From Wikipedia, the free encyclopedia
რევი — ქართლის მეფის მირიან III-ის ძე (IV საუკუნე). მირიანის მეფობის დროს მართავდა კახეთსა და კუხეთს (რეზიდენციით უჯარმაში). აქტიურად მონაწილეობდა ქართლის გაქრისტიანებაში. გარდაიცვალა მამაზე ადრე, ქართლში ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადებიდან 25-ე წელს. მისი შთამომავალნი („რევიანნი“) შემდეგში ქართლის აქტიური პოლიტიკური მოღვაწეები იყვნენ.[1] მისი მეუღლე იყო სომხეთის მეფე თრდატის ასული სალომე უჯარმელი.
რევის ადრეული ბიოგრაფია ჩვენთვის სრულიად უცნობია. „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ში რევი იხსენიება ეპიზოდურად, თუმცა ამ მწირი ცნობებიდანაც კარგად ჩანს, რომ იგი ქართლის ქრისტიანობაზე მოქცევისას ერთ–ერთი წამყვანი სახელმწიფო ფიგურაა.
არსებობს ორი ქართული საისტორიო წყარო, რომლებიც არ იმეორებენ ერთმანეთის ტექსტს და ჯამში წარმოადგენენ ურთიერთ შემავსებელ მასალას. ეს ორი წყაროა „ქართლის ცხოვრება“ და „მოქცევაჲ ქართლისაჲ“. აღნიშნულ ტექსტების ერთმანეთისაგან განმასხვავებელი ნიშან თვისება ისაა, რომ, როგორც ერთში ისევე მეორეში თავისებურად იხსენიება რევის ძმა, მირიანის ძე ბაქარი. აღნიშნული განპირობა მცხეთის ტახტის გამო წარმოშობილმა დავამ ბაქარისა და რევის შთამომაბლობას შორის. შესაბამისად აღნიშნული შუღლის შემდეგ შეიქმნა კუხეთის საერისთავოს დამოუკიდებელი ისტორია, რომლის წარმომადგენლები მოქცევაჲ ქართლისაჲში წარმოდგენილნი არიან როგორც მეფეები.
მას შემდეგ რაც მირიან მეფემ სომხეთის მეფე თრდატთან ზავი დადო, მის ძე რევის ცოლად შერთო თრდატის ასული სალომე.
რევის დაოჯახების შემდეგ მირიან მეფემ, რომელიც ამიერკავკასიას ფლობდა კასპიის ზღვამდე, ჰერეთის, რანისა და მოვაკანის ჩათვლით, მის ერთადერთ ძეს რევის (ბაქარი მძევლად წაიყვანეს კონსტანტინოპოლში) უბოძა კახეთ-კუხეთის ერისთაობა, ცენტრით უჯარმა.
პირველად მასზე საუბარია "მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ს "ქრონიკად" წოდებულ ნაწილში. 326 წელს, რომის იმპერიიდან ქართლში მოსულმა სამღვდელოებამ (იხ. იოანე მთავარეპისკოპოსი, იაკობ მღვდელი, პროსილა მთავარდიაკონი), სამეფო სახლის და ხალხის მონათვლის შემდეგ, გადაწყვიტეს ჯვრის შექმნა. როდესაც ხუროებმა შეარჩიეს ერთი მშვენიერი და ფოთოლდაუცვენელი ხე კლდის ბორცვზე, მეფემ მის მოსაჭრელად თავისი ძე რევი და მთავარდიაკონი გააგზავნა: "ითხოვეს ხჱ, რაჲთა შექმნან ჯუარი. და ძიება ყვეს ხუროთა, და პოვეს ხე ერთი, მდგომარე ბორც[უ]სა ზედა კლდისასა, რომელსა ფურცელი მისი არაოდეს დასცჳოდა. და სულჰამოჲ იყო ხე იგი და შუენიერი ფრიად, ვითარცა მადლითა ქრისტე შემოსილი. და ადგილი იგი ბორცჳ შეუვალი იყო კლდისაგან. და უთხრეს მეფესა და ეპისკოპოსსა.[2] ხოლო მეფემან წარგზავნა ძე თჳსი რევ და მთავ[ა]რ-დიაკ[ო]ნი, იხილეს შუენიერად დგომაჲ ხისაჲ მის.[3] (სინური – N/Sin48 რედაქციით: "და წარვიდეს რევ ძჱ მეფისაჲ და მთავარ-დიაკონი"[4]).
