის ცნობით, კათოლიკოსმა სააკმა წარმოუდგინა მას სწავლულ მონაზონთა ჯგუფი, რომელთა დახმარებით მაშტოცმა საბოლოოდ დაადგინა სომხური ენის ფონეტიკური და ორთოგრაფიული ნორმები.
სომხური ფონეტიკური ანბანის შექმნის შემდეგ სომხურ ენაზე ითარგმნა, როგორც საეკლესიო წიგნები, ისე ისტორიული, ფილოსოფიური და სხვა სახის ლიტერატურა. მაშტოცი ფაქტობრივად გახდა არა მხოლოდ ანბანის, არამედ სომხური სალიტერატურო საქმიანობის დამფუძნებელიც.
აკადემიური "მსოფლიო ისტორიის" ავტორებმა მაღალი შეფასება მისცეს მაშტოცის ისტორიული და ლინგვისტური საქმიანობის შედეგებს.
სომხური დამწერლობის დათარიღების პრობლემაზე ისტორიკოსები და ენათმეცნიერები XVIII საუკუნიდან მუშაობენ. პირველი სამეცნიერო კვლევა ამ საკითხზე ეკუთვნის მ. ჩამჩიანს, რომელიც, თავის ფუნდამენტურ ნაშრომში "სომხეთის ისტორია" (ტ. 1-3, 1784-1786), ანბანის შექმნის თარიღად შესმოგვთავაზა 408 წელი. XIX საუკუნის შუა ხანებში ფრანგი აღმოსავლეთმცოდნის, ლინგვისტისა და ისტორიკოსის მარი ბროსეს აზრით, სომხური ანბანი შეიქმნა 408-410 წლებში. XIX - XX საუკუნების მიჯნაზე მეცნიერებმა - ადონცი, მანანდიანი, მარკვარტი, აბეგიანი, ტერ-მკრტჩიანი, აკინიანი და სხვ. შემოთავაზეს ანბანის დათარიღების უფრი ვრცელი დიაპაზონი, კერძოდ, 382- 416 წ.წ. XX საუკუნის დასაწყისში საყოველთაოდ აღიარებულმა არმენოლოგმა ტერ-მკრტიჩიანმა შემოგვთავაზა 412-416 წ.წ, რომლის საფუძველზე 1912 წელს სომხური ანბანის შექმნის 1500 წლისთავიც კი აღინიშნა.
1925 წელს პროფესორმა ნ. ადონცმა სტატიაში "მაშტოცის და მისი მოწაფეების ცხოვრების უცნობი ფურცლები" უარყო ტერ-მკრტჩიანის დათარიღება პატრიარქ ფოტიას ნაწერების საფუძველზე. შრომის - "ბიბლიოთეკა", ერთ-ერთი თავში საუბარია ვინმე მღვდელ მასტუბიოსზე (ბერძნ. Μαστούβιος) სომხეთიდან, რომლისთვისაც თეოდორ მაპსუეტის მიერ დაიწერა საეკლესიო ტრაქტატი. თეოდორ მაპსუეტის ცნობილი ბიოგრაფიული მონაცემების გამოყენებით, ადონცი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ჩრდილოეთ მესოპოტამიაში მაშტოცსა და მაპსუეტის შეხვედრა უნდა მოხდარიყო არა უგვიანეს 383-392 წლებისა. თუმცა 1937 წელს უფრო ფართო კვლევის საფუძველზე ადონცმა უარყო თავისი პირვანდელი კონცეფცია და შემოგვთავაზა 405 წ.
მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საკითხის გარკვევაში აკადემიკოსმა ი. ა. მანანდიანმა. მან შეისწავლა გვიანდელი პერიოდის ხელნაწერები და მხარი დაუჭირა ადონცის პირვანდელ კონცეფციას და კონცენტრაცია მოახდინა 391-392 წ.წ. პერიოდზე. თუმცა, ხელნაწერების კრიტიკულმა ანალიზმა აჩვენა მათი უზუსტობა და არასანდოობა. ბოლოდროინდელმა კვლევებმა ასევე დაადასტურეს მანანდიანის შრომების უსაფუძვლობა.
პირველადი წყაროების ახალი კვლევის საფუძველზე ისტორიკოსებმა და ენათმეცნიერებმა XX საუკუნის შუა წლებდან განსაზღვრეს სომხური ანბანის შექმნის თარიღი - 405-406 წლები.
თავის ნაშრომში "ანბანის ისტორია" (1899), ინგლისელი მკვლევარი ის. ტეილორი აღნიშნავს, რომ მაშტოცის მიერ ანბანის შექმნის პროცესში ძირითადად, გამოიყენებოდა ბერძნული ანბანი.
