From Wikipedia, the free encyclopedia
კალინინგრადის საკათედრო ტაძარი[1][2] (რუს. Кафедральный собор в Калининграде; გერმ. Konigsberger Dom[3][4]) ან კენიგსბერგის საკათედრო ტაძარი[5] ან ღვთისმშობლისა და წმინდა ადალბერტის ტაძარი[6] — უმოქმედო საკათედრო ტაძარი, მდებარეობს ქალაქ კალინინგრადის ისტორიულ რაიონში, კნაიპჰოფეში (ამჟამად მოსახლეობა მას „კანტის კუნძულს“ უწოდებს), ყოფილი პრუსიული ქალაქის კენიგსბერგის ერთ-ერთ კუნძულოვანი ნაწილში. შენდებოდა 1333-1380 წლებში.
კალინინგრადის საკათედრო ტაძარი | |
ძირითადი ინფორმაცია | |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 54°42′22″ ჩ. გ. 20°30′42″ ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | ლუთერანობა |
ქვეყანა | რუსეთი |
პროვინცია | კალინინგრადის ოლქი |
ადგილმდებარეობა | კალინინგრადი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა | |
ხუროთმოძღვრული სტილი | აგურის გოთიკა |
თარიღდება | XIV საუკუნე |
XVI საუკუნეში საეკლესიო რეფორმაციის დაწყებამდე ტაძარი კენიგსბერგის უმთავრეს კათოლიკურ ტაძრად რჩებოდა, ხოლო რეფორმაციის შემდეგ პრუსიის მთავარი ლუთერანული ტაძარი გახდა.
საბჭოთა წლებში კალინინგრადის საკათედრო ტაძარი იყო კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი და შედიოდა რესპუბლიკური მნიშვნელობის არქიტექტურის ძეგლების სიაში ნომრით 0058.
საკათედრო ტაძარი აგებულია აგურის (იგივე ბალტიური) გოთიკის სტილში. არის რუსეთის იშვიათი გოთიკური ნაგებობებიდან ერთ-ერთი.
ამჟამად ტაძარი არის ქალაქ კალინინგრადის ერთ-ერთი სიმბოლო[7][8][9].
ტაძარში ღვთისმსახურება არ მიმდინარეობს, შენობა გამოიყენება სამუზეუმო ექსპოზიციისათვის და მიმდინარეობს კონცერტები. მოქმედებს ევანგელისტური და მართლმადიდებლური სამლოცველოები.
პირველი საკათედრო ტაძარი ააშენეს 1297-1302 წლებს შორის პერიოდში ალტშტადტის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ეპისკოპოს ზიგფრიდის გარდაცვალების შემდეგ, რომლის დროსაც დაიწყო ტაძრის მშენებლობა, ახალი ეპისკოპოსი გახდა იოჰანი. მისი თხოვნით 1327 წელს ტევტონთა ორდენის მაგისტრმა გამოჰყო ახალი მიწის ნაკვეთი კუნძულ კნაიპჰოფზე ქალაქის მთავარი ეკლესიის ასაშენებლად.
ახალ ადგილზე ტაძრის მშენებლობის დაწყების ზუსტი თარიღი უცნობია. ფორმალურად მისი დაბადების დღედ ითვლება 1333 წლის 13 სექტემბერი (როდესაც იგი პირველად მოიხსენიება დოკუმენტში)[10]. ამ დღეს ტევტონთა ორდენის მაგისტრმა გასცა ნებართვა ტაძრის მშენებლობაზე. თავდაპირველი პროექტით ივარაუდებოდა ეკლესია-ციხესიმაგრის მშენებლობა, რადგან ტერიტორია რამდენიმე ხნის წინ დაიპყრეს, მაგრამ ორდენის გროსმეისტერმა ლუთერ ბრაუნშვაიგელმა არ გასცა ნებართვა. მშენებლობა კი გაგრძელდა, მაგრამ შენობა ახლა უკვე საკულტო ნაგებობა იყო.
ახალი ეკლესიის სამშენებლო მასალად გამოიყენეს ძველი ეკლესიის აგური, რომელიც დაშალეს. სპეციალურად ეკლესიაში მოსახვედრად ააშენეს ხიდი, რომელსაც საკათედრო უწოდეს.
ტაძრის მშენებლობის ფორმალურ დასასრულად ითვლება 1380 წელი, მაგრამ სამუშაოები მოგვიანებითაც გაგრძელდა. 1553 წელს ფასადზე მიაშენეს კოშკი.
