Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ლუი არაგონი (ფრანგ. Louis Aragon; დ. 3 ოქტომბერი, 1897 ― გ. 24 დეკემბერი, 1982) — ფრანგი პოეტი, ნოველისტი და რედაქტორი. ფრანგული კომუნისტური პარტიის პოლიტიკური მხარდამჭერი და გონკურტის ლიტერატურის საზოგადოების წევრი.
ლუი არაგონი დაიბადა 1897 წელს პარიზში. 1918 წლიდან სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი არაგონი ომში მონაწილეობდა. ფრონტზე დაუახლოვდა ორ ფრანგ პოეტს: ანდრე ბრეტონსა და ფილიპ სუპოს. სამივემ ერთად ჩამოაყალიბა ჟურნალი „ლიტერატურა“. არაგონი ჯერ დადაისტურ მიმართულებას ეზიერება, ხოლო შემდეგ „სიურრეალისტური რევოლუციის“ ერთ-ერთი სულისჩამდგმელი ხდება. 1920–26 წლებში გამოაქვეყნა სიურრეალისტური სულისკვეთებით გამსჭვალული ლექსების კრებულები: „სიხარულის ცეცხლი“, „მუდმივი მოძრაობა“ და მოთხრობები: „ტელემაქეს თავგადასავალი“ და სხვა. ამავე წლებს მიეკუთვნება მისი რომანიც ლექსად „პარიზის გლეხი“. 1927 წელს არაგონი ფრანგულ კომუნისტურ პარტიაში შევიდა და 1930 წელს საბჭოთა მწერლების ყრილობასაც დაესწრო ხარკოვში. ამ პერიოდში იგი დასცილდა სიურრეალისტებს და ლიტერატურული შემოქმედებით დაიწყო თავისი პოლიტიკური მრწამსის გამოხატვა. ლექსების კრებული „ვაშა ურალს!“ ეძღვნება საბჭოთა ხალხის გმირულ შრომას.
თავის რეალისტურ და მებრძულ პოზიციებს არაგონი ნათლად აჩენს პროზაულ სერიებში „რეალური სამყარო“, რომელიც ათი რომანისაგან შედგება. ესენია: „ბაზელის ზარები“, „მდიდარი უბნები“, რომლისთვისაც მას 1939 წელს რენოდოს ლიტერატურული პრემია მიენიჭა, „იმპერიალის მგზავრები“, „ორელიენი“ და რომან „კომუნისტების“ ექვსი წიგნი.
არაგონის პოეტურმა ძალამ ყველაზე მეტად მეორე მსოფლიო ომის წლებში იჩინა თავი. „წინააღმდეგობის მოძრაობის“ აქტიურმა წევრმა არაგონმა თავისი პოეზიით გამოაცოცხლა „მრგვალი მაგიდის“ რაინდების მებრძული სული, ჯვაროსნების ძველი სიმღერები და შარლ ორლეანის მწველი ნოსტალგია, რითად საბრძოლველად აღანთო ფრანგთა გულები. პოეტმა ამ პერიოდში გამოაქვეყნა ლექსების კრებულები: „იარა გულში“, „ელზას თვალები“, „ფრანგული განთიადი“, „გრევის მუზეუმი“, „თვალები და მეხსიერება“. ომისდროინდები ბევრი ლექსი სიმღერად იქცა, დიდი პოპულარობით სარგებლობდა და როგორც ლექსები, ასევე სიმღერები სამუდამოდ შევიდა ფრანგულ პოეზიის საგანძურში.
არაგონი მრავლად წერდა პოლიტიკურ ესეებს, კრიტიკულ წერილებს ლიტერატურასა და ხელოვნებაზე („კურბეს მაგალითი“, „სტენდალის სინათლე“ და სხვა.). ცნობილია მისი გალექსილი ავტობიოგრაფია „დაუმთავრებელი რომანი“. 1962 წელს საფრანგეთში გამოიცა „პარალელური ისტორია ამერიკისა და საბჭოთა კავშირისა“; საბჭოთა კავშირის ისტორიის ავტორია არაგონი, ამერიკისა კი – ანდრე მორუა.
ლუი არაგონი გარდაიცვალა 1982 წლის 24 დეკემბერს, პარიზში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.