From Wikipedia, the free encyclopedia
მუხთარ აუეზოვი (ყაზახ. Мұхтар Омарханұлы Әуезов; დ. 28 სექტემბერი, 1897, შინგისტაუ, სემიპალატინსკის რეგიონი (ახლანდელი აბაის რაიონი), რუსეთის იმპერია — გ. 27 ივნისი, 1961, მოსკოვი, სსრკ) — საბჭოთა ყაზახი მწერალი, დრამატურგი და მეცნიერი. პირველი ხარისხის სტალინური პემიის (1949) და ლენინური პრემიის (1959) ლაურეატი.
მუხთარ აუეზოვი | |
---|---|
ყაზახ. Мұхтар Омарханұлы Әуезов | |
დაბადების თარიღი | 16 (28) სექტემბერი, 1897[1] |
დაბადების ადგილი | რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 27 ივნისი, 1961[2] [1] [3] [4] (63 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | მოსკოვი |
დასაფლავებულია | Central Cemetery (Alma-Ata) |
საქმიანობა | მწერალი და პოეტი |
ენა | ყაზახური ენა |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია სსრკ |
ალმა-მატერი | სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი |
ჟანრი | რომანი |
ჯილდოები | სტალინური პრემია, ლენინის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“, ლენინური პრემია და Q112670018? |
შვილ(ებ)ი | M. Auėzov და Q12579229? |
აუეზოვი იყო ყაზახეთის სსრ-ის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946), რუსეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე. მისი რომანი „აბაის გზა“ (ოთხტომეული) შევიდა „მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკაში“. მისი მოთხრობის მიხედვით გადაღებული ფილმი („ულმობელი“(რუსული)ქართ.) სსრკ-იდან ნომინირებული იყო ოსკარზე.
დაიბადა 1897 წლის 28 სექტემბერს რუსეთის იმპერიის სემიპალატინსკის ოლქის შინგისტაუს რეგიონში (ახლანდელი ყაზახეთის რესპუბლიკის აბაის რეგიონი).[5]
მან მშობლები ადრე დაკარგა: მამა ომარხანი გარდაიცვალა 1900 წელს, დედა ნურჟამალი 1912 წელს. პატარა მუხთარს ზრდიდა მისი ბიძა კასიმბეკი, რომელმაც 1907 წელს, მედრესეში სწავლის ერთი წლის შემდეგ, ბიჭი სემიპალატინსკში, ქალაქ სემიპალატინსკის 5-კლასიან რუსულ სკოლაში მოაწყო ზემსტოვოს სტიპენდიაზე. 1912-1913 სასწავლო წელს მუხთარმა წარჩინებით დაამთავრა მასწავლებელთა სემინარიის პირველი კლასი. 1919 წელს დაასრულა სწავლა სემიპალატინსკის მასწავლებელთა სემინარიაში.
1917 წელს აბაის მეუღლის აიგერიმის იურტაში, აბაის შვილიშვილის საქორწინო საჩუქრად, დაიდგა მუხთარ აუეზოვის მიერ დაწერილი პირველი სპექტაკლი „ენლიკ-ქებეკი“. პირველი მოყვარული მსახიობები აბაის შვილიშვილები და პიესის ავტორის ახლო ნათესავები იყვნენ.
1917 წლის ზაფხულში, უძველესი ჩვეულებისამებრ და ახლო ნათესავების ნებით, მუხთარმა ცოლად შეირთო 15 წლის ლამაზმანი რეიჰანი. 1918 წელს შეეძინათ ქალიშვილი მუგამილია (1918-2009), ერთი წლის შემდეგ კი - ვაჟი ჩოკანი, რომელიც ადრე გარდაიცვალა. 1920 წელს ისინი განქორწინდნენ და შედეგად მუხთარმა თან წაიყვანა ქალიშვილი, რომელზეც მთელი ცხოვრება ზრუნავდა.
