From Wikipedia, the free encyclopedia
იულია ჰუნიადი დე კეთელი (სერბ. Јулија Хуњади де Кетељ; დ. 26 აგვისტო, 1831, ვენა, ავსტრიის იმპერია — გ. 19 თებერვალი, 1919, ვენა, გერმანული ავსტრია) — უნგრელი არისტოკრატი. სერბეთის მთავრის მეუღლე 1860-1868 წლებში როგორც მიჰაილო ობრენოვიჩ III-ის ცოლი.
იულია ჰუნიადი დე კეთელი | |
---|---|
სერბეთის მთავრის მეუღლე | |
მმართ. დასაწყისი: | 26 სექტემბერი, 1860 |
მმართ. დასასრული: | 10 ივნისი, 1868 |
წინამორბედი: | პერსიდა ნენადოვიჩი |
მემკვიდრე: | ნატალია ობრენოვიჩი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 26 აგვისტო, 1831 |
დაბ. ადგილი: | ვენა, ავსტრია |
გარდ. თარიღი: | 19 თებერვალი, 1919, (87 წლის) |
გარდ. ადგილი: | ვენა, ავსტრია |
მეუღლე: |
მიჰაილო ობრენოვიჩ III, სერბეთის მთავარი (ქ. 1853 - გარდ. 1868) კარლი, არენბერგის ჰერცოგი (ქ. 1876) |
დინასტია: | ჰუნიადები |
მამა: | ფერენც ჰუნიადი, კეთელის გრაფი |
დედა: | გრაფინია იულია ზიჩი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
იულია დაიბადა 1831 წლის 26 აგვისტოს ვენაში, უნგრელი არისტოკრატების ოჯახში. იგი იყო კეთელის გრაფ ფერენც ჰუნიადისა და მისი მეუღლის, ძველი წარჩინებული გვარის წარმომადგენელ გრაფინია იულიანა ზიჩის ქალიშვილი. მას სულ სამი ძმა ჰყავდა: ლასლო, კალმანი და ვილმოსი.
1853 წლის 1 აგვისტოს, 21 წლის იულიანა ჰუნიადი ცოლად შერთეს სერბ დიდგვაროვან მიჰაილო ობრენოვიჩს, სერბეთის მთავრის ვაჟს. 1860 წლის 26 სექტემბერს მისი მამამთილის, მილოშ ობრენოვიჩის გარდაცვალების შემდეგ ტახტი მიჰაილომ დაიკავა, რითაც იულია სერბეთის მთავრის მეუღლე გახდა. იულიანა სერბებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა თავისი ერთგულების გამო კათოლიკური რელიგიის მიმართ და მისი მაღალი და უცხოური წარმომავლობის გამო, რადგან წინამორბედი მთავრის ცოლები ძირითადად დაბალი ფენიდან გამოსული სერბი ქალები იყვნენ.
მთავარი მიჰაილო არ ყოფილა ერთგული ქმარი და მას სულ მცირე ერთი უკანონო ვაჟი ჰყავდა. ვინაიდან დადგინდა, რომ იულიანა უნაყოფო იყო, მთავრობამ მთავარს ცოლთან გაშორება, საყვარელ კატარინა კონსტანტინოვიჩზე ქორწინება და უკანონო ვაჟის მემკვიდრედ გამოცხადება მოსთხოვა, თუმცა მიჰაილომ ამაზე უარი თქვა. 1867 წელს ამ წინადადების გამო მიჰაილომ პრემიერ-მინისტრი ილია გარასანინი თანამდებობიდან მოხსნა. მიუხედავად ამისა, იგი კატარინასთან უერთიერთობას განაგრძობდა, რომელმაც იულიანა რამდენჯერმე საჯაროდ დაამცირა. ამის საპასუხოდ იულიანამაც გააბა რომანი ჰერცოგ კარლ ფონ არენბერგთან. აღსანიშნავია, რომ კარლ ფონ არენბერგი იყო ავსტრიის იმპერატრიცა ელიზაბეთ ბავარიელის მეორე თაობის ბიძაშვილი.
1868 წლის 10 ივნისს მთავარმა მიჰაილომ თავის საყვარელთან და დასთან ერთად ბელგრადის ქუჩებში გასეირნება გადაწყვიტა. სეირნობისას მათ ცეცხლი გაუხსნეს, რა დროსაც ადგილზევე გარდაიცვალნენ მთავარი მიჰაილო და მისი და, პრინცესა ანკა, კატარინა კი სერიოზულად დაიჭრა. როგორც შემდგომში გაირკვა, ეს მკვლელობა ობრენოვიჩების მტრის, კარადორდევიჩის დაკვეთილი იყო. ვინაიდან მიჰაილოს იულიანასთან შვილი არ ჰყოლია, სერბეთის ტახტი მისმა ძმისწულმა მილანმა დაიკავა, რომელიც შემდგომში სერბეთის მეფე გახდა მილან I-ის სახელით.
მიჰაილოს მკვლელობიდან რამდენიმე თვეში მისი საყვარელი კატარინა ცოლად გენერალ ბლაზნავაკს გაჰყვა. მას შემდეგ, რაც მეფე მილანი თავის ცოლს, დედოფალ ნატალია ობრენოვიჩს გაშორდა, კატარინამ სამეფო კარზე პირველი ქალბატონის პოსტი დაიკავა. თავად იულიანამ განაგრძო სასიყვარულო ურთიერთობა კარლ ფონ არენბერგთან, რომელზეც 1876 წლის 16 იანვარს დაქორწინდა კიდეც. ამით იგი არენბერგის ჰერცოგინია და რეკლინგჰაუზენის პრინცესა გახდა. ქორწინების შემდეგ კარლი და იულიანა ვენაში, ავსტრიის სამეფო კარზე გადასახლდნენ.
იულიანა გარდაიცვალა 1919 წლის 19 თებერვალს ვენაში, 87 წლის ასაკში, უშვილოდ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.