From Wikipedia, the free encyclopedia
კვიპრიანე კართაგენელი — მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 31 აგვისტო, ახალი სტილით — 13 სექტემბერი.
კვიპრიანე კართაგენელი Cyprian | |
---|---|
მღვდელმოწამე კვიპრიანე | |
პროვინცია | აფრიკა |
ეკლესია | მართლმადიდებელი ეკლესია |
პირადი მონაცემები | |
დაბადების თარიღი | 200 - 258 წწ. |
გარდაცვალების თარიღი | 258 წ. |
რელიგია | ქრისტიანობა |
კვიპრიანე კართაგენელი დაიბადა დაახლოებით 200 წელს ქალაქ კართაგენში (ჩრდილოეთ აფრიკა). მან, მდიდარი წარმართი სენატორის შვილმა, შესანიშნავი საერო განათლება მიიღო და ახალგაზრდობაშივე ბრწყინვალე ორატორი და მჭევრმეტყველებისა და ფილოსოფიის მასწავლებელი გახდა. იგი ქონებას მდიდრულ ქეიფებს, განცხრომით ცხოვრებას ახმარდა, მაგრამ მაშინაც სხვა წარმართებთან შედარებით უფრო მკაცრ ზნეობრივ პრინციპებს ერთგულებდა და რაღაც უმჯობესს, შეუცნობს ელტვოდა. უფალმა გაუნათა გონება - გულწრფელად ირწმუნა ქრისტე და მოინათლა. ნათლისღებამდე წმინდანმა მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა, თავად კი ხუცეს სესილიუსთან დასახლდა. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ იგი მღვდლად აკურთხეს, კართაგენის ეპისკოპოს დონატუსის გარდაცვალების შემდეგ კი, 248 წელს, ერთხმად აირჩიეს მღვდელმთავრად.
ნეტარი მამა მოშურნედ შეუდგა ეკლესიის კეთილმოწყობასა და ღვთისმსახურებსა და მრევლში არსებულ მანკიერებებთან ბრძოლას. ამ დროს, ღვთისმოყვარე იმპერატორ ფილიპეს ზეობისას (244-249), ქრისტიანები საკმაოდ მშვიდად ცხოვრობდნენ, მაგრამ აფრიკელ მართლმადიდებლებს შორის დიდი ბოროტებაც შეიპარა: არსებულ სიმშვიდესა და უსაფრთხოებაში მათ თანდათან გაუცივდათ გული სარწმუნოების მიმართ - უწინდელი საღმრთო შური მიწიერი სიტკბოების, სიმდიდრისა და ფუფუნების ტრფიალმა შეცვალა, ერთმორწმუნეთა შორის არსებული ძმური სიყვარული განქარდა, გლახაკები აღარავის ახსოვდა. კვიპრიანე ცდილობდა, სიტყვითა და პირადი მაგალითით გამოეფხიზლებინა ქრისტიანები და სიცოცხლის ჭეშმარიტი მიზანი დაენახვებინა მათთვის.
ამასობაში ტახტზე ავიდა ღვთისმოძულე დეციუსი (249-251), რომლის შესახებაც წმინდანმა წინასწარ შეიტყო სიზმრისეული ჩვენებით. დაიწყო ქრისტიანების სასტიკი დევნა.
ეპისკოპოსი კვიპრიანე მორწმუნეთა დაჟინებული თხოვნით გაიხიზნა, რომ საკუთარი სიცოცხლის შენარჩუნებით დახმარებოდა დევნილებს. კართაგენში კი ამაზრზენი ამბები დატრიალდა: ცხადად გამოჩნდა, თუ რა სახიფათოა შემსჭვალვა ამქვეყნიურ კეთილდღეობებზე, როგორ ანელებს ის ღვთის სიყვარულს. გულგრილმა ქრისტიანებმა, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე დაიწყეს წარმართული მსხვერპლშეწირვის აღსრულება. ზოგიერთები არ სწირავდნენ კერპებს მსხვერპლს, მაგრამ ყიდულობდნენ მოწმობებს, რომ ეს წესი შესრულებული ჰქონდათ და ამგვარად ინარჩუნებდნენ სიცოცხლესა და ქონებას. განდგომილები ისე მრავლად იყვნენ, რომ მსაჯულები ვერ აუდიოდნენ უარყოფის ბარათების მიღებას და მომდევნო დღისთვის გადაჰქონდათ. თავის წერილებში წმინდა კვიპრიანე მოუწოდებდა ქრისტიანებს, მიემართათ ლოცვისთვის, როგორც ერთადერთი საიმედო იარაღისთვის, სთხოვდა ხუცესებს, ეზრუნათ სუსტებზე და უძლურებზე, ეღვაწათ დაცემულთა აღდგინებისათვის, ბრძანა, მთელი მისი ქონება გლახაკ მართლმორწმუნეთათვის დაერიგებინათ, რომ უპოვარების გამო არ მიმხრობოდნენ წარმართებს. იგი ითხოვდა, ჩაენიშნათ მოწამეთა მიცვალების დღეები, რომ შემდგომ ყოველწლიურად ამ დღეებში მათი ხსენება აღენიშნათ. წმინდა მამა ხარობდა მათ გამო, ვინც არ შეუშინდა მტარვალთა წინაშე ქრისტეს აღიარებას, მაგრამ შიშობდა, რომ ამ ღვაწლს ამპარტავნებაში არ ჩაეგდო აღმსარებლები და მამაშვილურად აფრთხილებდა: „დაე იყვნენ ისინი თავმდაბალნი, მშვიდნი და კეთილი მაგალითი მისცენ სხვებს შემდგომი მოქმედებითაც. ყველაზე მკაცრი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა. უფალმა ბრძანა: „რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს“ [1]. დაე ჰბაძვიდნენ იესო ქრისტეს, რომელმაც სწორედ თავისი ვნების წინ გვიჩვენა თავმდაბლობის უდიდესი მაგალითი, ფეხები დაჰბანა რა თავის მოწაფეებს... ახლა კიდევ უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, უნდა ეშინოდეთ მათ მტრის ხაფანგში მოხვედრისა, რომელიც, ნაგემები დამარცხებისთვის შურისძიების სურვილით აღძრული, მონდომებით ესხმის თავს ყველაზე ძლიერებს“.
