პიკარესკული რომანი (ესპ. „novela picaresca“, სიტყვიდან pícaro, რაც ქართულად ნიშნავს ცრუპენტელას, თაღლითს, ავანტიურისტს), რომანის ჟანრის ნაირსახეობა. ასეთი ჟანრის ნაწარმოებში სპეციფიკური ხერხებით მოთხრობილია გაიძვერა გმირის ან პერსონაჟების თავგადასავალი.
პიკარი (picaro) ესპანური სიტყვაა და თაღლითს, გაიძვერას, გაქნილს, ცუღლუტს ნიშნავს. პაკარესკული რომანი, ანუ რომანი, რომლის მთავარი გმირი პიკაროა, ლიტერატურული ჟანრია, რომელიც მე-16 საუკუნის "ოქროს ხანის" ესპანეთში შეიქმნა (თუმცა მისი ნიშნები ანტიკური ხანის თხზულებებშიც მოიპოვება, მაგალითად, პეტრონიუსის „სატირიკონში“, აპულეუსის „ოქროს ვირში“, აგრეთვე მე-16 საუკუნის დამდეგს გამოცემულ უცნობი გერმანელი ავტორის „ოილენშპიგელის თავგადასავალში“ და სხვ.). ნამდვილი პიკარესკული რომანის პირველ ნიმუშად ანონიმი ავტორის თხზულება „ლასარილიო ტორმესელის ცხოვრება“ ითვლება.
`ლასარილიო ტორმესელის ცხოვრების“ მთარგმნელის, პეტრე უმიკაშვილის წინასიტყვაობიდან თაღლითური რომანების წარმოშობის შესახებ წიგნში დიეგო
ხურტრადო მენდოზას „ლაზარილიო ტორმესელი“, ტფილისი, 1899, გვ. 4-5:
„როგორ გაჩნდა ამისთანა მწერლობის რომანები და რა იყო ამის მიზეზი, რომ მწერლობას მასალა მიეღო მატყუარა კაცების გამოყვანისათვის?
მიზეზი იყო შემდეგი: იმ დროს ესპანია ძლიერი სახელმწიფო იყო, რომელსაც ევროპის სხვა ქვეყანა ვერ შეედრებოდა. გარეთ ესპანია მთელ ევროპაში ბრძანებლობდა და ამერიკის მფლობელი იყო. ევროპაში ლაშქრობამ და ამერიკაში ოქროს შოვნამ მთელი ესპანიის ხალხი, თავად-აზნაურობიდან მოყოლებული გლეხობამდის მიიზიდა. ყველას ჯარში შესვლა ჰსურდა ან და ამერიკის სიმდიდრის შოვნა. ყველა იქ ეტანებოდა, საცა კი ადვილი ცხოვრება შეეძლო. ხვნა-თესვა, მეურნეობა, ხელოსნობა და ვაჭრობა სათაკილო და მსაზიზღარ საქმედ შეიქმნა. მაგრამ, რაც უნდა დიდი ჯარი ჰყოლოდა ესპანიის მეფეს, ყველას სად დაიტევდა. ამის გამო უადგილო აზნაური უსაქმოდ დაეხეტებოდა, რაკი სათავისო საქმეს ვერ შოვობდა საზოგადოებაში. ზოგი კიდევ ჯარიდან დაბრუნებული უსაქმობას დაჩვეული ვერაფერ საქმეს ვერ მოსჭიდებოდა. ეს ორ გვარი უსაქმო ხალხი ქალაქ ადგილებში იხვეტებოდა და მთელ საზოგადოებას მძიმე ტვირთად აწვებოდა. ამ ჯურის ხალხს სხვა მეტი ხელობა არაფერი გააჩნდა პირფერობისა, სხვების ფეხთ-კოცნის, ენა მტანიობის, ლაზღანდარობის, ხან მძიმე დანაშაულის და ავაზაკობის მეტი. უნდა ეცხოვრა სხვის სუფრაზე ლაყანდარასავით. ესენი სულ მჭადა დიდგულა აზნაურები (ჰიდალგოები) იყვნენ. ყველა ჰხედავდა და იცნობდა, რა სახით ეთრეოდნენ ქუჩა-ქუჩა მაწანწალასავით, უყვარდათ გვერდზე დადება ქუდისა და ატეხა ჩხუბისა. ან და დიდ-კაცებს ხვეწნით სულს ართმევდნენ, სულ უკანასკნელი მცირე რამე ადგილი გვიწყალობეო.
