From Wikipedia, the free encyclopedia
მირზა ფათალი ახუნდოვი (აზერ. Mirzə Fətəli Axundov; დ. 12 ივლისი [ძვ. სტ. 30 ივნისი], 1812, შაქი — გ. 9 მარტი [ ძვ. სტ. 26 თებერვალი], 1878, თბილისი) — აზერბაიჯანელი მწერალი-განმანათლებელი, ფილოსოფოსი, აზერბაიჯანული დრამატურგიის ფუძემდებელი[3].
მირზა ფათალი ახუნდოვი | |
---|---|
აზერ. میرزا فتحعلی آخوندوف | |
დაბადების თარიღი | 12 (24) ივლისი, 1812[1] |
დაბადების ადგილი | შაქი |
გარდაცვალების თარიღი | 10 (22) მარტი, 1878 (65 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი |
საქმიანობა | მწერალი, დრამატურგი, ლიტერატურული კრიტიკოსი, ფილოსოფოსი, პოეტი და მთარგმნელი |
ენა | აზერბაიჯანული ენა, სპარსული ენა[2] და რუსული ენა |
მოქალაქეობა |
შაქის სახანო რუსეთის იმპერია |
ალმა-მატერი | Nukha Uyezd School |
ჟანრი | ლირიკა და პიესა |
ჯილდოები | წმინდა ანას მე-3 ხარისხის ორდენი, წმინდა სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენი, Q4240316?, Grand Officer of the Order of the Lion and the Sun, ლომისა და მზის ორდენის კომანდორი, 4th class, Order of the Medjidie, Q55449148?, ლომისა და მზის ორდენი, წმინდა სტანისლავის ორდენი, წმინდა ანას ორდენი და მეჯიდიეს ორდენი |
შვილ(ებ)ი | Räşid bäy Axundov |
მირზა ფათალი ახუნდოვი 1812 წელს ნუხაში (შაქი).
მამამისი მირზა მამედ თაღი ირანის აზერბაიჯანიდან, ქალაქ ხამნედან იყო. ის მეტყევე იყო[4]. მას შემდეგ, რაც მამამისმა სამი ჯარისკაცი დასაჯა კამეჩების მოპარვის გამო სამხედრო დროს, რაზმის მეთაურმა უჩივლა მას პრინც აბას-მირზასთან. ამ უკანასკნელმა ჩამოაქვეითა მირზა მამედ თაღი და მისი ქონება დააყადაღა[5][6]. ამის შემდეგ ახუნდოვის მამა ნუხაში გადადის. აქ მან ვაჭრობა დაიწყო. 1811 წელს იგი მეორედ დაქორწინდა ნანა ხანუმზე, რომელიც ცნობილი ახუნდის (სასულიერო პირის) ნათესავი იყო. ამ ქორწინებიდან გაჩნდა მწერალი. ოჯახი ხამნეში უკან გადავიდა. მირზა ფათალი ახუნდოვმა დაწყებითი განათლება სწორედ აქ მიიღო სასულიერო სემინარიაში (მოლახანაში). ოჯახური პრობლემების გამო დედა-შვილი ნანა ხანუმის ბიძასთან ჰაჯი ალესკერთან დაბრუნდნენ, რომელიც იმ დროისთის ყარადაღის სოფელ ხორანიდში ცხოვრობდა[4]. ცოტა ხნის შემდეგ კი ისინი განჯაში გაემგზავრნენ, შემდეგ კი შაქიში[7].
მიღებული ჰქონდა ტრადიციული სპარსულ-არაბული განათლება. მისი ერთ-ერთი მასწავლებელი იყო ცნობილი პოეტი და მოაზროვნე მირზა შაფი ვაზეჰი, რომლის გავლენითაც ახუნდოვმა უკუაგდო ადრინდელი გადაწყვეტილება სასულიერო პირი გამხდარიყო[8]. 1834 წლიდან მუშაობდა თბილისში, მეფისნაცვლის კანცელარიაში, აღმოსავლური ენების თარჯიმნად. ამასთან, თბილისის სამაზრო სასწავლებელში ასწავლიდა თურქულ და სპარსულ ენებს[9][10]. თბილისში ახუნდოვი ეზიარა რევოლუციურ დემოკრატიულ იდეებს. ურთიერთობა ჰქონდა მისი დროის მოწინავე ადამიანებთან, მ. შ. კავკასიაში გადმოსახლებულ დეკაბრისტებთან. ლიტერატურული მოღვაწეობა 30-იან წლებში დაიწყო. წერდა ლექსებს, კრიტიკულ ნარკვევებს.
1837 წელს აფხაზეთის ექპედიციაში მიიღო მონაწილეობა გენერალ-ადიუტანტ გრიგოლ როზენეს მეთაურობით.