რევოლუციურ პერიოდში მუხთარ აუეზოვი გახდა ყაზახური ახალგაზრდული ორგანიზაციის „ჟანარის“ აქტიური წევრი, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, სამხრეთ ყაზახეთის მშიერი მოსახლეობის დახმარებაში იყო ჩართული. 1918 წელს მან ჯუსუპბეკ აიმაიტოვთან ერთად სემიპალატინსკში გამოსცა ჟურნალი „აბაი“, რომელიც იდეოლოგიური მიზეზების გამო დაიხურა მეთორმეტე ნომრის გამოსვლის შემდეგ. 1919 წლის 1 დეკემბერს სემიპალატინსკში საბოლოოდ დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება. ამავე წელს მუხთარ აუეზოვი შევიდა საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიაში და შემდგომში დაწინაურდა პარტიული ხაზით სემიპალატინსკის პროვინციული აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარისა და ყაზახეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მდივნის თანამდებობაზე ორენბურგში (მაშინ ყირგიზეთის ავტონომიური სსრ-ის დედაქალაქი). ამავდროულად ცდილობდა ძალების მოსინჯვას დრამასა და ჟურნალისტიკაში.
1922 წლის შემოდგომაზე, „პარტიული დისციპლინის დარღვევისა“ და „ნაციონალიზმის გამოვლინების“ გამო, აუეზოვი გარიცხეს ბოლშევიკური პარტიიდან, რომლის წევრიც ის 3 წელიწად-ნახევარი იყო. მან დასტოვა თანამდებობა ორენბურგში და თავისუფალ მსმენელად ჩაირიცხა შუა აზიის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტაშკენტში (ამჟამად უზბეკეთის ეროვნული უნივერსიტეტი). პარალელურად თანამშრომლობდა ჟურნალში „შოლპანი“.
1923 წლის გაზაფხულზე, მუხთარ აუეზოვმა, მთავარი ეთნოგრაფის, ისტორიკოსისა და ფოლკლორისტის, ორენბურგის კადეტთა კორპუსის კურსდამთავრებულის, აბუბაკირ დივაევის წინადადებით, მონაწილეობა მიიღო სამეცნიერო კომისიაში კარკარალის მაზრის ჩინგიზის რეგიონში „აბაის ორიგინალური ნაშრომების (ფილოსოფიური ნოტები და ლექსები) და დრეიპერის, ლიუისის, სპენსერის თარგმანების გადარჩენილი ხელნაწერების შეგროვებისა და მოპოვების მიზნით“. აუეზოვის თანმხლებნი იყვნენ ყოფილი ცნობილი ალაშ-ორდელები ხალელ დოსმუხამედოვი და მაგჟან ჟუმაბაევი. შემდგომში ეს თანამშრომლობა გახდა მიზეზი იმისა, რომ აუეზოვი დაედანაშაულებინათ ალაშ-ორდაში მონაწილეობაში.
1923 წლის ოქტომბერში ჩაირიცხა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. იქ მუხთარ აუეზოვი შეხვდა ვალენტინა კუზმინას, რომელიც მისი მესამე ცოლი გახდა. მაგრამ პირველი წლის შემდეგ ის დაბრუნდა ყაზახეთში. 1925 წლის შემოდგომაზე იგი კვლავ გაემგზავრა ლენინგრადში და დაამთავრა სწავლა 1928 წელს. 1928 წლის აგვისტოში ლენინგრადის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ახალგაზრდა ოჯახი საცხოვრებლად ტაშკენტში გადავიდა, სადაც სწავლების პარალელურად, აუეზოვი შუა აზიის უნივერსიტეტის სამაგისტრო სკოლაში ჩაირიცხა. 1929 წელს შეეძინათ ქალიშვილი ლეილა, მოგვიანებით ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, მუხთარ აუეზოვის სახლ-მუზეუმის პირველი დირექტორი.
1930 წელს აუეზოვი დააპატიმრეს ახალგაზრდა ყაზახი მწერლების ორგანიზაცია „ალკასთან“ კავშირის ბრალდებით და ციხეში გაატარა 2,5 წელი. ცოლ-შვილი ლენინგრადში დაბრუნდნენ.