მეორედ, "მოქცევაჲ ქართლისაჲ"-შივე რევის შესახებ საუბარია წმინდა ნინოს გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საიდანაც ვიგებთ, რომ ბოდში სასიკვდილე სარეცელზე მყოფ წმინდა ნინოზე რევი, მისი ცოლი, სალომე უჯარმელი და ასული ზრუნავდნენ:
„და დასნეულდა და წარმოემართა მცხეთად. და ვითარცა მოიწია კხოეთას, დაბასა, რომელსა ჰრქჳან ბოდინი, ვერღარა ეძლო სლვად. და მო-ხოლო-ვიდეს უჟარმით ქალაქით რევ, ძჱ მეფისაჲ, და სალომე, ცოლი მისი, და ასული მისი და ზედა-ადგეს მოურნედ[5].“ |
ქართლის ცხოვრებაშიც ასევე საუბარია წმინდა ნინოს გარდაცვალებაზე და მასზე რევისა და სალომეს მიერ ზრუნვაზე.
შემდეგი ცნობა რევის შესახებ გვაქვს "მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ს შატბერდული რედაქციის "შენაზარდ" თავში – "აღმართებაჲ პატიოსნისა ჯუარისაჲ მცხეთისაჲ და მერმე კუალად გამოჩინებაჲ". ამ თავიდან ვიგებთ, რომ რევს, გარდა ასულისა, ჰყოლია ვაჟიც, რომელიც ქართლის მოქცევის დროს არასრულწლოვანი ("ყრმაჲ") ყოფილა. აქ რევი მოხსენიებულია, როგორც "კაცი ერთი მოშიში ღმრთისაჲ", რომელმაც თავისი ძის განკურნების შემდეგ მცხეთის ჯვარს "გუმბადი" აუშენა და მისი ყოველწლიური დღესასწაული ("მსახურება") დააწესა: "მას ჟამსა იყო ვინმე კაცი ერთი მოშიში ღმრთისაჲ, რომელსა ერქუა რევ, ძჱ მეფისაჲ. და იყო ძჱ რევისი სნეულ და მიწევნულ სიკუდიდ. რამეთუ იგი ხოლო მარტოჲ ესუა, მოიღო იგი და დააგდო წინაშე პატიოსნისა ჯუარისა და ცრემლით ითხოვდა მისგან: "უკუეთუ მომიბოძო ყრმაჲ ესე, გუმბადი აღვაშენო საყოფლად შენდა". და ვითარცა იგი მწარედ და უწყინოდ ტიროდა წინაშე პატიოსნისა ჯუარისა, მუნქუეს-ვე განიკურნა ყრმაჲ იგი, და სიხარულითა დიდითა წარიყვანა და ადიდებდა ღმერთსა და პატიოსანსა ჯუარსა. მერმე მოვიდა აღნათქუემისა აღსრულებად და ყო მადლისა მიცემაჲ და დიდი სიხარული, და გულს-მოდგინედ გუმბადი აღაშენა მცხეთისაჲ რევის ძემან, და წლითი-წლად მოვიდის და აღასრულის მსახურებაჲ იგი პატიოსნისა ჯუარისაჲ".[6]
"მოქცევაჲ ქართლისაჲ" კორპუსი მთავრდება მირიანის ანდერძით მისი ძის, რევისა და ცოლის, ნანას მიმართ: "ანდერძი მირეან მეფისაჲ ძისა თჳსისა მიმართ რევისა და ცოლისა თჳსისა ნანაჲსა". ამ ანდერძით მომაკვდავი მეფე თავის ძეს ავალებს კავკასიაში კერპთაყვანისცემის წინააღმდეგ ბრძოლას და სვეტიცხოვლისა და მცხეთის პატიოსანი ჯვრის თაყვანისცემას: "ხოლო ძესა თჳსსა ასწავებდა: აჰა ესერა შეიცვალა ბნელი ჩუენი ნათლად და სიკუდილი ჩუენი - ცხორებად. აწ სადა-ცა ჰპოვნე ქუეყანასა შინა შენსა ვნება(ნი) იგი ქართლისანი, მაცთურნი კერპნი, ცეცხლითა დაწუენ და ნაცარი მათი შეასუ მათ, ვინ მათ ეგლოვდეს! და ესე ამცენ შვილთა შენთა, რამეთუ მე ვიცი იგი, მწრაფლ კავკასიათა შინა ვერ დაილევიან. ხოლო შენ ესრე ჰყოფდ: თავი შენი შეჰვედრე სუეტსა მას ზეგარდამო-დიდებულსა და პატიოსანსა ჯუარსა ცათა შინა ჩინებულსა და იყავნ შენი მისლვაჲ მიწად ძილად საუკუნოდ სარწმუნოვებასა ზედა წმიდისა სამებისასა, ამენ"[7].