სომხური ანბანის კვლევის ისტორიისადმი მიძღვნილია, ასევე მრავალი ინდივიდუალური მონოგრაფია.
მაშტოცის ანბანში ყველა ბგერას აქვს შესაბამისი ასონიშანი. სომხური ენის სიზუსტეს ასახავს 36 ფონეტიკური ერთეული, რომელშიც მხოლოდ 7 ხმოვანია. ძველ სომეხ ისტორიკოსებს არ დაუტოვებიათ არანაირი ინფორმაცია, თუ რა სისტემით ან რა სახის დამწერლობით სარგებლობდა მაშტოცი თავისი მუშაობის პროცესში. ხორენაცის აზრით, ეს არის სრულიად დამოუკიდებელი ბერძნული ანბანის „მასროპული დამწერლობა“. აკადემიკოსი თ. გამყრელიძე, სხვა იდეას გვთავაზობს.
ქრისტიანული ლიტერატურისათვის შემუშავებული სხვა ანბანური დამწერლობებისათვის გამოიყენებოდა ბერძნული ანბანური დამწერლობა. სომხური დამწერლობისთვისაც, სავარაუდოდ, იგივე სისტემა უნდა ყოფილიყო გამოყენებული, მაგრამ და ვინაიდან სომხური ენა განსხვავდება ბერძნულისაგან დიდი რაოდენობით კონსონანტური ფონემებით (თანხმოვანი ბგერებით), ამ სპეციფიკური სომხური ბგერების გამოსახატავად მაშტოცმა დაუმატა ახალი სიმბოლოები. ეს დამატებითი ნიშნები, დაწყებული მე-8 ნიშნიდან, მესროპმა სრულიად შემთხვევით დაალაგა რიგში სხვადასხვა ადგილას.
მესროპმა გამოიყენა სრულიად სხვა, ბერძნული ანბანისაგან განსხვავებული წერის გრაფიკული სისტემა. ბერძნული ბგერების შესატყვისი სომხური ბგერები სრულიად განსხვავდება ბერძნული ბგერების ექვივალენტისაგან. ამ განსაკუთრებული გრაფიკული ნიშნების წყალობით, უძველესი სომხური დამწერლობის სისტემის დაკავშირების ყველა ცდა სხვა დამწერლობებთან (სემიტურ, შუა სპარსულ, არამეულ დამწერლობებთან) წარუმატებლად დასრულდა. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ სომხური დამწერლობა მეტ-ნაკლებად უფრო სიახლოვეს იჩენს ეთიოპიურ დამწერლობასთან. ეს გამოიხატება ძირითად ბგერაზე სხვა სიმბოლოს დამატებით, რომ ბგერასთან ფონეტიკურად ახლოს მდგომი მეორე ბგერა გამოისახოს. თუმცა, ახალი ანბანის ერთ-ერთ პროტოტიპად, შესაძლოა, არამეული ანბანიც გამოიყენებოდა.
ანბანის გრაფიკულ სახეზე საუბრისას, კორიუნი წერს, რომ მაშტოცმა გამოსახა ანბანის მთელი რიგი განსხვავებანი - "წვრილი და მსხვილი, მოკლე და გრძელი, ცალკემდგომი და ორმაგი". მკვლევართა უმრავლესობა კორიუნის ამ ბუნდოვანი ტერმინის ქვეშ ხედავს განსხვავებულ შრიფტებს ან კალიგრაფიულ ინდივიდუალურობებს. ასე, მაგალითად: კ. კაფადარიანი გვთავაზობს იდეას, რომ მაშტოცმა თავის დროზე შექმნა სამი სხვადასხვა შრიფტი.
მაშტოცისეული ასოების გრაფიკული წარმომავლობა განსაკუთრებულად მკვეთრად განიხილება გ. აჩარიანის და გ. სევაკის მონოგრაფიებში. ამერიკელი ლინგვისტი ჩარლზ ფერგიუსონი აღნიშნავს, რომ ანბანის შექმნისას მაშტოცი ცდილობდა, მიეღწია მნიშვნელოვანი გრაფიკული განსხვავებებისთვის როგორც ბერძნული, ასევე სირიული ანბანისაგან, რომლებსაც მათი მეზობელი ხალხები იყენებდნენ.
სწავლულები (ჰ. გიუბშმანი, ა, მეიე, ი. მარკვარტი და სხვ.) ერთსულოვანნი არიან იმ საკითხში, რომ მაშტოცისეული ანბანი თავისი დროისათვის ერთ-ერთი ყველაზე უფრო სრულყოფილი დამწერლობა იყო.
