Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ლუქსემბურგი მეორე მსოფლიო ომში — ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ისტორიის პერიოდი, რომელიც დაიწყო 1940 წლის 10 მაისს, მესამე რაიხის ჯარის მის ტერიტორიაზე შეჭრით და დასრულებული 1944–45 წლებში, მას შემდეგ, რაც საჰერცოგოს ტერიტორია ანტიჰიტლერული კოალიციის ჯარმა გაათავისუფლა.
1940 წლის 11 მაისს მესამე რაიხმა მოახდინა ლუქსემბურგის სრული ოკუპაცია, ხოლო 1942 წელს იგი რაიხის შემადგენლობაში შევიდა. ოკუპაციის პერიოდში გერმანული ხელისუფლება ატარებდა გერმანიზაციის პოლიტიკას, რომლის მიზანიც იყო გერმანულის გარდა სხვა ენების გავრცელებისთვის ხელის შეშლა და ადგილობრივი წეს-ჩვეულებების ლიკვიდაცია. გარდა ამისა, ხდებოდა ლუქსემბურგელების გაწვევა ვერმახტში (მესამე რაიხის შეიარაღებული ძალები), რის შედეგადაც იზრდებოდა ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი, რომელიც 1942 წელს გადაიზარდა საყოველთაო გაფიცვაში. გერმანიზაციის პოლიტიკას ხელს უწყობდა ოკუპაციის შემდეგ წარმოქმნილი ადგილობრივი ნაცისტური ორგანიზაციის, Volkdeutsche Bewegung-ის საქმიანობა. ლუქსემბურგის კაპიტულაციამდე ცოტა ხნით ადრე ხელისუფლებამ დატოვა საჰერცოგოს ტერიტორია და ლონდონში გაემგზავრა, სადაც ჩამოაყალიბა გაძევებული ხელისუფლება. ლუქსემბურგის მოქალაქეები მონაწილეობას იღებდნენ საბრძოლო მოქმედებებში მოკავშირეების მხარეზე.
მას შემდეგ, რაც 1867 წელს ლუქსემბურგის კრიზისი დასრულდა, სახელმწიფოს არ მიუღია მონაწილეობა არც ერთ შეარაღებულ კონფლიქტში, რაც თვალსაჩინოდ წარმოაჩენდა, რომ ლუქსემბურგი ომისთვის მზად არ იყო.[1] პირველი მსოფლიო ომის ფარგლებში, გერმანული ოკუპაციის დროს ლუქსებურგის ყაზარმებში რჩებოდა ნებაყოფლობითი და ჟანდარმული კორპუსის 400 სამხედრო.[2] 1939 წლის მარტს, რაიხსტაგში სიტყვით გამოსვლისას, ადოლფ ჰიტლერმა ლუქსემბურგს სუვერენიტეტის შენარჩუნების გარანტია მისცა.[3]
დაშოშმინების პოლიტიკის გატარების და ომის გამოცხადების შემდეგ ლუქსემბურგის შეიარაღებული ძალები უმნიშვნელოდ გაიზარდა. 1940 წლისთვის ჯარის შემადგენლობაში იყო 13 ოფიცერი, 255 შეიარაღებული ჟანდარმი და 425 ჯარისკაცი.[4]
1939 წლის სექტემბერში, ნაცისტურ გერმანიაში ლუქსემბურგის მიმართ ანტოგონიზმის გაჩენის შიშის გამო მაუწყებლობა შეწყვიტა რადიო ლუქსემბურგმა.[5] უცნაური ომის დროს საჰერცოგოში შედარებით წყნარი მდგომარეობა იყო. არ გახდა საჭირო არც შუქშენიღბვა. მატარებლები რეგულარულად დადიოდნენ როგორც საფრანგეთში, ისე გერმანიაში.[6]
1940 წლის გაზაფხულზე შუსტერის ხაზზე დაიწყო ფორტიფიკაციული ნაგებობის შენება, რომელთა შექმნისთვის ძირითადად ფოლადი და ბეტონი გამოიყენეს.
