From Wikipedia, the free encyclopedia
ფლავიუს კლავდიუს იულიანე განდგომილი (დ. 331 — გ. 26 ივნისი, 363) — რომის იმპერატორი 361–363 წლებში. კონსტანციუსს შვილები არ ჰყავდა. 337 წელს ხოცვა-ჟლეტას, იმპერატორის ნათესავთაგან მხოლოდ ორი ბავშვი გადაურჩა. ესენი იყვნენ კონსტანტინე დიდის ნახევარძმის, იულიუს კონსტანციუსის შვილები, გალუსი და იულიანე.
337 წელს გალუსი იყო თორმეტი წლის, ხოლო იულიანე ექვსის. ძმები შემთხვევით გადარჩნენ, მაგრამ იზრდებოდნენ რთულ პირობებში. კონსტანციუსმა ბავშვებს სიცოცხლე შეუნარჩუნა, მაგრამ მიუსაჯა პატიმრობა. სასჯელს იხდიდნენ მცირე აზიის სხვადასხვა ქალაქში. ბიჭები იზრდებოდნენ ქრისტიანი მასწავლებლის გარემოცვაში. მათ სათავეში ედგათ ნიკომედიის ეპისკოპოსი ევსები , არიანელობის მიმდევარი. ქრისტიანობის პირველი გაკვეთილები იულიანემ მიიღო იმ პირებისაგან, რომლებსაც თვლიდა მტრებად. 342 წელს ევსები გარდაიცვალა და ძმები გაგზავნეს კაპადოკიაში, სადაც 6 წელი ცხოვრობდნენ ერთ სიმაგრეში. იმყოფებოდნენ საჭურისების მკაცრი მეთვალყურეობისა და არიანელი მასწავლებლების გარემოცვაში. იულიანეს ძალით უჭედავდნენ ქრისტიანობას. ისიც, თვითდაცვის მიზნით, იძულებული იყო, ეთამაშა მორწმუნე ქრისტიანის როლი. იცავდა მარხვას, დადიოდა ეკლესიაში და კითხულობდა ხალხისათვის წმინდა წერილს. როგორც ჩანს, ასეთი სიმკაცრის მიუხედავად, იულიანეს გარშემო სხვანაირად მოაზროვნეებიც ყოფილან. ასეთად ასახელებენ საჭურის მარდონიოსს, რომელმაც ჭაბუკს გააცნო ბერძენი პოეტებისა და ფილოსოფოსების თხზულებები.
იულიანეს ტყვეობა დასრულდა, როდესაც კონსტანციუსმა გალუსი დანიშნა ცეზარად და თავის ნაცვლად აღმოსავლეთში. იულიანეს კონსტანტინოპოლში ცხოვრებისა და სწავლის უფლება მისცეს. კონსტანციუსმა მას მასწავლებლად შეურჩია ადამიანი, რომლის ლექციები მხოლოდ ღმერთების აუგად მოხსენიებით შემოიფარგლებოდა.
კონსტანციუსმა იულიანე კონსტანტინეპოლში დიდხანს არ დატოვა და ცოდნის გაღრმავების საბაბით ნიკომედიაში გაგზავნა. ეს იყო იულიანეს ცხოვრებაში დიდი ბედნიერება, რადგან იმ ხანებში ნიკომედიაში ასწავლიდა ცნობილი წარმართი ლიბანიოსი. იულიანეს პირობა ჰქონდა დადებული კონსტანციუსის წინაშე, რომ ლიბანიოსის ლექციებს არ დაესწრებოდა, მაგრამ გამოსავალი იპოვა. მან დაიქირავა პირი, რომელიც საკმაოდ დიდი თანხის ფასად იწერდა ლიბანიოსის ლექციებს და ფარულად გადასცემდა.