პირველწყაროთა მონაცემები საშუალებას გვაძლევს ზუსტად დავათარიღოთ სომხური ანბანის შექმნის დრო. ეს იყო 405/406 წ.წ. ამ თარიღს ერთვის მესროპ მაშთოცის მესოპოტამიიდან დაბრუნება და მიღებულია, როგორც საგანგებო მისიის წარმატებით დასრულება.
ხორენაცი გვამცნობს, რომ არკადიუსისის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი ვაჟის, თეოდოსი მცირეს ასვლისას მესროპი დაბრუნდა სომხური ენის დამწერლობის ნიშნებით ხელში. როგორც იოანე ოქროპირის ასევე, ბიზანტიელი იმპერატორების ქრონოლოგია, მკაცრად არის დაზუსტებული. იმპერატორი თეოდოსი II ხელისუფლებაში მოვიდა 408 წლის მაისში. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხორენაცი ტრადიციულად დაკავშირებულია ბიზანტიელი იმპერატორების მართვის ქრონოლოგიასთან. თუმცა, შესაძლოა ეს მოვლენები (მაშტოცის დაბრუნება და იმპერატორის ცვლილება) საკმაოდ დაახლოებულ რამდენიმე წლის მანძილზე ხდებოდა.
კორიუნის ცნობა საშუალებას გვაძლევს უკეთესად განვსაზღვროთ თანამედროვე სომხური დამწერლობის შექმნის თარიღი. მაგალითად ის პირდაპირ ამბობს: "... და სომხური დამწერლობის სათავე იაზკერტის (იეზდიგერდ I)-ის მეფობის მერვე წელია". პართიის მეფეთა მმართველობის წლები კარგად არის დაზუსტებული ისტორიულ მეცნიერებაში. ცნობილია, რომ მეფე იაზკერტი (იეზდიგერდ I) პართიის სამეფოს სათავეში ჩაუდგა 399 წელს, ამ შემთხვევაში მისი მმართველობის მე-8 წელი მოდის 406 წელზე. ამ თარიღს კორიუნი ადასტურებს კიდევ ერთხელ: "...და იმ დღიდან (მაშტოცის ქმნილებიდან) სომხური დამწერლობის შექმნიდან წმინდანის გარდაცვალებამდე (მაშტოცის) - ოცდათხუთმეტი წელია, რომელიც ასე უნდა იყოს დათვლილი..... და ბარამის მეორე ვაჟის იეზდიგერდ II-ის მეფობის დაწყებიდან პირველივე წელს, გარდაიცვალა წმინდანი ..." ხორენაცმა დაასახელა მაშტოცის გარდაცვალების უფრო ზუსტი თარიღი: "ახლა წმინდა სააკის გარდაცვალებიდან ექვსი თვის შემდეგ, მეჰეკანის (თებერვალი) მეცამეტე რიცხვში ქალაქ ვალარშაპატში თავის სამყაროს განეშორა კურთხეული მესროპი". ამ ქრონოლოგიით, მესროპი გარდაცვლილა 440 წლის 17 თებერვალს. თუ 440 წელს გამოვაკლებთ 35 წელს (მისი გარდაცვალების წლის ჩათვლით), კიდევ ერთხელ გამოდის 406 წელი, სომხური დამწერლობის შექმნის თარიღი.
406 წელს, როგორც მაშტოცის მიერ სომხური ანბანის შექმნის თარიღს, ადასტურებს კორიუნის კიდევ ერთი მითითება, სადაც ის ამბობს, რომ - ნეტარი მაშტოცი სიხარულით მოვიდა სომხეთის ქვეყანაში, აირარატის ოლქში, ნორ კაიაკის (ვაგარშაპატის) მიდამოებში ვრამშაპუხის მეფობის მე-6 წელს. "არკაიაცანკუს" (სომხეთის მეფეთა სია) თანახმად, ვრამშაპუხი ტახტზე ავიდა 400 წელს. მაშასადამე, მეექვსე წელი უნდა ყოფილიყო მისი მმართველობიდან დაახლოებით 405 (თუ ავიღებთ 400 წლიდან) ან 406 წელი. მაშტოცის ბიოგრაფი ამბობს, რომ ე.წ. "დანიელის დამწერლობის" სწავლება მიმდინარეობდა დაახლოებით ორი წელი 404 წლიდან. ეს ანგარიში კი ადასტურებს ზემოაღნიშნულ ისტორიულ თარიღს.