1940 წლის 9 მაისს, გერმანულ საზღვართან ლუქსემბურგელი ჯარისკაცების რაოდენობის გაზრდის შემდეგ მოხდა შუსტერის ხაზის ყველა სიმაგრის დემონტაჟი.[7]
ვერმახტის შეჭრა ლუქსემბურგში დაიწყო დილის 4 საათზა და 35 წუთზე, ბელგიაში და ნიდერლანდებში შეჭრასთან ერთად.[7] სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული გერმანელი აგენტების მოქმედებები შუსტერის ხაზის გარნიზონის წინააღმდეგ წარმატებით არ დასრულდა.[7] მიუხედავად ამისა, ყაზარმებში მყოფ ლუქსემბურგელ ჯარისკაცებს თითქმის არ გაუწევიათ წინააღმდეგობა გერმანელებისთვის.[7] დილის 9 საათისთვის გერმანელებმა ლუქსემბურგის დედაქალაქი დაიკავეს.[7]
გერმანელების იერიშის დაწყების შემდეგ საფრანგეთისკენ გაეშურნენ ლუქსემბურგელები, რომელთაც არ სურდათ ოკუპაციის ზონაში მოხვედრა.
დილის 8 საათზე რამდენიმე ფრანგულმა დივიზიამ გადაკვეთა საზღვარი მაჟინოს ხაზის მონაკვეთთან ახლოს და დაიწყო ბრძოლა გერმნელების წინააღმდეგ, თუმცა, ოდნავ მოგვიანებით ლუქსემბურგელ ჯარისკაცებთან ერთად უკან დაიხია.[7] ლუქსემბურგის ტერიტორიის დაკავებისას 7 ჯარისკაცი უკვალოდ გაქრა, დაიღუპა 1 ინგლისელი პილოტი და 5 სპაგი.[8]
ხელისუფლების გაძევების შედეგად ქვეყანაში ანარქია სუფევდა.[9] მოხდა აღმასრულებელი საბჭოს ფორმირება, რომლის თავმჯდომარედაც დაინიშნა ალფრედ ვერერი. მისი მიზანი იყო დაედო ნაცისტებთან შეთანხმება, რომელიც მისცემდა ლუქსემბურგს ყოფილი „შედარებით დამოუკიდებელი სახელმწიფო“ მესამე რაიხის პროტექტორატის ქვეშ; გარდა ამისა, საბჭოს წევრებს დიდი ჰერცოგის დაბრუნება სურდათ.[9] მიუხედავად დამოუკიდებლობის სურვილისა, ლუქსემბურგი შევიდა ახლადჩამოყალიბებული გაუ კობლენც-ტრირის შემადგენლობაში[9] (1941 წლის 21 იანვრიდან — მოზელანდი[10]). დარჩენილი დამოუკიდებლობა სახელმწიფო ორგანოებმა დაკარგეს 1940 წლის ივლისში. ამავე დროს, ოკუპირებულ ნიდერლანდებში და ბელგიაში ადგილობრივ პოლიტიკოსებს სხვადასხვა პოლიტიკური ხასიათის გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლება ჰქონდათ გარანტირებული.[9] 1942 წლის აგვისტოში ლუქსემბურგი ოფიციალურად შევიდა მესამე რაიხის შემადგენლობაში.[11]
1940 წლის აგვისტოში გაულაიტერმა გუსტავ სიმონმა გამოაქვეყნა დეკლარაცია, რომელშიც დაადო ტაბუ ფრანგულენოვანი ლექსიკის გამოყენებას. დეკლარაცია მიზნად ისახავდა დაეჩქარებინა ლუქსემბურგის გერმანიაში ინტეგრაციის პროცესი. გამოდიოდა შემდეგი შინაარსის პლაკატები: Eure Sprache sei deutsch und nur deutsch (თქვენ ვალდებულნი ხართ ილაპარაკოთ გერმანულზე და მხოლოდ გერმანულზე).[12] ამის შედეგად, სამოქალაქო პირებს შორის, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ რაიხის პოლიტიკას, მოხდა ლუქსემბურგული ენის პოპულარიზაცია, რომელზეც ლაპარაკი აკრძალული არ იყო.[13]
1942 წლის აგვისტოდან ყველა ლუქსემბურგელი, რომელიც გაწვევას ექვემდებარებოდა, იბრძოდა ვერმახტში.[14] ომის დროს გერმანელების მხარეზე იბრძოდა 12 000 ლუქსემბურგელი, მათგან 3000 დაიღუპა, 1500 კი უკვალოდ დაიკარგა.[13]