კონსპირაციის მიუხედავად, კონსტანციუსამდე მიაღწია ხმებმა, რომ იულიანე მეგობრობდა წარმართებთან. მას მკაცრი სასჯელი ემუქრებოდა, არ იყო გამორიცხული სასიკვდილო განაჩენიც. გადარჩენის მიზნით, იულიანემ სერიოზულად შეიცვალა გარეგნული იერი, გაიპარსა თმა და წვერი, გადავიდა მონაზვნური ცხოვრების წესზე, ნიკომედიის ტაძარში დადიოდა, როგორც მკითხველი. ამ ხანებში მოხდა იულიანეს საბოლოო მოქცევა წარმართობაზე. მისთვის ქრისტიანობა იყო ყოველივე ბოროტების სიმბოლო. ქრისტიანებმა მოუკლეს მამა, წლების განმავლობაში ჰყავდათ განდევნილი სიკვდილის მუდმივი შიშის ქვეშ. ქრისტიანობა მას ესახებოდა ძალადობის რელიგიად, რელიგიად სიცრუის, ინტრიგის, უსაგნო დოგმატური კამათებისა და უხეში ძალადობის. მას უპირისპირებდა ელინური ღმერთების მშვენიერ სამყაროს, ძველი კულტურის უძვირფასეს საგანძურს. იულიანე შეუდგა წარმართული მეცნიერებისა და ფილოსოფიის შესწავლას. განსაკუთრებით იზიდავდა რელიგიური ფილოსოფია და მისტიკა. ამ მიზნით იგი გაემგზავრა ეფესოში, რათა დაუფლებოდა ნეოპლატონიზმის საიდუმლო მოძღვრებას, ჩასწვდომოდა მკითხაობის ხელოვნებას, რომ უშუალოდ დაემყარებინა ურთიერთობა ღმერთებთან. ახალგაზრდა იულიანემ კონსტანციუსის მიჩენილი მსტოვრებისაგან ფარულად საფუძვლიანად შეისწავლა იმდროინდელ ფილოსოფიურ ლიტერატურაში დევნის ობიექტად ქცეული ანტიქრისტიანული გადახრები იულიანეში ფარულად ჩამოყალიბდა ქრისტიანობის შეურიგებელი მტერი, რომლის დადასტურებას წარმოადგენს მისი „წერილები“. კონსტანციუსის გვერდით აღიზარდა წარმართობის უკანასკნელი იდეოლოგი.
იულიანეს ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა მას შემდეგ, როდესაც კონსტანციუსმა გალუსი აამაღლა ცეზარად და გადასცა სამართავად აღმოსავლეთი, რომლის დედაქალაქი იყო ანტიოქია.
იულიანეს ძმა, შიშისა და ბოროტების გარემოცვაში გაზრდილი, არაადამიანური სისასტიკით გამოირჩეოდა. იმდენად დაუნდობელი იყო, რომ ეპოქის რისხვად მოვლენილ კონსტანციუსსაც კი აღემატებოდა. მისი დესპოტური მანერებით შეშფოთებულ იმპერატორს ეჭვი დაებადა, რომ აღმოსავლეთის ცეზარი ძალაუფლების მიტაცებას შეეცდებოდა. კონსტანციუსმა, უსაფრთხოების მიზნით, გალუსი დაიბარა და გამოძიებისა და სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასაჯა.
გალუსის დასჯის შემდეგ, კონსტანციუს ქლორუსის მრავალრიცხოვანი შთამომავლებიდან ცოცხალი იყო თვითონ იმპერატორი კონსტანციუს II და იულიანე, დანარჩენები სასახლის კარზე დატრიალებულ განუკითხაობას შეეწირნენ.
კონსტანციუსმა იულიანეც გამოიძახა. მოსალოდნელი იყო, რომ იმპერატორი უკანასკნელ „შურისმაძიებელსაც“ გაუსწორდებოდა, მაგრამ შეიწყალა და გაგზავნა ათენში სწავლის გასაგრძელებლად.
ამ დროისათვის რომის იმპერიის საგარეო მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. აღმოსავლეთში სპარსელებმა განაახლეს შემოტევები, გალიას მიწასთან ასწორებდნენ გერმანელი ტომები, ალემანები.
კონსტანციუსმა თავისი ერთადერთი ნათესავი იულიანე 355 წელს ცეზარად გამოაცხადა და სამმართველოდ გადასცა დასავლეთის პროვინციები, ომებით, აოხრებული გალია, აგრეთვე ბრიტანეთი, ბელგია, ესპანეთი, პორტუგალია.
სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მდგომი იულიანე ცეზარის ტიტულით მოევლინა დასავლეთ ევროპას. კონსტანციუსი ბოლომდე მაინც არ ენდობოდა და მის გარშემო მრავლად ჰყავდა ადამიანები, რომლებსაც უნდა შეეზღუდათ ცეზარის დამოუკიდებელი ქმედებანი.
ყველასათვის მოულოდნელად დევნასა და საპყრობილეებში გაზრდილ იულიანეს აღმოაჩნდა მხედართმთავრისა და ადმინისტრატორის შესანიშნავი უნარი. სერიოზულად აღადგინა რომის არმიის ბრძოლისუნარიანობა და რამდენჯერმე გადალახა მდინარე რაინი. მან დაინახა არმიის სათავეში მდგომ პირთა შეუფერებლობა და, სამხედრო საქმეებში თითქოს გამოუცდელმა, მოკლე ხანში რამდენიმე გამარჯვება მოიპოვა. 357 წელს იულიანემ დიდ ბრძოლაში გაანადგურა ალემანები, ასევე წარმატებით იბრძოდა ფრანკების წინააღმდეგ.
იულიანეს დასავლეთ ევროპაში ლაშქრობის პარალელურად, იმპერატორი კონსტანციუსი დუნაისპირეთში ებრძოდა კვადებს და სარმატებს. ამ დროს სპარსეთის მეფე საპორ II-მ (შაპურმა) გადალახა მდინარე ტიგროსი და შეიჭრა რომის სამფლობელოებში. კონსტანციუსი იძულებული გახდა, აღმოსავლეთისათვის მიეხედა, ამავე დროს, იულიანეს უბრძანა, გაეგზავნა თავისი არმიის საუკეთესო შენაერთები. იულიანე დაემორჩილა ბრძანებას და შეადგინა აღმოსავლეთში გასაგზავნი ჯარების შემადგენლობა, მაგრამ, როდესაც ეს ინფორმაცია გახმაურდა, პარიზში მდგარმა არმიამ იულიანე იმპერატორად გამოაცხადა. ეს იყო დაცემის გზაზე მდგარი რომის ბარბაროსული არმიის ჩვეულებრივი მოქმედება. იულიანემ გამოწვევა მიიღო, ლეგიონების სურვილი დააკმაყოფილა და კონსტანციუსს მოსთხოვა, ეღიარებინა იგი ავგუსტუსად და გაეწმინდა დასავლეთი თავისი მომხრე ჯარებისაგან. იმპერატორმა პასუხი არ გასცა. იულიანე არ დაელოდა და თავისი არმიით დაიძრა ბალკანეთის მიმართულებით. კონსტანციუსიც გაემართა მასთან შესახვედრად, მაგრამ 361 წლის 5 ოქტომბერს მცირე აზიაში მოულოდნელად გარდაიცვალა. იულიანე აღიარა მთელმა იმპერიამ, როგორც საიმპერატორო დინასტიის ერთადერთი კანონიერი მემკვიდრე.
იულიანე რომის იმპერიის ერთპიროვნული მბრძანებელი გახდა.
იულიანე ეპოქის განათლებული პიროვნება იყო. ღრმად იყო დაუფლებული მისთვის მიუღებელ ქრისტიანულ ლიტერატურას, მაგრამ თავის მოწოდებად თვლიდა წარმართული კულტურის სამსახურს.
იულიანემ დამოუკიდებელი მოღვაწეობა რეფორმების გატარებით დაიწყო. გაუფართოვა უფლებამოსილება მუნიციპალურ მმართველობას, შეამცირა გადასახადები, საგრძნობლად შეკვეცა სასახლის ბიუროკრატიული აპარატი.
იულიანეს გზა გაეხსნა თავისი იდეების სისრულეში მოსაყვანად. მან ღიად გამოუცხადა ომი ქრისტიანობას (ამის გამო იულიანეს ქრისტიანობამ „განდგომილი“ – პოსტატა უწოდა). ქრისტიანობის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში იგი სრულ თავისუფლებას გრძნობდა, მაგრამ არ უცდია მილანის ედიქტის შეცვლა. იულიანე რელიგიურ საკითხებში უარყოფდა ძალადობას, თუმცა შეფარული ფორმით, იმპერატორის სიტყვას თავისი ძალა ჰქონდა, როდესაც თხზულებაში, „ქრისტიანთა წინააღმდეგ“, მოურიდებლად გამოთქვამდა სიძულვილს „გალილეველთა ბიწიერი სექტის“ წინააღმდეგ. იულიანე ქრისტიანული ლიტერატურის საფუძვლიან ცოდნას ავლენდა, რომელსაც უპირისპირებდა ანტიკური მეცნიერებისა და ფილოსიფიის საგანძურს. დაუზოგავად აკრიტიკებდა ქრისტიანების მიერ ღვთიური წარმომავლობის სფეროში მოქცეულ სიწმინდეებს.