არსებობს მესროპ მაშტოცის ჩრდილოეთ მესოპოტამიაში ისტორიული მოღვაწეობის პერიოდის შესახებ სხვა, არაპირდაპირი მტკიცებულებები. კერძოდ, ცნობილია, რომ მაშტოცის საგანგებო მისიის დროს შეხვედრები ჰქონდა ამიდის, ედესის და სამოსატის სულიერი და კულტურული ელიტის ზოგიერთ წარმომადგენელთან. მაგ: კორიუნი და ხორენაცი აცხადებენ, რომ მაშტოცის შეხვედრა ჰქონდა ეპისკოპოსი ბაბილასთან, რომელიც სომხური წყაროების თანახმად, მსახურობდა ეკლესიაში 398-409 წ.წ. სხვა ეპისკოპოსი, რომელსაც შეხვდა მაშტოცი იყო ამიდის ეპისკოპოსი აკაკი, რომელიც ჩანაწერების თანახმად, მოღვაწეობდა 400-425 წ.წ. პერიოდში.
სომხური ანბანის ყველაზე ადრეული ძეგლები, რომელიც გადაურჩა დროთა ვითარებას, მანუსკრიპტების ფრაგმენტების და საეკლესიო წარწერების სახით არის მოღწეული ჩვენამდე და დათარიღებულია V საუკუნის II ნახევრით. სომხური დამწერლობის ადრეული ძეგლები გვხვდება ნაზარეთში და სინაზე. ყველაზე ადრეული ჩვენამდე მოღწეული მანუსკრიპტები ზუსტად თარიღდება IX საუკუნით. ხელნაწერების განვითარებამდე არსებობდა მხოლოდ სწორხაზოვანი გამოსახულების ასომთავრული ასოები. ერთ-ერთი უძველესი ზუსტად დათარიღებული ძეგლი არის კათოლიკოს კომიტასის წარწერა რიფსიმეს ტაძრის დასავლეთის კედელზე, რომელიც თარიღდება 618 წლით.
მესროპ მაშთოცის მიერ შექმნილი დამწერლობის კალიგრაფიულ ფორმას ეწოდება ერკათაგირი ან „მესროპული ერკათაგირი“ და გამოიყენებოდა თითქმის XII საუკუნემდე. ადრეული შუა საუკუნეების ასოთა გრაფიკული მოხაზულობა შეიცვალა. კვადრატული ფორმებიდან ის უფრო მომრგვალებულ ფორმებზე გადავიდა. წარმოიქმნა დამწერლობის სახეები: „გრჩაგირი“, „ნოტრგირი“, „შჰაგირი“, „ბოლორგირი“.
სომხური ანბანის შექმნის დამთავრებისთანავე მესროპ მაშტოცის მოწაფეთა ჯგუფი დაიშალა. მათი ნაწილი დარჩა ედესაში სირიული დამწერლობის შესასწავლად, ხოლო მეორე ნაწილი გაემგზავრა სამოსატში ბერძნული დამწერლობის შესასწავლად. თავად მაშტოცი მოწაფეთა ჯგუფის ნაწილთან ერთად დაბრუნდა სომხეთში. კორიუნი წერს, რომ მაშტოცმა მშვიდობით გაიარა ბევრი სოფელი, სიხარულით სავსე გულით მოვიდა სომხეთში, აირარატის ოლქში ნორ კალაკის საზღვრებში. ქვეყანაში გაიშალა ფართო კულტურულ-საგანმანათლებლო მოძრაობა. სომხეთის სხვადასხვა კუთხიდან მოდიოდნენ ახლადდაარსებულ ვაგარშაპატის სემინარიაში წერა-კითხვის შესასწავლად. მაშტოცი საგანმანათლებლო მისიას აწარმოებდა ქვეყნის პერიფერიებშიც. ის გაემგზავრა გოლტნში, თავის წინანდელ ადგილსამყოფელში ნახიჩევანში, სადაც მან ერთ დროს მყარად გადაწყვიტა - შეექმნა სომხური ასოები ბიბლიის გადასათარგმნად მშობლიურ ენაზე. როგორც ადრე, მაშტოცის ძლიერი მხარდაჭერა ჰქონდა სახელმწიფო ხელისუფლებისაგან (სამეფო ხელისუფლება აღმოსავლეთ არმენიაში არსებობდა 428 წლამდე).