ყველაზე გავლენიანი კოლაბრაციონისტული ორგანიზაცია იყო დამიან კრატცენბერგის მიერ დაარსებული Volksdeutsche Bewegung (VdB). ოკუპაციის შემდეგ ორგანიზაცია დაკავებული იყო ლუქსემბურგის გერმანულ რაიხში შესვლის იდეის პოპულარიზაციით. ორგანიზაციის დევიზი იყო Heim ins Reich (სამშობლოსკენ, რაიხში). აქტივობის პიკის დროს ორგანიზაციაში 84 000 ადამიანი იყო გაწევრიანებული, თუმცა, ხშირ შემთხვევაში მოქალაქეები ორგანიზაციაში საოკუპაციო ხელისუფლების ზეწოლის ქვეშ წევრიანდებოდნენ.[15] 1941 წლიდან ყველა მუშა, რომელიც დაკავებული იყო ხელით მუშაობით, ნაცისტების ზეგავლენით წევრიანდებოდა გერმანულ სამუშაო ფრონტში. გარკვეული ასაკიდან ორივე სქესის წარმომადგენლებს მუშაობის იმპერიული სამსახური სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებში სამუშაოდ რიცხავდა.[15]
ყველანაირად ხდებოდა ნაცისტურ ახალგაზრდულ ორგანიზაციაში, Luxemburger Volksjugend-ში გაწევრიანების წაქეზება. ორგანიზაცია 1936 წელს დაარსდა, თუმცა, პოპულარობა ვერ მოიპოვა. საბოლოოდ, ჰიტლერიუგენდის შემადგენლობაში შევიდა.[15]
1942 წელს ლუქსემბურგში შემოიღეს საყოველთაო სამხედრო სამსახური, რომელიც არანაირად განსხვავდებოდა მესამე რაიხში მოქმედი სისტემისგან.[16] ომის წლებში 12 000 ლუქსემბურგელი იბრძოდა ვერმახტის მხარეზე. მათგან 3000 დაიღუპა, 1500 უკვალოდ დაიკარგა.[16]
1940–41 წლებში ლუქსემბურგის ტერიტორიაზე დაიწყო პატარა პარტიზანული რაზმების ფორმირება, რომელიც გერმანული ხელისუფლების წინააღმდეგ მავნებლურ ღონისძიებებს ატარებდნენ.[17] ყველა რაზმის პოლიტიკური მიზეზი ერთმანეთისგან განსხვავდებოდა, ხოლო პარტიზანული მოღვაწეობით დაკავებულნი იყვნენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები: პოლიტიკოსები, სკაუტები, სტუდენტთა და მუშათა კოლექტივები.[17] რადგანაც ომამდე საჰერცოგოს შეიარაღებული ძალები ძალიან პატარა რიცხვით იყვნენ წარმოდგენილნი, პარტიზანებს ჰქონდათ პრობლემები აღჭურვასთან. ამიტომ, თავდაპირველად პარტიზანების მხოლოდ პატარა ნაწილი იყო სათანადოდ შეიარაღებული.[17] რაც არ უნდა იყოს, არც თუ ისე დიდი მოძრაობა საკმაოდ მნიშვნელოვან საქმიანობას ახორციელებდა: ავრცელებდა ანტიგერმანულ ფურცლებს, ხოლო 1942 წელს დაიწყო რეფრაქტერების (ფრანგ. réfractaires – ისინი, ვისაც ვერმახტში მსახურობა არ სურდა) უსაფრთხო ადგილას დამალვა და ზოგიერთ შემთხვევაში ამყარებდნენ კონტაქტს ადამიანებთან, ვისაც შეეძლოთ „საჭირო ადამიანების“ უსაფრთხო ადგილას გადაყვანა მათთვის ზიანის მიყენების გარეშე.[17] მაგალითად, ლუქსემბურგის გაძევებული მთავრობის იუსტიციის მინისტრ ვიქტორ ბოდსონს 100 ებრაელის ემიგრაციაში დახმარებისთვის ისრაელის ხელისუფლებამ მშვიდობის წმინდანის ტიტული მიანიჭა.[18]
დიდი მნიშვნელობა ჰქონდა პარტიზანების მიერ მოპოვებულ ინფორმაციას. ასე, ლეონ-ანრი როტმა მოიპოვა და ანტიჰიტლერული კოალიციის ჯარისკაცებს გადასცა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ბალტიის ზღვის ნაპირას გერმანელებს ჰქონდათ საიდუმლო პოლიგონი პენემუნდე. მოკავშირეებმა ქალაქი მალევე დაბომბეს.[19]
1944 წლის გაზაფხულზე პარტიზანული რაზმების დიდი რაოდენობა შევიდა წინააღმდეგობის მოძრაობების ორგანიზაციების კავშირში.[17]