თავდაპირველად ტაძარი იყო ერთნავიანი, მაგრამ მოგვიანებით მის დასავლეთ ნაწილში მიაშენეს სამნავიანი კორპუსი. ორდენის მმართველობის პერიოდში ეს ორი ნაწილი ერთმანეთსაგან გამოყოფილი იყო. ერთნავიან ნაგებობაში ლოცულობდნენ რაინდები, ხოლო სამნავიან შენობაში ჩვეულებრივი მრევლი. 1519 წელს ტაძარში აღესრულა უკანასკნელი კათოლიკური წირვა, ხოლო ოთხი წლის შემდეგ აქ შედგა პირველი ევანგელისტური ქადაგება გერმანულ ენაზე.
1528 წლიდან ეკლესია კნაიპჰოპის მრევლის კირხე გახდა. მალევე იგი საუნივერსიტეტო კირხეა, ხოლო 1650 წლიდან მის სამხრეთის კოშკში ვალენროდის ბიბლიოთეკა გაიხსნა, რომელშიც თავმოყრილი იყო უნიკალური წიგნები და ხელნაწერები. კირხეში მოწყობილი იყო აკლდამაც, რომელშიც სულ ბოლოს დაკრძალეს იმანუელ კანტი[5].
1833 წელს ტაძარი პირველად გაარემონტეს, ხოლო 1888 წელს დაამონტაჟეს ახალი ორღანი.
მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ტაძრის ზომები იყო: სიგრძე - 88,5 მეტრი, სიმაღლე - 50,75 მეტრი. დაბომბვების შედეგად ეკლესია თითქმის მთლიანად დაიწვა. თუმცა შენობა გადარჩა.
მთელი თავისი გერმანული ისტორიის მანძილზე ეკლესია არ გამოიყენებოდა მხოლოდ საკულტო ნაგებობად. 1344 წელს გრაფმა ვილჰელმ IV ჰოლანდიელმა ეპისკოპოსისაგან მიიღო ნებართვა ტაძარში ზამთარი გაეტარებინა თავის ცხენებთან ერთად, ხოლო 1807 წელს ტაძრის ნაწილი გამოიყენებოდა როგორც სამხედრო ციხე.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეკლესია ნანგრევებად იყო ქცეული[11]. ტაძარი საბჭოთა ხელისუფლებამ არ ვაანგრია მხოლოდ იმიტომ, რომ მის კედელში დასაფლავებული იყო იმანუელ კანტი[12].
1960 წელს საკათედრო ტაძარმა მიიღო რესპუბლიკური მნიშვნელობის კულტურის ძეგლის სტატუსი, მაგრამ მის გადასარჩენად არანაირი ზომები არ მიუღიათ: ნანგრევები კვლავ ნანგრევებად რჩებოდა. 1976 წელს იყო ტაძრის რესტავრაციის მცდელობა, თუმცა ამ რესტავრაციამ ზიანი უფრო მეტი მოუტანა ტაძარს ვიდრე სიკეთე. რესტავრაციის პერიოდში დაანგრიეს ომის პერიოდიდან შემორჩენილი ჩრდილოეთის კოშკის ფრონტონი. ძლიერ დაზიანდა იატაკის ეპიტაფიები.
დებატები ტაძრის მომავალზე, ახალი ენერგიით დაიწყო პერესტროიკის პერიოდში. განიხილებოდა რამდენიმე ვარიანტი[13]:
1992 წელს ტაძრის აღდგენით დაკავდა ფირმა „საკათედრო ტაძარი“ იგორ ალექსანდრე ძე ოდინცოვი. 1993 წელს ტაძრის ნანგრევების კომპლექსური გამოკვლევის შემდეგ დაიწყო საკონსერვაციო სამუშაოები, ხოლო 1994 წელს - სარესტავრაციო სამუშაოები. ამავე წლის 21 ივნისს დაამონტაჟეს ტაძრის წვერი, რომლის დასამონტაჟებლად გამოიყენეს ბალტიის ფლოტის თვითმფრინავი[15].
1995-1996 წლებში მიმდინარეობდა ტაძრის ეპიტაფიისა და კანტის აკლდამის რესტავრაცია. 1995 წლის შემოდგომაზე კოშკზე დაამონტაჟეს საათი და ოთხი ზარი. აღნიშნული საათი არის კალინინგრადში ყველაზე სწორი და კარგად მომუშავე საათი[15].
1996-1998 წლებში მიმდინარეობდა სახურავის აღდგენითი სამუშაოები. 1998 წლის სექტემბერში მცირე კოშკზე დაკივეს ორი ზარი. 2005 წლის ბოლოს აღადგინეს ვალენროდის ბიბლიოთეკის ინტერიერი, რომელიც ომამდე მოქმედებდა ტაძარში. აღნიშნული სამუშაოები მიმდინარეობდა კალინინგრადელი ხელოსნების მიერ.
