ქართველი გეოგრაფი From Wikipedia, the free encyclopedia
ზურაბ კონსტანტინეს ძე ტატაშიძე (დ. 24 სექტემბერი 1928 ― გ. 12 ივნისი 2011) ― ქართველი გეოგრაფი. გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი (1973), პროფესორი (1979). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1997). ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი (1992–2006), საქართველოს ეროვნული სპელეოლოგიური საზოგადოების პრეზიდენტი (1998–2004). მუშაობდა გორის პედაგოგიური ინსტიტუტის უფროს მასწავლებლად (1954–57), ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად (1958–60), თელავის პედაგოგიური ინსტიტუტის უფროს მასწავლებალად (1958–59), ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის კარსტოლოგიისა და სპელეოლოგიის განყოფილების გამგედ (1975–90), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის კათედრის გამგედ (1983–93), ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ-თანამშრომლად (1990–93).[1]
ზურაბ ტატაშიძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 24 სექტემბერი, 1928 |
დაბ. ადგილი | საჩხერე, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდ. თარიღი | 12 ივნისი, 2011 (82 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი, საქართველო |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | გეოგრაფი |
მუშაობის ადგილი | ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი |
ჯილდოები | ღირსების ორდენი და სსრკ-ის სახელმწიფო პრემია |
ზურაბ ტატაშიძე მოღვაწეობდა გეომორფოლოგია-კარსტოლოგია-სპელეოლოგიის დარგში. მის სამეცნიერო მოღვაწეობაში ძირითადი ადგილი ეკავა საქართველოსა, და, საერთოდ მთიანი ქვეყნების კარსტის პრობლემების კვლევას; ლევან მარუაშვილთან ერთად იგი ახალი, პერსპექტიული სამეცნიერო მიმართულების — მღვიმეთმცოდნეობის ერთ-ერთი დამფუძნებელია საქართველოში. მისი უშუალო ხელმძღვანელობით და მონაწილეობით საქართველოში აღმოჩენილი და შესწავლილი მღვიმეებიდან, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას იპყრობს ახალი ათონის, ნაფრა-მჭიშთის, წყალტუბოსა და სხვა უნიკალური კარსტული მღვიმური სისტემები. სენსაციური იყო 1987–88 წლების შედეგები, როცა მისი აქტიური მონაწილეობით გამოვლინდა დედამიწაზე ინდიკატორული ექსპერიმენტებით დადასტურებული უღრმესი (2345 მ) ნაფრა-მჭიშთის ჰიდროგეოლოგიური სისტემა, რომელმაც საერთაშორისო მნიშვნელობა შეიძინა.[2]
ზურაბ ტატაშიძე ავტორია არაერთი ფუნდამენტური ნაშრომისა, რომელთაგან აღსანიშნავია: „საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი“ (თანაავტ., 1966), „ახალი ათონის მღვიმე“ (1975), „საქართველოს კარსტული მღვიმეები“ (რუსულ ენაზე, 1976), „ახალი ათონის მღვიმური სისტემა“ (რუსულ ენაზე, 1983), „ბზიფის მასივის კარსტი და მღვიმეები“ (1989), „გეომორფოლოგიური ლექსიკონი“ (თანაავტ., 1996), „ვახუშტი ბაგრატიონი დიდი მეცნიერი და მამულიშვილი 300“ (თანაავტ., 1997), „საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი“ (2009) და სხვა.[3]
ზურაბ ტატაშიძე 600-ზე მეტი სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომის, მათ შორის 25-მდე მონოგრაფიის ავტორია. დიდია მისი ღვაწლი საქართველოს მაღალმთიანი კარსტული მღვიმეების კვლევაში. გამართლდა ტატაშიძის არაერთგზის გამოთქმული მოსაზრება საქართველოს მაღალმთიან კირქვულ მასივებზე ზეღრმა კარსტული მღვიმეების არსებობის შესახებ.[3]
ზურაბ ტატაშიძე 1997 წელს გამოცემული ვახუშტი ბაგრატიონის „საქართველოს ატლასის“ სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე, ვახუშტი ბაგრატიონის „საქართველოს გეოგრაფიის“ (1997) და 2000 წელს გამოცემული „საქართველოს გეოგრაფიის“ მთავარი რედაქტორია. იყო ქართული ენციკლოპედიის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა საბჭოს თავმჯდომარე და ამერიკის ბიოგრაფიული ინსტიტუტის საბჭოს წევრი. ამერიკის ბიოგრაფიულმა ინსტიტუტმა მიანიჭა წოდება: „წლის ადამიანი 1998“. დაჯილდოებულია საკავშირო სახელმწიფო პრემიითა და საქართველოს ღირსების ორდენით.[4]
ზურაბ ტატაშიძე დაიბადა 1928 წლის 24 სექტემბერს ქალაქ საჩხერეში. მამა კონსტანტინე ზაქარიას ძე ტატაშიძე ძველი გიმნაზიელი იყო, განათლებული პიროვნება. კარგად ფლობდა რუსულ ენას, გატაცებული იყო ჩოხა-ახალუხის კერვით, დედა ჟენია გიორგის ასული ტატაშიძე — დიასახლისი. დაკავებული იყო საოჯახო საქმეებითა და ბავშვების აღზრდით. ოჯახში 7 და-ძმა იზრდებოდა, მათ შორის გამოირჩეოდა ზურაბი, რომელიც ბავშვობიდანვე გატაცებული იყო მიწისქვეშა სამყაროს კვლევით.