1944 წლის ნოემბერში Waffen-SS-ის ნაწილებმა შეუტიეს 30 ლუქსემბურგელ პარტიზანს, რომელთაც მეთაურობდა ვიქტორ აბენსი. გერმანელებმა ბრძოლაში 23 ჯარისკაცი დაკარგეს, ლუქსემბურგელებმა კი მხოლოდ 1.[20]
ოკუპაციის დროს საკმაოდ პოპულარული იყო უიარაღო წინააღმდეგობა. 1940 წლის აგვისტოში დაიწყო სამკერდე ნიშნების ომი (Spéngelskrich): ლუქსემბურგელებს მკერდზე ეკეთათ ნიშნები, რომლებზეც ასახული იყო ეროვნული დროშა ან დიდი ჰერცოგი; ამისთვის Volkdeutsche Bewegung-ის წევრები მათ დევნიდნენ.[21]
1941 წლის ოქტომბერში გერმანულმა საოკუპაციო ხელისუფლებამ ჩაატარა გამოკითხვა ლუქსემბურგელებს შორის და ჰკითხა მათ, თუ რომელ ერს და რასას მიაკუთვნებდნენ თავიანთ თავს და რომელ ენას თვლიდნენ მშობლიურად. გერმანელებმა შედეგები გააოცა: გამოკითხულთა 95% თავის თავს ლუქსემბურგელს უწოდებდა.[22] ლუქსემბურგელები, რომლებმაც უარი თქვეს თავი გერმანელებად ეღიარებინად, დააპატიმრეს.[14]
გარდა ამისა, მოსახლეობას არ ჰქონდა დიდი სურვილი ვერმახტის რიგებში ებრძოლა. 1942 წლის 31 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ 1920–27 წლებში დაბადებულ მამაკაცებს სამხედრო სამსახურში გაიწვევდნენ ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ვილცში დაიწყო გაფიცვა.[17] მონაწილეების რაოდენობა დიდი სიჩქარით იზრდებოდა. მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე შეჩერდა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მუშაობა.[23] გაფიცვა მალევე დაარბიეს, ორგანიზატორები კი დააპატიმრეს. განსაკუთრებულმა ტრიბუნალმა (Standgericht) ჩაატარა სასამართლო პროცესი და დამნაშავეებს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.[17] რაც არ უნდა იყოს, ჯარში გაწვევის წინააღმდეგ პროტესტები მაინც გრძელდებოდა. 12 000 ახალწვეულიდან 3 500 დეზერტირი აღმოჩნდა.[16]
ომის დასაწყისისთვის ლუქსემბურგში ცხოვრობდა 3500 ებრაელი. ძირითადად, ესენი იყვნენ გერმანიიდან გამოქცეული ადამიანები.[11] 1940 წლის სექტემბერში ლუქსემბურგში მიიღეს ნიურნბერგის რასობრივი კანონები, რომლებიც გერმანიაში 1935 წლიდან მოქმედებდა. ამის გამო ლუქსემბურგში მცხოვრებ ებრაელებს საფრანგეთში გაქცევა მოუწიათ.[11] 1941 წლის ოქტომბრისთვის, როდესაც ლუქსემბურგის ტერიტორიაზე მყოფებს ქვეყნის დატოვება აეკრძალათ, ქვეყნიდან 2500 ებრაელი იყო ემიგრირებული.[11] თითქმის ყველა გაქცეული ან გადაასახლეს, ან კიდევ მოკლეს. 1941 წლის სექტემბრიდან ებრაელები ვალდებულნი იყვნენ ტანსაცმელზე ყვითელი ვარვსკვლავი ეტარებინათ.[14]
1941 წლის ოქტომბერში დაიწყო 800 ცოცხალი ებრაელის სხვადასხვა კონცენტრაციულ ბანაკებში გადაყვანა,[11][11] ხოლო იმავე წლის 19 ოქტომბერს საოკუპაციო ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ ლუქსემბურგის ტერიტორია ებრაელებისგან მთლიანად იყო გაწმენდილი,[24] თუმცა, რამდენიმე ათეული ებრაელი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და ნაცისტებისგან მთელი ომის განმავლობაში იმალებოდა.[14] ცნობილია, რომ ლუქსემბურგის გათავისუფლების შემდეგ ლუქსემბურგში 36 ცოცხალი ებრაელი იყო დარჩენილი.[11]