კვიპრიანეს შიში გამართლდა: კართაგენის ეკლესიას განდგომილთა სულმოკლეობა იმდენად არ ტანჯავდა, რამდენადაც ზოგიერთი აღმსარებლის შეუფერებელი ამპარტავნება და საძრახი საქციელი. მათი ნაწილი, აღსრულებული ღვაწლით გაამაყებული, არღვევდა ეკლესიის წეს-კანონებს და საკუთარი სახელით აძლევდა წერილობით ნებართვებს იმ განდგომილებს, რომელთაც კრებულში დაბრუნება სურდათ; ეკლესიაში კი ოდითგანვე არსებობდა წესი, რომ მძიმე ცოდვილები მხოლოდ სრული მონანიების შემდეგ მიეღოთ უკან. გამოცდის ვადა იყო ერთი წლიდან სამ წლამდე, ცოდვის სიმძიმის მიხედვით, წეს-კანონების დარღვევამ ააღელვა რომისა და კართაგენის ეკლესიები და წარმოშვა განხეთქილება. რომაელმა ხუცესმა ნოვაციანემ დაიწყო იმის მტკიცება, რომ ღვთისგან განდგომილების უფლის ეკლესიაში მიღება ყოვლად დაუშვებელია და ვერანაირ სინანულს ვერ ძალუძს მათი ცოდვის აღხოცა. მას ბევრი მიმდევარი გამოუჩნდა. წმინდა კვიპრიანე თავის ეპისტოლეებში გმობდა ნოვაციანელთა მწვალებლობას და იძლეოდა რჩევას, განდგომილებთან ურთიერთობაში შუალედური გზა აერჩიათ: თავი შეეკავებინათ ქარაფშუტული შემწყნარებლობისაგან, რომელიც შეცოდებულთაგან სინანულს არ ითხოვდა და ზედმეტი სიმკაცრისგანაც, სახარებისეული სწავლების სულს რომ არ ეთანხმებოდა.
ორი წლის შემდეგ, როდესაც დეციუსი გარდაიცვალა, კვიპრიანე კართაგენში დაბრუნდა. მისი არყოფნისას მორწმუნეთა შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადასაწყვეტად ნეტარმა მღვდელმთავარმა მოიწვია ადგილობრივი კრება, რომელმაც აღელვებულ ეკლესიაში მშვიდობის ჩამოგდება და ერთობის დამყარება სცადა.
რამდენიმე ხნის შემდეგ ტახტზე ავიდა გალიენუსი (253-268), რომელმაც განაახლა ქრისტიანთა დევნა. კვიპრიანემ ამჯერად გადაწყვიტა, დარჩენილიყო ეპარქიაში და მრევლი ქრისტიანული მოვალეობების შესასრულებლად მოემზადებინა.
მოლოდინის საპირისპიროდ, აფრიკის ოლქში მკვიდრ ქრისტიანებს ამჯერად დევნა თითქმის არც განუცდიათ, მაგრამ სხვა უბედურება დაატყდათ თავს - შავი ჭირის ეპიდემია. ყოველდღე ათასობით ადამიანი იღუპებოდა. აქ ცხადად გამოჩნდა მართლმადიდებლური სარწმუნოების ძლიერება. მღვდელმთავარ კვიპრიანეს მადლმოსილი სიტყვებით და პირადი მაგალითით აღფრთოვანებული ქრისტიანები არც სიცოცხლეს და არც ქონებას არ ზოგავდნენ მიცვალებულთათვის საკადრისი პატივის მისაგებად და განწირულთა დასახმარებლად, ზოგი მათგანი საკუთარ სახლში იფარებდა ავადმყოფებს. ამ დროს დაწერა წმინდა მამამ წიგნი „სიკვდილიანობის შესახებ“, სადაც წუთისოფლის ამაოებასა და სწრაფწარმავლობაზე საუბრობს და ცდილობს, ქრისტიანთა გონება მომავალი, მარადიული ცხოვრებისაკენ მიმართოს.