იულიანემ ქრისტიანულ სასულიერო პირებს მოუხსნა წინა იმპერატორების მიერ დაწესებული შეღავათები. 362 წელს გამოსცა ედიქტი, რომელიც უკრძალავდა ქრისტიან ფილოსოფოსებს, გრამატიკოსებს, რიტორებს, ესწავლებინათ სკოლებში. იმპერატორის ედიქტმა ქრისტიანების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, მაგრამ იმპერატორის ნება იყო შეუვალი. კონსტანტინოპოლში დაბრუნებული იულიანეს პირველი პრაქტიკული ნაბიჯი იყო, კონსტანციუსის მიერ რელიგიური მოსაზრებით გაძევებულ პირთა დაბრუნება. გააუქმა კანონები, რომლებიც კრძალავდნენ მსხვერპლშეწირვას, აღადგინა დახურული ტაძრები და ხალხს დაუბრუნა ჩამორთმეული ქონება.
იულიანე ბერძნული კულტურის თაყვანისმცემელი იყო. საყურადღებოა ის გარემოება, რომ იგი ლიტერატურაში ბერძნულენოვან მწერლად ითვლება. დიდი გულისყურით უსმენდა ათენში წარმართ ფილოსოფოსებს, იღრმავებდა ცოდნას და იფართოებდა ქრისტიანობის საწინააღმდეგო ბრძოლის გზებს.
იულიანეს რელიგიურმა პოლიტიკამ განაპირობა დაპირისპირება ქრისტიანებსა და წარმართებს შორის. წარმართობის მიმდევრებმა, როდესაც იგრძნეს ხელისუფლების მხარდაჭერა, აშკარა ბრძოლაზე გადავიდნენ. მრავალი სისხლიანი დაპირისპირებაც იყო. იულიანე კარგად გრძნობდა ქრისტიანობის სიძლიერეს. იგი ოცნებობდა, მისთვის დაეპირისპირებინა ახალი ფილოსოფიური იდეებით გამდიდრებული რელიგიური სისტემა, ამიტომ სურდა აღედგინა წარმართობა „ელინიზმი ახალი განწმენდილი ფორმით“. იულიანე ცდილობდა, შეექმნა ქრისტიანულის მსგავსი წარმართული იერარქია, შეეტანა ცვლილებები ბერძნულ-რომაულ რელიგიურ იერარქიაში. იერარქიის სათავეში ინიშნებოდა მთავარი ქურუმი, რომლის უფლებამოსილებაში შედიოდა შეუფერებელ წევრთა გადაყენება. ქურუმების არჩევა უნდა მომხდარიყო არა სიმდიდრის მიხედვით, არამედ წარმართობის უდრეკი დამცველების რიგებიდან უმეტესწილად ფილოსოფოსებისაგან. იმპერატორი მუდმივად მიმართავდა ქურუმებს მოწოდებებით, მოითხოვდა მათგან ზნეობრივი ცხოვრების წესების დაცვას, ხშირად ელოცათ, არ დასწრებოდნენ თეატრალურ წარმოდგენებს, არ წაეკითხათ არასერიოზული წიგნები. იულიანეს კარგად ესმოდა, რამხელა როლს ასრულებდა ქრისტიანობაში კეთილგონიერება და დაჟინებით მოუწოდებდა წარმართ სასულიერო პირებს, განსაკუთრებული ყურადღება მიექციათ ამ რეალობისათვის.