ზურაბ ტატაშიძე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე. 1951 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეომორფოლოგიის სპეციალობით. 1951–54 წლებში ამავე უნივერსიტეტში გაიარა ასპირანტურის კურსი აკადემიკოს ალექსანდრე ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით. პარალელურად მუშაობდა გორისა და თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტებში უფროსი მასწავლების თანამდებობაზე. 1955 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ყვირილის აუზის გეომორფოლოგიისათვის (სათავიდან შორაპნამდე)“, ხოლო 1973 წელს სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „დასავლეთ საქართველოს კარსტული მღვიმეების მორფოლოგიური ანალიზი“.
ზურაბ ტატაშიძის სამეცნიერო მოღვაწეობის სფერო იყო: სპელეოლოგია, კარსტოლოგია და გეომორფოლოგია. იგი ნახევარ საუკუნეზე მეტხანს იკვლევდა საქართველოს ბუნებას. მის ნაშრომებში გეოგრაფიული მეცნიერების დარგებს შორის ძირითადი ადგილი გეომორფოლოგიას და უპირველესად კარსტმცოდნეობასა და სპელეოლოგიას უჭირავს. იგი 600-ზე მეტი სამეცნიერი და სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომის, მათ შორის 25 ფუნდამენტური მონოგრაფიის ავტორია. ამ ნაშრომებში მკაფიოდ აისახა მეცნიერის ხანგრძლივი გეომორფოლოგიური და კარსტულ-სპელეოლოგიური საველე-საექსპედიციო და კამერალური კვლევის ძირითადი შედეგები.
ზურაბ ტატაშიძის სამეცნიერო მოღვაწეობაში განსაკუთრებული ადგილი მაინც სპელეოლოგიას — კარსტული მოვლენების მეტად რთული პრობლემების კვლევას განეკუთვნება, რაშიც მან დიდი წვლილი შეიტანა არა მარტო საქართველოს, არამედ ურალის, მთიანი ყირიმის და ევროპის სხვა წამყვანი სპელეოლოგიური ქვეყნების მასშტაბით. ამასთან, პროფესორ ლევან მარუაშვილთან ერთად იგი მღვიმეთმცოდნეობის ერთ-ერთი ფუძემდებელია საქართველოში.
1960-იან წლებიდან დაწყებული ზურაბ ტატაშიძე კოლეგებთან ერთად, შეუდგა საქართველოს მიწისქვეშა კარსტის გეგმაზომიერ კვლევას და ნახევარი საუკუნის მანძილზე სისტემატურად ატარებდა აქტიურ საველე-საექსპედიციო გამოკვლევებს, რომელმაც მოიცვა საქართველოს როგორც დაბალი, ისე მაღალმთიანი კირქვული მასივები, აგრეთვე ურალის, მთიანი ყირიმის, უნგრეთის, ჩეხოსლოვაკიის, იუგოსლავიისა და ბულგარეთის კლასიკური კირქვული მასივები.
დიდი წვლილი შეიტანა საქართველოში კარსტული მღვიმეების კვლევისა და პოპულარიზაციის საქმეში. 1957 წლიდნ რესპუბლიკის ჟურნალებში და გაზეთებში სისტემატურად იბეჭდებლოდა სამეცნიერო-პოპულარული შინაარსის სტატიები და მხატვრულ-პუბლიცისტური ნარკვევები, რომლებშიც ასახულია საქართველოს კარსტული მღვიმეების შესწავლის შედეგები, მათი დაცვისა და ათვისების საჭიროების უმნიშვნელოვანესი პრობლემები.
1960-იან წლებში გამოაქვეყნა სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის წიგნები და ბროშურები, სარეკლამო ბუკლეტები. საქართველოს ტელევიზიით და რადიოთი სისტემატურად გადაიცემოდა მის მიერ მომზადებული პუბლიცისტური ნარკვევები, წლების განმავლობაში გამოდიოდა ტელევიზიით. მღვიმეების პოპულარიზაციის მიზნით, კითხულობდა ლექციებს საქართველოს უნიკალური მღვიმური სისტემების მნიშვნელობის შესახებ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.