ის-ის იყო, ჟამიანობა შეწყდა, რომ ბარბაროსები შეიჭრნენ კართაგენის მოსაზღვრე, ნუმიდიის ოლქში და მრავალი ქრისტიანი ტყვედ წაასხეს. წმინდა კვიპრიანემ მრევლს მიმართა: „არა მარტო გრძნობა, სჯულიც გვავალებს, გამოვისყიდოთ დატყვევებული თანამოძმეები: ქრისტე მკვიდრობს მათში“. კართაგენელმა მართლმადიდებლებმა, მართლაც, გულთან მეტად ახლოს მიიტანეს ნუმიდიელთა გასაჭირი და უხვი შესაწირი გაიღეს მათ გამოსასყიდად.
253 წელს ტახტზე ავიდა იმპერატორი ვალერიანუსი (253-260). მისი მეფობის პირველი ექვსი, მშვიდობიანი წლის მანძილზე კვიპრიანე გულმოდგინედ ზრუნავდა საეკლესიო საქმეების მოსაწესრიგებლად, იმპერატორ ვალერიანეს თავისი კეთილგანწყობა ქრისტიანთა მიმართ საყვარელი კარისკაცის, ვალერიანე მაკრინეს წაქეზებით სიძულვილით შეეცვალა - სწორედ ამან გამოიწვია მაცხოვრის მსასოებელთა დევნის განახლება. კართაგენის პროკონსულმა პატერნემ მღვდელმთავარ კვიპრიანეს კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა. წმინდანმა უარი განაცხადა როგორც ამ მოთხოვნის შესრულებაზე, ისე კართაგენელ მღვდელმსახურთა სახელებისა და ადგილსამყოფელის გაცხადებაზე. ამისთვის ნეტარი მამა ზღვისპირა ქალაქ კურუბისში გადაასახლეს. დიაკონი პონტიუსი ნებით გაჰყვა მას თან. იმ დღეს, როდესაც წმინდა ეპისკოპოსი გადასახლების ადგილზე ჩავიდა, უფალმა სიზმრისეული ჩვენებით აუწყა, რომ ზუსტად ერთი წლის შემდეგ მოწამეობრივად აღესრულებოდა. დევნილობისას წმინდანმა მრავალი ეპისტოლე და წიგნი დაწერა.
დაახლოებით 258 წელს ნეტარი მამა კურუბისიდან გაიწვიეს და სამსჯავროზე წარადგინეს. პროკონსულის ავადმყოფობის გამო სხდომა ერთი დღით გადაიდო. ის ღამე წმინდანმა ერთ-ერთი წარმართი მოხელის სახლში გაატარა. ქალაქში ცნობილი გახდა მისი ადგილსამყოფელი და ამ სახლის სიახლოვეს უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი. დილით, როდესაც მღვდელმთავარი სამსჯავროს შენობისკენ წაიყვანეს, შეკრებილი ქრისტიანები თან გაჰყვნენ მას. მსაჯულმა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა ნეტარს და როდესაც პასუხად მტკიცე უარი მიიღო, მახვილით თავის მოკვეთა მიუსაჯა. განაჩენი რომ მოისმინა, ქრისტეს ტარიგმა ღაღადჰყო: „დიდება უფალს!“ ხალხმა კი იხუვლა: „ჩვენც მასთან ერთად გვსურს სიკვდილი!“ სიკვდილით დასჯის ადგილს რომ მიაღწიეს, კვიპრიანემ აკურთხა ყველა და განკარგულება გასცა, მისი სახელით ოცდახუთი ოქროს მონეტა ებოძებინათ ჯალათისთვის. შემდეგ საკუთარი ხელით აიკრა თვალები, ხელები იქვე მდგარ ხუცესსა და იპოდიაკონს შეაბორკვინა და ქედი მოუდრიკა მახვილს. ნეტარი მამა 258 წელს აღესრულა მოწამეობრივად. მისი წმნიდა ცხედარი ღამით წაასვენეს და პატივით დაფლეს პროკურატორ მაკრობიუს კანდიდიანეს კერძო საძვალეში.
მოგვიანებით, კარლოს დიდის (771-814) დროს მღვდელმოწამის უხრწნელი ნაწილები პატივით გადაასვენეს საფრანგეთში.
წმინდა კვიპრიანე კართაგენელმა ძვირფასი მემკვიდრეობა დაგვიტოვა: ღვთივსულიერი თხზულებები და ოთხმოცი ეპისტოლე. ისინი მიღებულ იქნა, როგორც მართლმადიდებლური სარწმუნოების ნიმუშები და მსოფლიო კრებებზე (ეფესოს III და ქალკედონის IV) იკითხებოდა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.