გათავისუფლების შემდეგ, აუეზოვი ასწავლიდა ალმათის უმაღლეს სასწავლებლებში, მათ შორის ყაზახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ყაზახეთის პედაგოგიურ ინსტიტუტში, თან აგრძელებდა პიესების წერას. მისმა მეგობარმა და პოეტმა ილიას ჯანსუგუროვმა აუეზოვს ურჩია პოლიტიკიდან წასვლა და მისი ცნობილი წინაპრის — აბაის მოღვაწეობის შესწავლა. და 1933 წელს აუეზოვმა გამოაქვეყნა აბაის ლექსების პირველი სრული კრებული, მოამზადა აბაის ნაწარმოებების პირველი სამეცნიერო კრებული და პარალელურად მისი პიესები შესრულდა ყაზახურ მუსიკალურ თეატრში. ოჯახი გაერთიანდა და 1943 წელს შეეძინათ ვაჟი ერნარი, მომავალი ბიოლოგი. ყაზახეთის მწერალთა კავშირის პირველი პლენუმის მიხედვით, რომელიც გაიმართა 1937 წლის მაისში, აუეზოვი იყო ყველაზე გამორჩეული ფიგურა ყაზახეთის ლიტერატურულ ჰორიზონტზე. მაგრამ ასევე ყველაზე დევნილიც: მისი ნაშრომები აკრძალა ადგილობრივმა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა, ამოიღეს ბიბლიოთეკებიდან და თავადაც გაათავისუფლეს სამსახურიდან.
წავიდა მოსკოვში და ბევრს თანამშრომლობდა მწერალ ლეონიდ სობოლევთან. მათ დაწერეს ტრაგედია „აბაი“, სამეცნიერო კვლევა „ყაზახი ხალხის ეპოსი და ფოლკლორი“ და გამოსცეს კრებული „ყაზახი ხალხის სიმღერები“.
ომის დაწყებისთანავე, აუეზოვი დაბრუნდა ყაზახეთში, მუშაობდა ყაზახეთის სსრ-ის ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტში და ცოტა მოგვიანებით მუშაობდა ყაზახეთის კულტურის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში. 1942 წელს გამოსცა რომანის პირველი წიგნი „აბაი“. ამავდროულად, იგი სამოქალაქო ქორწინებაში იმყოფებოდა ფატიმა გაბიტოვასთან, მისი მეგობრის — ილიას ჯანსუგუროვის ქვრივთან, რომელიც შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა 1937 წელს დახვრიტა. 1943 წელს მათ ვაჟი მურატი შეეძინათ, მოგვიანებით კულტურის მეცნიერი და „მუხთარ აუეზოვის ფონდის“ დამფუძნებელი.
1945 წელს, აბაის ასი წლისთავზე, აუეზოვმა დაწერა ოპერა „აბაის“ ლიბრეტო, სცენარი მხატვრული ფილმისთვის „აბაის სიმღერები“, აბაის ბიოგრაფიის ახალი ვერსია და რამდენიმე სტატია მის შესახებ. პირველი წიგნი „აბაი“ გამოიცა მოსკოვში, დაჯილდოვდა შრომის წითელი დროშის ორდენით. მომდევნო წელს გახდა ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი, ყაზახეთის სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. 1947 წელს გამოიცა „აბაის“ მეორე წიგნი ყაზახურ ენაზე, 1948 წელს — ორივე წიგნი რუსულ ენაზე.
1947 წელს გამოიცა ყაზახეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ბრძანებულება „ყაზახეთის სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენისა და ლიტერატურის ინსტიტუტის მუშაობაში უხეში პოლიტიკური შეცდომების შესახებ“. მწერალს მუდმივად უთვალთვალებდნენ, არ აძლევდნენ მას მშვიდად მუშაობის საშუალებას. თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია მუხთარ აუეზოვისთვის 1948 წელს სტალინური პრემიის ლაურეატი გამხდარიყო. პირველი ხარისხის პრემია (ფულადი ჯილდო 100 ათასი მანეთი) ავტორს მიენიჭა რომანისთვის „აბაი“.[6] 1952 წელს ყაზახურ ენაზე გამოიცა პირველი წიგნი „აბაის გზა“ და იმავე წელს, საკავშირო გაზეთის, „პრავდას“ ფურცლებზე, კვლავ წამოაყენეს ბრალდება აუეზოვის სამოქალაქო სიფხიზლის ნაკლებობის შესახებ. 1953 წლის 30 იანვრით დათარიღებული „პრავდას“ სტატია მეორე დღეს ხელახლა გამოაქვეყნა ყაზახეთის პრავდამ. პროფესორი, აკადემიკოსი მუხთარ აუეზოვი გაათავისუფლეს უნივერსიტეტიდან „ბურჟუაზიულ-ნაციონალისტური შეცდომების“ გამო და მრავალტომეულის — „ყაზახეთის სსრ-ის ისტორიის“ ავტორთა გუნდიდანაც გარიცხეს. იგი კვლავ იძულებული გახდა, დაპატიმრების თავიდან აცილების მიზნით, ფარულად გამგზავრებულიყო ყაზახეთიდან. ის მოსკოვში გადავიდა და ორი წლის განმავლობაში კითხულობდა ლექციებს ყაზახურ ლიტერატურაზე მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სსრკ ხალხთა ლიტერატურის კათედრაზე.