თავდაპირველად ლუქსემბურგის გაძევებული ხელისუფლება საფრანგეთში იმყოფებოდა, თუმცა, საფრანგეთის კამპანიის შემდეგ ისინი ჯერ ლისაბონში, შემდეგ კი ლონდონში იმყოფებოდნენ.[25] მას შემდეგ, რაც ლოდნონის ქუჩა უილსონ-კრესენტზე გაძევებული ხელისუფლების ორგანოები ჩამოყალიბდა, ჰერცოგის ოჯახი გადავიდა კანადაში, ქალაქ მონრეალში, სადაც ძირითადად ფრანგულ ენაზე მიდიოდა საუბარი.[25] ხელისუფლება ძირითადად დაკავებული იყო ლუქსემბურგთან დაკავშირებელი თემების მოკავშირე ქვეყნების პრესაში გაშუქებით. ხელისუფლების არაერთი მცდელობის შემდეგ ოკუპირებულ ლუქსემბურგში BBC-ის რადიომაუწყებლობა ლუქსემბურგულ ენაზე დაიწყო.[26] 1944 წელს ლონდონში ბელგიის, ნიდერლანდების და ლუქსემბურგის ხელისუფლებებმა მოაწერეს ხელი საბაჭო შეთანხმების კონვენციას, რითიც ბენილუქსი შეიქმნა. სამი ქვეყანა ასევე გადავიდა ფულადი ურთიერთობების და სავაჭრო ანგარიშების ორგანიზაციის ბრეტონ-ვუდის სისტემაზე.[19]
ლუქსემბურგელი მეომრების ანტიჰიტლერულ კოალიციაში ბრძოლამ არ იმოქმედა ომის საერთო სიტუაციაზე, რადგანაც მათი რაოდენობა მხოლოდ რამდენიმე ათეული იყო.[19] 1944 წლის 6 აგვისტოს 80 მეომრისგან შემდგარმა, რაზმი C-მ, რომლის მეთაურიც ჟან-ბატისტ პირონი იყო, ნორმანდიაში დაეშვა.[2] 1944 წლის სექტემბერში რაზმმა ბრიუსელის გერმანელებისგან გათავისუფლებაში მიიღო მონაწილეობა.[27]
1942–1945 წლებში ირლანდიური გვარდიის ერთ-ერთ ქვედანაყოფში იბრძოდა დიდი ჰერცოგის შვილი, პრინცი ჟანი, რომელიც მოგვიანებით თვითონ გახდა დიდი ჰერცოგი.[28]
ლუქსემბურგის ტერიტორია ანტიჰიტლერული კოალიციის ჯარებმა 1944 წლის სექტემბერში გაათავისუფლეს. სატანკო ნაწილებმა გერმანელების მიერ დატოვებული დედაქალაქი ბრძოლის გარეშე აიღეს. უფრო ძლიერი გახდა პარტიზანული მოძრაობაც: 15–19 ნოემბერში ვიანდენის რაიონში გერმანელებსა და პარტიზანებს შორის ბრძოლა წარიმართა. იმავე წლის დეკემბერში ვერმახტმა დაიწყო არდენის ოპერაცია. მიუხედავად იმისა, რომ ლუქსემბურგის დედაქალაქი მოკავშირეთა ხელში იყო, გერმანელებმა თავიდან შეძლეს რამდენიმე დასახლებული პუნქტის აღება, რის გამოც მოკავშირეებს კვლავ მოუწიათ ამ პუნქტების აღება,
გაუ მოზილენდის გაულაიტერმა (რომელშიც ლუქსემბურგი შედიოდა) გუსტავ სიმონმა გაქცევა სცადა, თუმცა, ეს მან ვერ მოახერხა და ტყვედ ჩავარდა. 1945 წლის 18 დეკემბერს მან თავი მოიკლა. გაასამართლეს კოლაბორაციონისტებიც: ორგანიზაცია Volksdeutsche Bewegung-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დამიან კრატცენბერგი 1946 წელს ჩამოახრჩვეს.[29]
1944 წლის დეკემბრიდან 1945 წლის თებერვლამდე ლუქსემბურგის დედაქალაქს ბომბავდნენ არტილერიული ქვემეხი Fau-3-ით.[30]
1944 წლის სექტემბრისთვის გათავისუფლებული იყო ლუქსემბურგის ტერიტორიის დიდი ნაწილი. ფრონტის ხაზი სტაბილიზირებული იყო გერმანიის საზღვართან, მდინარეებ ოურ და ზაუერთან. საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ ლუქსემბურგში გადაისროლეს შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების მე-8 კორპუსი. კორპუსი მონაწილეობას იღებდა თავდაცვის წინა ხაზზე. გერმანელების იერიშის დაწყების შემდეგ პირველი დარტყმა თავიანთ თავზე მიიღეს შეერთებული შტატების მე-4 და 28-ე ქვეითმა დივიზიებმა და მე-9 ჯავშანსატანკო დივიზიის სამხედრო ერთეულმა.