მჭადა ჰიდალგოებს გარდა, სხვა ჯურის კაცებიც იყვნენ მდაბალ წოდებისა, რომელნიც მხნე გამრჯენი იყვნენ, თავის გამჭრიახობას, ცბიერობას, ათასგვარ მოხერხებულობას იმაზე ხმარობდნენ, რომ ბუზებივით გარს ეხვეოდნენ ამერიკის ოქროს მხვეჭელებს. ხედავდნენ, რომ ადვილად ნაშოვნი ოქრო ადვილადვე
იფლანგება წვიმა-წყალსავით და რა იქმნება, ამ ოქროს ნაწვიმი ჩვენც მოგვხვდესო. ამისთვის ყოველ-გვარ მატყუარობას, პირფერობას და ოინებს ხმარობდნენ თავის მწყალობლებთან, რომ ხელცარიელები არ დარჩენილიყვნენ. საზოგადოება გაირყვნა ერთი მხრივ მფლანგველების ცხოვრებით და მეორე მხრივ მათ გარს შემოხვეულ მატყუარა კაცების ზნე-დაცემულობით. აი, ამ დროს დაიბადა იმ გვარი მწერლობა, რომელშიაც პლუტი, მატყუარა და ცბიერი ცხოვრებაა ნაამბობი.“
„„სიბრძნე სიცრუისას“ პროტაგონისტი ლეონის მოგზაურობით და ავანტიურისტული თავგადასავლით ქართულ პროზაში სულხან-საბა ორბელიანმა სათავე დაუდო პიკარესკული რომანის დისკურსს.“
აკაკი გაწერელია მიანიშნებს პიკარესკული ნოველის კომპოზიციურ ნათესაობაზე „ქილილა და დამანას“, „თიმსარიანსა“ და სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისასთან“ .
ნამდვილი პიკარო ქართულ ლიტერატურაში პირველად ბარბარე ჯორჯაძემ დახატა ნოველაში „ტიტია და ივანე“. თუმცა ნოველის მთავარი პერსონაჟები დროის გასატარებლად სოფლიდან ქალაქში პირველად ჩამოსული ახალგაზრდა აზნაურები არიან, რასაც მათი სახელების სათაურად გატანაც მოწმობს, მაგრამ მათი „მასპინძელი“ ქალაქელი თაღლითი, ისაკა ქლესოვი იმდენად კოლორიტული სახეა, რომ „ტიტია და ივანე“ შეიძლება პირველ ქართულ პიკარესკულ ნოველად ჩაითვალოს.
ქართული პიკარესკული ლიტერატურაა: მიხო მოსულიშვილის თაღლითური რომანი „ფრენა უკასროდ“, ელგუჯა თავბერიძის დოკუმენტური რომანი „აირევი ივერია ანუ ჯენტლმენ სოლომონ აშორდიას ცხოვრება და შეხედულებანი“. გამოქვეყნდა საყურადღებო წერილები: ამირან გომართელის „კვაჭი კვაჭანტირაძე“ – თაღლითური რომანის ქართული ნიმუში“, როსტომ ჩხეიძის „თაღლითის პატიოსნება“; მანანა კვაჭანტირაძის „ტრიქსტერი როგორც ანტიგმირი“; ეკატერინე ნიკოლაიშვილმა დაიცვა სადოქტორი დისერტაცია „ესპანური პიკარესკული რომანის ტენდენციები XVIII საუკუნის ინგლისურ ლიტერატურაში“.
ივანე ამირხანაშვილი. იოანე ბატონიშვილი // ქართული მწერლობა. „დილის“ საყმაწვილო ენციკლოპედია, ტ. X. თბილისი: 2006.
გიორგი გაჩეჩილაძე. რენესანსი და ბაროკო (წანამძღვრები „ვეფხისტყაოსნისა“ და „სიბრძნე სიცრუისას“ შედარებითი ანალიზისათვის) // სულხან-საბა ორბელიანი 350. საიუბილეო კრებული. თბილისი: ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა, 2009.
ლაზარილიო ტორმესელის ცხოვრება. თარგმნა პეტრე უმიკაშვილმა. თბილისი: საქართველოს სსრ საბავშვო და ახალგაზრდობის ლიტერატურის სახელმწიფო გამომცემლობა, 1959.
ამირან გომართელი. ლიტერატურული წერილები და ესეები. თბილისი: „უნივერსალი“, 2005.
ელგუჯა თავბერიძე. აირევი ივერია, ანუ ჯენტლმენ სოლომონ აშორდიას ცხოვრება და შეხედულებანი. ქუთაისი: ქუთაისის საგამომცემლო ცენტრი, 2006.
მანანა კვაჭანტირაძე. ტრიქსტერი როგორც ანტიგმირი (მიხეილ ჯავახიშვილის „კვაჭი კვაჭანტირაძე“) // ქართული ლიტერატურა რეალიზმისა და მოდერნიზმისა მიჯნაზე (ეძღვნება მიხეილ ჯავახიშვილის და ნიკო ლორთქიფანიძის დაბადებიდან 130-ე წლისთავს). თბილისი: ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა, 2010.
''ეკატერინე ნიკოლაიშვილი. ესპანური პიკარესკული რომანის ტენდენციები XVIII საუკუნის ინგლისურ ლიტერატურაში. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია. ბათუმი, 2008
როსტომ ჩხეიძე. თაღლითის პატიოსნება // „ჩვენი მწერლობა“, 2008, #2 (54).
ხალხური... 1964: ხალხური სიბრძნე, ტ. II. თბილისი: „ნაკადული“, 1964.