იმანუელ კანტი დაკრძალეს ტაძრის „პროფესორების აკლდამაში“ 1804 წელს და გახდა უკანასკნელი დაკრძალული ადამიანი ტაძრის კედლებში. 1880 წელს კანტის საფლავზე ააგეს სამლოცველო ნეოგოთიკის სტილში, რომელიც პირველი მსოფლიო ომის პერიოდში იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში.
კანტის 200 წლის იუბილესთან დაკავშირებით ძველი სამლოცველოს ადგილზე ფრიდრიხ ლარსის პროექტის მიხედვით ააგეს ახალი ნაგებობა. ნაგებობის შიგნით მდებარეობს ქვის საფლავი, რომელიც კენოტაფს წარმოადგენს, კანტის ნეშტი მის ქვეშ არაა, იგი უფრო სიღრმეშია. ფული ნაგებობის მშენებლობისათის გაიღი ქველმოქმედმა ჰუგო სტინესმა.
კანტის საფლავი გაარემონტეს 1996 წელს, იმ პირველი რესტავრაციის ფარგლებში რომლის დროსაც აღადგინეს ტაძარი.
ტაძარი აღადგინეს, როგორც კულტურულ-რელიგიური ცენტრი. დღეისათვის აღდგენილ ტაძარში განთავსებულია ევანგელისტური და მართლმადიდებლური სამლოცველოები, ასევე მუზეუმი და იმანუელ კანტის მუზეუმი[17].
პირველი ომისშემდგომი მსახურება აღდგენილი ტაძრის კედლებში გაიმართა 1992 წლის აღდგომის დღესასწაულზე. საზეიმო ღვთისმსახურება კი გაიმართა ცოტა მოგვიანებით. 1994 წელს ღვთისმსახურება მიეძღვნა კენიგსბერგის უნივერსიტეტის 450 წლისთავს. 1995 წლის 7 მაისს ტაძარში გაიმართა სამი ქრისტიანული კონფესიის წარმომადგენლების მართლმადიდებლების, კათოლიკეებისა და პროტესტანტების ერთობლივი ღვთისმსახურება[17].
ტაძარში რეგულარულად იმართება კლასიკური და რელიგიური მუსიკის კონცერტები, მათ შორის ორი ორღანის გამოყენებით[18]. იმართება ორღანისტების საერთაშორისო კონკურსები[19].
2002 წელს ტაძრის არქიტექტურული სახე დარეგისტრირდა კულტურის სამინისტროში, როგორც სავაჭრო ნიშანი. ამ თვალსაზრისით მან უნდა მიიღოს იმ კომერციული მოღვაწეობის შემოსავლების 0,5 %, რომელიც დაკავშირებული იქნება მისი გამოსახულების გამოყენებასთან. მაგალითად სიგარეტს რომელსაც ეწოდება „Соборные“ და არაყი „Восточнопрусская“ იყენებენ აღნიშნულ სავაჭრო ნიშანს[20].
2005 წელს რუსეთში გამოვიდა საფოსტო მარკა, რომელიც ეძღვნებოდა კალინინგრადის დაარსების 750 წლისთავს. მასზე გამოსახული იყო ქალაქის რამვენიმე ღირსშესანიშნაობა, მათ შორის საკატედრო ტაძარიც.
საკათედრო ტაძარი გამოსახული იყო საიუბილეო მონეტაზე სერიით „რუსეთის უძველესი ქალაქები“, რომელიც გამოვიდა 5 მილიონიანი ტირაჟით 2005 წელს. მონეტაზე დატანილია ეკლესია სახურავვის გარეშე, ანუ 1996 წლის მდგომარეობით[21][22].
რუსეთის საფოსტო მარკა „კალინინგრადის 750 წლისთავი“ (2005 წელი). | რუსეთის საიუბილეო მონეტა 10 რუბლის ნომინალის, სერიით „რუსეთის უძველესი ქალაქები“, ეძღვნება კალინინგრადს (რევერსი, 2005 წელი). |
2007 წელს საკათედრო ტაძარი შედიოდა „რუსეთის შვიდი საოცრების“ პრეტენდენტთა სიაში[23]. 2008 წელს აქციის „ქარვის მხარის შვიდი საოცრების“ ფარგლებში ტაძარი დაასახელეს კალინინგრადის ოლქის მთავარ სიმბოლოდ[24].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.