იულიანეს ბევრი რამ მოსწონდა ქრისტიანობაში და ცდილობდა, წარმართობას დასესხებოდა. თვით წარმართები ალმაცერად უყურებდნენ იმპერატორის ღვთისმოსაობას და მონაზვნური ცხოვრების წესს. იულიანეში შერწყმული იყო წარმართობა და ქრისტიანობა. იგი ცხოვრების მძიმე პირობებმა ჩამოაყალიბეს ქრისტიანობის მტრად. წარმართობისა და ქრისტიანობის ზღვარზე მდგარმა, ვერ შეძლო ისტორიული კანონზომიერების შეცვლა.
იულიანე მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული პიროვნება იყო. სამეცნიერო ლიტერატურაში იგი დახასიათებულია ნერვულ, დარღვეული ფსიქიკის, იმპერიის განუსაზღვრელ მეუფედ. ღრმად სწამდა, რომ იყო ღმერთების რჩეული, ანტიკურ კულტურაზე შეყვარებული, რომელიც აერთიანებდა მხედართმთავრის, რელიგიური მოღვაწის, მწერლისა და ადმინისტრატორის თვისებებს.
იულიანე იმპერატორის ტახტზე იმყოფებოდა ორი წელი და რამდენიმე თვე. მცირე დროის მიუხედავად, უდიდესი ზიანი მიაყენა ქრისტიანობას, მაგრამ წარმართობის ზეიმი ხანმოკლე გამოდგა.
ადმინისტრაციული მმართველობის სფეროში იულიანე სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პიროვნება იყო. გამოავლინა ადმინისტრაციული მოწყობის შესანიშნავი თვისებები. გაატარა სასახლის მომსახურე პერსონალის წმენდა, შეამცირა ნოტარიუსების რიცხვი. დააწესა მკაცრი კონტროლი სახელმწიფო მოხელეებზე, ქალაქებს დაუბრუნა მიწები და დართო გადასახადების აკრეფის უფლება.
გვირგვინოსანი იულიანეს უპირველესი ამოცანა რომის შელახული დიდების აღდგენა იყო. ამ მიმართულებით საუკეთესო საბაბად მიაჩნდა ომი სპარსეთთან. ელინოფილ იმპერატორს ამოძრავებდა პატივმოყვარეობა, გაემეორებინა ალექსანდრე მაკედონელის გმირული ლაშქრობანი და დაემტკიცებინა რომაელთა უძლეველობა. იულიანემ მოახდინა რომის სამხედრო ძლიერების ილუსტრირება. შეკრიბა 65 ათასი მეომარი. იულიანეს არმიამ დიდი წარმატებით დაიწყო საომარი მოქმედება. გადალახა ევფრატი, დაამარცხა სპარსელები, მაგრამ ქალაქის ალყაში მოქცევა არ უცდია. დამარცხების მიუხედავად, სპარსელებმა ძალები მოიკრიბეს და მტკიცედ შეუტიეს რომაელებს. იულიანემ შეცვალა ლაშქრობის მიმართულება და ტიგროსის ზემო დინებისაკენ გადაინაცვლა, სადაც სომხეთის მხარეს სარეზერვო ლაშქარი ჰყავდა გამაგრებული. რომის არმია მოძრაობდა ნელა და მძიმედ. მდგომარეობას ართულებდა სპარსელთა განუწყვეტელი თავდასხმები. ერთ-ერთი მორიგი შეტაკების დროს, 363 წლის 26 ივნისს, იულიანე სასიკვდილოდ დაიჭრა და გარდაიცვალა. ბოლომდე ნათელი არ არის, იულიანე სპარსელის ნატყორცნი შუბით დაიღუპა, თუ რომის არმიის ქრისტიანმა მეომარმა გაიმეტა თავისი იმპერატორი სასიკვდილოდ. ქრისტიანული ტრადიციის რწმუნებით, იულიანეს, ვიდრე სიცოცხლეს გამოეთხოვებოდა, წარმოუთქვამს: „შენ გაიმარჯვე, გალილეველო“. იულიანეს აღმოსავლური ლაშქრობა ტრაგიკულად დასრულდა.
იულიანეს სიკვდილით დამთავრდა წარმართობის რესტავრაციის ხანმოკლე პერიოდი. იულიანე იყო კონსტანციუს ქლორუსის დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი. მან თავისი მემკვიდრის დასახელება ვერ მოასწრო და არჩევანის გაკეთება არმიას მოუწია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.