1840 წელს ტიფლისის სამხედრო გუბერნატორის მიერ გაიგზავნა გურიაში თარჯიმნის რანგში, თურქეთის კომისრისთან ერთად თურქეთის მხრიდან სადემარკაციო საზღვრის ერთობლივად განსაზღვრისთვის. 1840 წლის 15 დეკემბერს, მირზა ფათალი ახუნდოვი გახდა ამიერკავკასიის რეგიონის მართვის ინსტიტუტის თარჯიმანი.
1846 წლის 1-ლ მარტს მეფისნაცვლის კანცელარიაში თარჯიმანი გახდა. 1846 წლის 30 ივნისს მისი დაწინაურება მოხდა ქვე-პორუჩიკის წოდებამდე „შესანიშნავი-შრომატევადი სამსახურისთვის“. ამავე წლის 26 ივლისს ნება დაერთო მიიღოს და ატაროს სპარსი შაჰის მიერ ბოძებული ლომისა და მზის მესამე დონის ორდენი ალმასის ორნამენტებით.
1850 წლის 10 მარტს პორუჩიკის ჩინი მიენიჭა.
1852 წლის 19 აგვისტოს შტაბს კაპიტანი გახდა. 1854 წლის 30 დეკემბერს - კაპიტანი.
1857 წელს ახუნდოვმა დაწერა სპარსეთში არაბული დამწერლობის რეფორმის პირველი პროექტი, რომელშიც მან აღნიშნა არაბული წერილების ნაკლოვანებები და შესთავაზა მათი გადაჭრის გზები[11]. 1863 წელს ახუნდოვი კონსტანტინოპოლში გაემგზავრა, საკუთარი პროექტის მხარდასაჭერად. მაგრამ მისი პროექტი უარყოფილ იქნა სამეცნიერო საზოგადოება „ანჯუმან-დანიშის“ მიერ. პასუხად ახუნდოვმა ისლამური დამწერლობის უარყოფა და ევროპულ წერილობით სისტემაზე გადასვლა შესთავაზა. ახუნდოვმა ახალ ანბანზე დაიწყო მუშაობა, რომელიც შეიცავდა 42 ნიშანს (32 თანხმოვანსა და 10 ხმოვანს). ახალ პროექტში ახუნდოვმა შეინარჩუნა არაბულ ალფაბეტში არსებული ყველა ასო და დაამატა სხვა ხმოვნები[12].
1858 წლის 31 დეკემბერს კავკასიის მეფისნაცვლის ცენტრალურ საბჭოში თარჯიმნად დაინიშნა.
თარჯიმანთა მთავარი დეპარტამენტის გაუქმების გამო 1875 წლის 1-ლ თებერვალს, მეფისნაცვლის ბრძანებით, იგი მთავარი მმართველობის წევრად ჩაითვალა, მაგრამ ამასთანავე შეინარჩუნა თავისი შინაარსობრივი თანამდებობა.
1873 წელს ლათინური და რუსული დამწერლობის საფუძველზე, მირზა ფატალი ახუნდოვმა შექმნა ანბანი, რომელიც მთლიანად შეცვალა სილაბური არაბული და ადაპტირებული იყო აზერბაიჯანული ენის ხმის თავისებურებებზე.
გარდაიცვალა 1878 წლის 26 თებერვალს[13]. დასაფლავებულია თბილისში - გამოჩენილი აზერბაიჯანელების პანთეონში (ძველი მუსლიმური სასაფლაო), ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე.
მეუღლე - თუბი ხანუმი (ახუნდ ალესქერის ქალიშვილი). ჰყავდა 4 შვილი - ორი ქალიშვილი სეირა (1849 წ., 16 თებერვალი) და ნისა ხანუმი (1856 წ., 18 დეკემბერი); ორი ვაჟი რაშიდ ბეგი (1854 წ., იანვარი) და ადილ ბეგი (1859 წ., 16 აგვისტო).
ახუნდოვის სოციალურ-პოლიტიკურ და ფილოსოფიურ შეხედულებებს ჰქონდა მჭიდრო ურთიერთობა მის ათეისტურ შეხედულებებთან. როგორც ათეისტი, ის აკრიტიკებდა ყველა რელიგიას, განსაკუთრებით ისლამის დოგმებს. ახუნდოვის აზრით, ყველა რელიგია არის „აბსურდი და გამონაგონი“, რაც მთავარი დაბრკოლებაა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის განვითარებასა და გავრცელებაში. ახუნდოვმა უარყო ღმერთის იდეა, როგორც სამყაროს არსებობის საფუძველი, სამყაროს არსებობის წყარო[14].
1836 წლის დათარიღებული დოკუმენტის მიხედვით, ახუნდოვი შეისწავლიდა შიიტურ ისლამს[15].
