From Wikipedia, the free encyclopedia
მატიანე, მატიანი — საისტორიო ჩანაწერთა კრებული ძველ საქართველოში. ეს ტერმინი გვხვდება ჯერ კიდევ ბიბლიის უძველეს ნუსხებში. თავდაპირველად აღნიშნავდა მხოლოდ ნუსხის სახით გადოცემულ ამბებს. ბიბლიაში მატიანის სინონიმად იხმარება „წიგნი მეფეთა საჴსენებელთა“. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსთან მოხსენიებულია „ძველი მატიანე ქართლისა“. ივანე ჯავახიშვილის აზრით, აქ იგულისხმება ის საისტორიო თხზულება, რომელიც „ქართლის ცხოვრებაში“ წინ უძვის დავით აღმაშენებლის ისტორიას, ეფრემ მცირის (XII ს.) ცნობით, ყოფილა „წმიდათა მატიანეებიც“.
მატიანეები ჰქონდათ ეკლესია-მონასტრებსაც. XII საუკუნის ერთ-ერთი სამონასტრო წესდება გვაუწყებს, რომ მონასტრებს სწირავდნენ საწერ მასალას მატიანეებისათვის, რომელსაც ბერები ინაწილებდნენ მელქისედეკ I კათოლიკოსის საბუთში (XI ს.) მოხსენიებულია „მატიანი სააღაპენი“, ე. ი. სააღაპე ჩანაწერების კრებულები.
სამონასტრო მატიანეთა განსაკუთრებული სახე იყო ე. წ. „სულთა მატიანე“ (შემწირველთა მოსახსენიებლების კრებული), რომელსაც ადგენდნენ დიდ და მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე მონასტრებში და საყდრებში. მონასტერი ან საყდარი თითოეულ შემწირველს ჯილდოდ უწესებდა წირვის დროს მოხსენიებას, რაც სათანადო ჩანაწერით — მოსახსენებლით ფორმდებოდა წიგნში, წლებისა და საუკუნეების მანძილზე წიგნებში გროვდებოდა ასობით ასეთი ჩანაწერი, რომელთაც შემდეგ თავს უყრიდნენ ერთ წიგნში — „სულთა მატიანეში“, და კითხულობდნენ ხოლმე წირვის დროს, განსაზღვრულ დღეებში. დიდი „სულთა მატიანეები“ შედგენილი იყო განსაკუთრებული გეგმით; შესავლის შემდეგ მოსახსენებლები იყოფოდა ნაკვეთებად. თითოეულ ნაკვეთში გაერთიანებული იყო ერთნაირი სოციალური მდგომარეობა პირთა (მეფეთა, დედოფალთა, დიდ დეოდალთა, ეპისკოპოსთა, დაბალი რანგის სასულიერო პირთა, დაბალი ფენების წარმომადგენელთა და სხვ) მოსახსენებლები. შემოგვრჩა სინის მთის ქართველთა მონასტრის, ტბეთის საყდრის, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის, გერგეტის საყდარის, ნიკორწმინდის მონასტრისა და სხვა „სულთა მატიანეები“.
XVI-XVIII საუკუნეებში ტერმინი „მატიანე“ იხმარებოდა ყოველგვარი საისტორიო თხზულების აღსანიშნავად. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, მატიანე იყოფოდა 4 ნაწილად: ადგილის აღწერა (ე. ი. გეოგრაფია), ნათესავთმეტყუელებად (ე. ი. გენეალოგია), წლისმრიცხველობად (ე. ი. ქრონოლიგია) და მოქმედების აღწერად (ე. ი. საკუთრივ ამბების თხრობა).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.