1954 წელს მოსკოვში მან დაასრულა ტეტრალოგია „აბაის გზა“, შევიდა ჟურნალების — „უცხოური ლიტერატურა“ და „ხალხთა მეგობრობა“ სარედაქციო კოლეგიების შემადგენლობაში, მოხსენებით გამოვიდა აბაის მოღვაწეობის შესახებ საზეიმო შეხვედრაზე, კავშირების სახლის სვეტებიან დარბაზში. ამის შემდეგ ტრიუმფით დაბრუნდა ალმა-ათაში, სადაც აღადგინეს ყველა თანამდებობაზე. 1955 წელს იგი აირჩიეს ყაზახეთის სსრ-ის უმაღლესი საბჭოს IV მოწვევის დეპუტატად და დაიწყო საზღვარგარეთ მოგზაურობა ლიტერატურული დელეგაციების შემადგენლობაში, პარალელურად მუშაობდა „ყაზახური პოეზიის ანთოლოგიაზე“ და დილოგიის - „აბაის გზა“ მთარგმნელებთან.
მოსკოვში ყაზახური ათწლეულის დღეებში (1958) საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყო აუეზოვის რუსულ ენაზე გამოცემული რომანი-ეპოპეა „აბაის გზა“, სოლიდური „ყაზახური პოეზიის ანთოლოგია“ და მ. ბაურჟან მომიშ-ულის „ჩვენს უკან მოსკოვია“.
1959 წელს, დილოგიისთვის „აბაის გზა“ აუეზოვს ლენინური პრემია მიანიჭეს. იგი აირჩიეს ყაზახეთის სსრ-ის უმაღლესი საბჭოს V მოწვევის დეპუტატად. 1960 წელს საბჭოთა მწერალთა ჯგუფთან ერთად (შჩიპაჩოვი, ლეონოვი, გონჩარი) ეწვია შეერთებულ შტატებს (ვაშინგტონი, ნიუ-იორკი, ლოს-ანჯელესი (კალიფორნია), ფენიქსი (არიზონა), ბოსტონი). დაბრუნების შემდეგ მან იმუშავა ესეების სერიაზე „ამერიკული შთაბეჭდილებები“ და ახალ რომანზე „ახალგაზრდა ტომი“.
1961 წლის ზაფხულში სამკურნალოდ მოსკოვში გაემგზავრა. 1961 წლის 27 ივნისს გარდაიცვალა ოპერაციის დროს. დაკრძალეს ალმა-ათაში ცენტრალურ სასაფლაოზე.[7]
ყაზახეთის ლიტერატურაში მუხთარ აუეზოვს საპატიო ადგილი უკავია, როგორც დრამატურგს. აუეზოვის პირველი და ადრეული ნამუშევარი იყო პიესა „ენლიკ-ქებეკი“, რომელიც ეფუძნება ხალხურ ლეგენდას ორი ახალგაზრდის ტრაგიკულ ბედზე. სიუჟეტი წააგავს შექსპირის პიესაში „რომეო და ჯულიეტა“ მონტეგისა და კაპულეტების ოჯახებს შორის მტრობის ამბავს. სპექტაკლი „ენლიკ-ქებეკი“ პირველად აბაის მეუღლის - აიგერიმის იურტაში დაიდგა და მას შემდეგ ყაზახური სცენა არ დაუტოვებია. მისმა დრამამ „კარა-კოზი“, რომელმაც საოცარი მგრძნობელობითა და ისტორიული სიმართლით აღადგინა ყაზახეთის ხალხური მომღერლების ეროვნული და ყოველდღიური მახასიათებლები, მიიღო პირველი პრიზი დრამატურგთა კონკურსზე 1926 წელს კიზილ-ორდაში. მუხთარ აუეზოვმა დაწერა მოთხრობები: „დაუცველთა ბედი“ (1921), „ვინ არის დამნაშავე?“ (1923), „ქორწინება“ (1923), „განათლებული მოქალაქე“ (1923), „მგლოვიარე ლამაზმანი“ (1925), „სროლა უღელტეხილზე“ (1927, ეკრანიზაცია გამოვიდა 1968 წელს) და სხვა. მას ეკუთვნის 20-ზე მეტი სპექტაკლი, მათ შორის: „აიმან-შოლპანი“ (1934), „აბაი“ (1940, ლ. სობოლევთან ერთად), „კარა-კოზი“(1926), „საზღვარზე“ (1937), „გამოცდის დროს“ (1942), სცენარი ფილმისთვის „აბაის სიმღერები“ (1945) და სხვა.