ამერიკელების თავდაპირველი გეგმის თანახმად, საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქები შენარჩუნებული უნდა ყოფილიყო. ამ ქალაქების გერმანელების მიერ აღების პრევენციის მიზნით ქალაქებში თავდაცვითი ნაგებობები ააშენეს.}[31] ამერიკელების უკან დახევის შემდეგ ამ ტერიტორიაზე 1945 წლის იანვრიდან ფრონტის ხაზი გადიოდა. მოკავშირეთა იერიშების შედეგად სამხრეთიდან წარმოიშვა აღმოსავლეთისკენ მოღუნული რკალი. 1945 წლის 12 თებერვალს ამერიკელებმა გერმანიის კონტროლის ქვეშ მყოფი ბოლო ლუქსემბურგული კომუნა, ვიანდენი გაათავისუფლეს.[31]
ლუქსემბურგისთვის ბრძოლის დროს ორივე მხარის მთავარსარდლობას გადაწყვეტილი ჰქონდა ნებისმიერ ფასად მოეპოვებინა გამარჯვება, რაც ცუდად აისახა მშვიდობიან მოსახლეობაზე. განადგურდა 2100 საცხოვრებელი ადგილი, 1400 სახლს მიაყენეს გამოუსწორებელი ზარალი, დაიღუპა 500 მშვიდობიანი ლუქსემბურგელი.[32] 45000 ადამიანი გაიქცა საომარი მოქმედებების ჩატარების ადგილიდან.[33]
მეორე მსოფლიო ომის წლებში ლუქსემბურგის ტერიტორიაზე ვერმახტის შეჭრამ და მომდევნო ოკუპაციამ იმოქმედა ქვეყნის ხელისუფლების პოზიციაზე სხვადასხვა შეიარაღებული კონფლიქტების დროს.[34] 1948 წლის 17 მარტს რამდენიმე ევროპულმა სახელმწიფომ, მათ შორის ლუქსემბურგმა, ხელი მოაწერა ბრიუსელის პაქტს, რომელიც შეიცავდა ომის შემდეგ ევროპის ქვეყნების თანამშრომლობის მკაფიო რეგლამენტს. პაქტმა ხელი შეუწყო ლუქსემბურგის ნატოში გაწევრიანებას. სამხედრო სფეროში დაიწყო ახლო ურთიერთობა ბელგიასთან: სამხედროები ერთად გადიოდნენ მომზადებას. 1950 წელს, კორეის ომში, ბელგიამ და ლუქსემბურგმა გააგზავნეს ბელგიური ბატალიონი, რომელშიც 3171 ბელგიელი და 78 ლუქსემბურგელი შედიოდა.[35]
ომის შემდეგ, 1945 წლის ბოლოს, ლუქსემბურგის შეიარაღებულმა ძალებმა საფრანგეთის ოკუპაციის ზონაში დაიკავეს ქალაქები ბიტბურგი, მთიანეთი აიფელი და ზაარბურგის რამდენიმე რაიონი. ლუქსემბურგული ნაწილებ მთლიანად ემორჩილებოდნენ ფრანგულ სარდლობას. 1948 წელს ლუქსემბურგელებმა დატოვეს ზაარბურგი, ხოლო 1955 წლის ივლისში ბიტბურგი და მთიანეთი აიფელი.[36]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.