ამის შემდეგ ის ჩადის სიუნიქში. იბერიასა და აღმოსავლეთ არმენიის ზოგიერთ ოლქში ვიზიტის დასრულებისას მოწაფეთა და თანამოაზრეთა ჯგუფთან ერთად მესროპი მიემგზავრება ბიზანტიაში სომხური სკოლების დასაარსებლად დასავლეთ სომხეთის ოლქებში, რომლებიც ბიზანტიის გავლენის სფეროში იყვნენ მოქცეული.
დასავლეთ სომხეთში ახალი სომხური დამწერლობის გავრცელების ზუსტი დრო დადგენილია ისტორიკოსთა მიერ. პირველადი წყაროები აჩვენებენ, რომ განმანათლებელ მესროპ მაშტოცის მიერ სომხური სკოლების დაარსება და დამწერლობის გავრცელება სომხეთის დასავლეთ ნაწილში (კერძოდ, წიფქის და ბარძრ აიკის პროვინციაში) მომხდარა არა უადრეს 420-წლისა. ამდენად, სომხური ანბანის დასავლეთ სომხეთში გავრცელებას ნათლად უკავშირებენ იაზკერტ I -ის სიკვდილს და მისი შვილის - სომხეთის მმართველ შაპუხის მკვლელობას.
ხორენაცის თქმით, სომხეთი სამი წლის განმავლობაში ანარქიამ მოიცვა, რომელსაც თან ახლდა დიდი არეულობა და მღელვარებები. ხალხი სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა". პართიის მეფე იაზკერტი გარდაიცვალა 420/421 წ.წ. და ხელისუფლება მემკვიდრეობით გადავიდა ვარაჰრან V-ის ხელში. მაშტოცი სომხეთისათვის ამ მძიმე დროს გაემგზავრა ბიზანტიაში. მისი საგანმანათლებლო მისია დასავლეთ სომხეთში მოხდა იმ დროს, როცა ხელისუფლებაში მოვიდა სპარსეთის მეფე ვრამ V და გაგრძელდა იგი სომხეთის მეფე არტაშეს IV-ის დანიშვნამდე. პირველწყაროთა მონაცემები არ ტოვებს არავითარ ეჭვს, რომ დასავლეთ სომხეთში სომხური სკოლები გაიხსნა 420-422 წ.წ.
დასავლეთ სომხეთიდან დაბრუნების შემდეგ, მაშტოცი ეწვია კავკასიის ალბანეთს. გზად ალბანეთიდან იბერიაში (მეორე ვიზიტი) ეწვია გარდმანს, სადაც იგი პატივით მიიღო მიიღო უფლისწულმა ხურსმა. საგანმანათლებლო საქმიანობა გაიშალა აგრეთვე ტაშირში.
დღემდე სადავოა საკითხი - შექმნა თუ არა მესროპ მაშთოცმა სომხური ანბანის მოხაზულობა და სტრუქტურა, თუ მან გამოიყენა თანამედროვე მკვლევართათვის უცნობი ძველსომხური დამწერლობა, რომელიც თვით სომხეთშიც კი იყო დაკარგული მესროპის პერიოდში.
სავარაუდოა, რომ (ისევე, როგორც კირილიცას და ბერძნული ანბანის შემთხვევაში), მაშტოცისეული ანბანის პროტოტიპი მესროპ მაშთოცამდე დიდი ხნით ადრე გამოიყენებოდა სომხეთში, როგორც ძველსემიტური დამწერლობის ვარიანტი. არსებობს მოსაზრება, რომ ქრისტიანობის მიღებისთანავე შეცვალეს იგი, როგორც "წარმართული", ხოლო მაშთოცი იყო მისი აღდგენისა და განსახელმწიფოებრიობის ინიციატორი. ამ მხრივ, უაღრესად მნიშვნელოვანი შეტყობინება დაგვიტოვა ხორენაცმა სომხეთის კათოლიკოსის ბიზანტიის იმპერატორისადმი მიწერილი წერილის ციტირებისას.
სომხური ანბანის შესაქმნელად მესროპ მაშთოცი გაემგზავრა ჩრდილოეთ მესოპოტამიაში, რაზეც ამახვილებენ ყურადღებას საეკლესიო დამწერლობის აღდგენის მომხრეები. ანბანის შესაქმნელად მაშტოცისათვის არ იყო აუცილებელი უცხოეთში გამგზავრება. მოცემული კონცეფციის თანახმად, ის ეძებდა ძველსომხური დამწერლობის შემონახულ ნიმუშებს.
ხშირად კეთდება აქცენტები პირველწყაროზე, სადაც საუბარია მაშტოცის საძიებო საქმიანობაზე მეცნიერთა და სწავლულთა შორის.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.