საბჭოთა ლიტერატურის გამორჩეული ნაწარმოებია აუეზოვის ეპიკური რომანი „აბაის გზა“ დიდი პოეტი-პედაგოგის აბაი კუნანბაევის ცხოვრების შესახებ. რომანი გვიჩვენებს XIX საუკუნის მეორე ნახევრის ყაზახური საზოგადოების ცხოვრების კომპლექსურ სურათს, როდესაც ყაზახების მრავალსაუკუნოვანი მომთაბარე ცხოვრების წესი ინგრევა.
ავტორის სიცოცხლეში რომანი რუსულად თარგმნა მთარგმნელთა მთელმა ჯგუფმა, რომელსაც ლეონიდ სობოლევი ხელმძღვანელობდა. ფაქტობრივად, თარგმნა შეასრულა არა თავად სობოლევმა, არამედ რეპრესირებულმა მთარგმნელმა ანა ნიკოლსკაიამ. რომანის პირველი ტომის მისეული თარგმანი ავტორის მეთვალყურეობით შესრულდა. სწორედ ნიკოლსკაიას ამ რუსული თარგმანიდან (რომელიც მიწურის იატაკზე შესრულდა და დაახლოებით ორ ათეულჯერ გამოიცა) ითარგმნა რომანი შემდგომში 20-ზე მეტ ენაზე და შევიდა მსოფლიო ლიტერატურის ხაზინაში. ნიკოლსკაიას თარგმანი მთავარ გვერდზე მისი სახელის ხსენების გარეშე გამოქვეყნდა. მეორე ტომის თარგმანი, რომელიც ნიკოლსკაიამ 1940-იანი წლების ბოლოს მოამზადა, „გოსლიტიზდატ“-მა მისი სახელის ხსენების გარეშე გამოსცა წარწერით — „თარგმანი ყაზახურიდან ლეონიდ სობოლევის საერთო რედაქციით“. 1949 წელს ნიკოლსკაიამ საჩივრით მიმართა კ. სიმონოვს, რის შემდეგაც შეიქმნა კომისია ევგენოვის ხელმძღვანელობით, რომელმაც არჩია უგულებელყო მტკიცებულებები, რომლებიც წარმოდგენილი იყო პირის მიმართ, რომელიც 1930-იანი წლების შუა პერიოდიდან იყო პასუხისმგებელი სსრკ-ის მწერალთა კავშირის სამდივნოში. ყაზახური ლიტერატურის ხელმძღვანელობაზე. ნიკოლსკაიას ავტორობა კანონიერად მხოლოდ 1960-იან წლებში დადასტურდა, მაგრამ მას ჰონორარი არ მიუღია.
აუეზოვის დაბადებიდან 110 წლისთავთან დაკავშირებით, ტეტრალოგია ხელახლა გამოიცა ანატოლი კიმის ახალი თარგმანით. [8]
ჩოქან ვალიხანოვის შრომების შემდეგ, აუეზოვმა პირველმა დაწერა მონოგრაფია ყირგიზეთის ეპოსის „მანასის“ შესახებ და მისი ტექსტების თავისუფალი ვერსიები შექმნა. ბიშკეკში ორივე ყაზახ მკვლევარს დაუდგეს ძეგლი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.