1875 წელს იგი წერდა, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რომელიც ხელს უშლიდა მისი ხალხის განვითარების პროცესს, იყო მომლოცველობა მექაში.
საკუთარ ფილოსოფიურ ნაშრომში „ქემალ-უდ დოვლეს წერილები“ მირზა ფათალიმ ანტი-ისლამური პოზიციებიდან საუბრობს.
აკრიტიკებდა თავის მორწმუნე ვაჟს რაშიდს, ასევე საკუთარ ცოლს თუბა ხანუმს.
ვინაიდან ახუნდოვი ისლამისა და მუსულმანებისადმი მტრობით გამოირჩეოდა, მისმა დაკრძალვამ მუსულმანურ სასაფლაოზე ტფილისში დიდი დაბრკოლება გამოიწვია.
მისი პირველი მნიშვნელოვანი მხატვრული ნაწარმოებები იყო ელეგიური კასიდა „პუშკინის გარდაცვალებაზე“ (1837) - დაწერილი სპარსულად „საბუჰის“ ფსევდონიმით (ქართული თარგმანი ი. გრიშაშვილისა, 1938). 1850-1855 წლებში დაწერა ექვსი კომედია, რომლებითაც აზერბაიჯანულ ლიტერატურაში კრიტიკულ რეალიზმს ჩაუყარა საფუძველი. ახუნდოვი ასახავდა ისლამის რელიგიის ფანატიზმით, ცრუმორწმუნეობითა და დრომოჭმული ტრადიციებით დაბეჩავებული ხალხის ცხოვრებას („მოლა იბრაჰამ ხალილი“, - 1850; „ბოტანიკოსი მუსიე ჟორდანი“ - 1850; „ყაჩაღის დამჯაბნელი დათვი“ - 1851; „ლენქორანის ხანის ვეზირი“ - 1850; „ძუნწის თავგადასავალი“ („ჰაჯი ყარა“) - 1852). თავის უკანასკნელ კომედიაში „კანონის დამცველები ქალაქ თავრიზში“ (1855) ახუნდოვმა მძაფრი სატირით ამხილა ირანის სასამართლო სისტემის სიყალბე. 60-იანი წლების რუსული ლიტერატურის კრიტიკამ მას „მუსლიმი მოლიერი“[16] უწოდა. „ლენქორანის ხანის ვეზირის“ დადგმით (1873 წლის 10 მარტი/22 მარტი, ბაქო, აზერბაიჯანულ ენაზე) იწყება აზერბაიჯანული პროფესიული თეატრის ისტორია. ახუნდოვის კომედიები ცალკე წიგნად პირველად თბილისში გამოიცა: რუსულ ენაზე (თარგმანი ავტორისა) - 1853, აზერბაიჯანულად - 1859; სპარსულად გამოვიდა ირანში 1875 წელს. ახუნდოვის სატირულ მოთხრობაში „მოტყუებული ვარსკვლავები“ (1857, ქართულად პირველად ითარგმნა 1934) ახალი აზერბაიჯანული მხატვრული პროზის საუკეთესო ნიმუშია. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სპარსულ და აზერბაიჯანულ ენებზე დაწერილ ფილოსოფიურ ტრაქტატს „ ქემალ-უდ დოვლეს წერილები“ (1864-1875, პირველად გამოიცა ბაქოში 1924), რომელმაც ახუნდოვს დიდი პოპულარობა მოუხვეჭა მთელს აღმოსავლეთში.
ახუნდოვის მოღვაწეობამ დიდი როლი შეასრულა აზერბაიჯანულ და ახლო აღმოსავლეთის ლიტერატურისა და საზოგადოებრივი აზრის განვითარებაში. მისი ნაწარმოებები თარგმნილია მრავალ ენაზე. ქართულად ახუნდოვის კომედია („ლენქორანის ხანის ვეზირი“) პირველად თარგმნა ა. წერეთელმა „ხანის ვეზირის“ სახელწოდებით (დაიბეჭდა 1898 წელს „კრებულში“, № 7 და იმავე წელს წარმოადგინეს ქართულ სცენაზე).
აღსანიშნავია, რომ გ. ორბელიანის აქტიური მეცადინეობით ახუნდოვი დაკრძალეს თბილისში, აზერბაიჯანელ მოღვაწეთა პანთეონში, ახლანდელი ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, სადაც ადრე სეიდთა მუსლიმური სასაფლაო იყო, მცირე სამლოცველოსთან ერთად.
მირზა ფათალი ახუნდოვის სახელს ატარებენ:
2012 წელს გადაღებულ იქნა ფილმი „განთიადის ელჩი“, რომელიც მირზა ფათალი ახუნდოვს ეძღვნება. ფილმში მთავარი როლი შეასრულა აზერბაიჯანის სახალხო არტისტმა რასიმ ბალაევმა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.