ოდნავ ბუნდოვანი, მაგრამ საინტერესო ვერსია გვაქვს სინურ (N/Sin50) რედაქციაში: "ხოლო ძესა თჳსსა ასწავებდა: აჰა ესერა შეჲცვალა ბნელი ჩუენი ნათლად და სიქადული ჩუენი - ცხორებად, სადა ჰპოვნე ქუეყანასა შენსა შინა ვნებანი იგი, მათ იგულოვდეს. და ესე შვილთა შენთა და ამცენ, რამეთუ მე ვიცი იგი, ვითარმედ კავკასიათა შინა არა დაჲლევიან".[8] (შდრ. ჭელიშური ვერსია, რომელსაც გვიანდელი რედაქტორის ხელი მნიშვნელოვნად დატყობია [9])
რევის გარდაცვალების თარიღის დადგენა გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული რადგან, ერთი მხრივ თვით "მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ს ცალკეულ რედაქციებში აღრეული არის ქრონოლოგიური მონაცემები, ხოლო მეორე მხრივ, მისი ტრადიცია საგრძნობლად განსხვავდება "ცხოვრება ქართუელთა მეფეთა"-ს ტრადიციისგან. ამ უკანასკნელის თანახმად,
მალევე მას შემდეგ რაც ბაქარი დააბრუნეს მძევლობიდან, რევი გარდაიცვალა. დაასაფლავეს მის მიერ აშენებულ საეპისკოპოსო (სამთავარეპისკოპოსო) ეკლესიაში — სამთავროში.
რევის ეყოლა სამი შვილი: ბაკური, თრდატი და ერთი ასული.
ქართლის ცხოვრებაში რევის შთამომავლობა სახელებით მოხსენიებული არაა. საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ რევის შთამომავალის (ბაკურის), რომელიც სომხეთის მეფის თრდატის შვილიშვილი იყო, მის გამეფებას შეეცადნენ სომხები. აღნიშნულის გამო ჩამოვარდა განხეთქილება რევიანელებსა და ბაქარიანელებს შორის. შუღლი, რომელიც არც ჯერ კიდევ ცოცხალი სალომეს ხელმოწერით დაგვირგვინდა — „ვიდრემდის იყოს ნათესავი ბაქარისი, რომელსა ეძლოს პყრობა მეფობისა. მისი იყოს მეფობა, და არა-ოდეს ძებნონ მეფობა ნათესავთა რევისთა“ არ განელდა ვიდრე ბაქარის შთამომავალი ვარაზ-ბაკურიმ არ შეირთო რევის მოდგმის ასული, რითაც რევის შთამომავლობას მიეცა საშუალება ასულიყვნენ მცხეთის ტახტზე.
ვ. გოილაძე, ფარნავაზიანთა სახლის ქრისტიან მეფეთა ქრონოლოგია, თბ. 1990 წ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.