Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ვაჟა გოგოლაძე (დ. 19 იანვარი, 1927, გოგოლესუბანი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, საქართველო — გ. 2006) — ქართველი ლოტბარი, მომღერალი, ანსამბლ „გურიის“ დამაარსებელი და ხელმძღვანელი, საქართველოს კულტურის დამსახურებული მოღვაწე, ღირსების ორდენის კავალერი.
ვაჟა გოგოლაძე | |
---|---|
ვაჟა გოგოლაძე | |
დაბადების თარიღი |
19 იანვარი, 1927 გოგოლესუბანი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, საქართველო |
გარდაცვალების თარიღი | 2006 |
ეროვნება | ქართველი |
საქმიანობა |
ლოტბარი მომღერალი |
ცნობილია როგორც |
ანსამბლ „გურიის“ დამაარსებელი და ხელმძღვანელი კულტურის დამსახურებული მოღვაწე ჩოხატაურის საპატიო მოქალაქე ღირსების ორდენის კავალერი |
მშობლები |
მამა: ბარნაბა გოგოლაძე დედა: ელისაბედ ჯიბლაძე |
ჯილდოები |
ღირსების ორდენი შრომის ვეტერანის მედალი სახალხო განათლების წარჩინებული |
დაიბადა 1927 წლის 19 იანვარს, ჩოხატაურის რაიონის სოფელ გოგოლესუბანში. მამა — ბარნაბა გოგოლაძე (პროფესიით ხურო, 1937 წელს გადაასახლეს), დედა — ელისაბედ ჯიბლაძე — მომღერალ-მგალობლები იყვნენ. კარგად მღეროდნენ დებიც — შურა (ბანი) და მარგალიტა (წვრილი, კრიმანჭული). და-ძმებს ჩინებული საოჯახო ტრიო ჰქონდათ (ვაჟა დამწყები ხმა იყო). ოთხწლიანი განათლება გოგოლესუბანში მიიღო, საშუალო — ჩოხატაურის გიმნაზიაში (№1 საშ. სკოლა), რომელიც დაამთავრა 1945 წელს.
1945 წლიდან ვაჟა გოგოლაძე თავის დებთან და ბიძაშვილებთან ერთად საჯაროდ კონცერტებს მართავს. ამავე წლებში მოღვაწეობს დამწყებ მსახიობად და ტექნიკურ რეჟისორად ახლადშექმნილ სახელმწიფო დრამატული თეატრის დასში.
1950 წლიდან ჩოხატაურის გუნდში (ხელმძღვანელი ვლადიმერ ბერძენიშვილი) ერთ-ერთ ლოტბარად მიიწვიეს, რადგან თბილისში გაიარა სპეციალური სადირიჟორო კურსები. 1954 წლიდან უკვე თავად ხელმძღვანელობდა ამ გუნდს.
1957 წლიდან გადმოვიდა თბილისში, სადაც დაამთავრა სამუსიკო სასწავლებელი გუნდის დირიჟორის სპეციალობით და გაიგზავნა ქალაქ რუსთავში ოლიმპიადისთვის გუნდის მოსამზადებლად.
1960-79 წლებში მოღვაწეობდა ქალაქ რუსთავში, შექმნა 120-კაციანი გუნდი, რომელმაც 1961 წელს თბილისში, რესპუბლიკურ დათვალიერებაზე დაიმსახურა პირველი ადგილი და ფესტივალის პრემია.
მომდევნო წლებში მოღვაწეობდა სხვადასხვა საშუალო სკოლაში და რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში.
1967 წლის ზაფხულში გურიაში შექმნა მომღერალთა გუნდი, რომელსაც „გურია“ უწოდეს (ანსამბლს მოგვიანებით სახალხო წოდება მიენიჭა). აქედან მოყოლებული, ვაჟა გოგოლაძე „გურიის“ უცვლელი ხელმძღვანელი იყო.
მას არაერთხელ ეწვივნენ უცხოელი სპეციალისტები და ქართული ხალხური სიმღერის მოყვარულნი: მორიტა სანი (იაპონია), ფრენკ კეინი (საფრანგეთი), სიუზან ციგლერი (გერმანია), ჰელენ ჩედვიკი (ინგლისი), იოჰან ვესტმანი (შვედეთი), კარლ ლინიკი (აშშ), სოსო ჟორდანია და ნინო ციციშვილი (ავსტრალია), უცხოეთში მოღვაწე ქართული ხალხური სიმღერის შემსრულებელი ანსამბლები: ტრიო „მზეშინა“ (პარიზი) და „გორანი“ (ავსტრალია). ფრენკ კეინის მიწვევით იყო პარიზში, ხოლო იოსებ ჟორდანიას მიწვევით — ავსტრალიაში, ქართული ხალხური სიმღერების შესწავლის მიზნით. ორივე ტურნემ წარმატებით ჩაიარა. „გორანმა“ და სხვა ავსტრალიურმა ანსამბლებმა ისწავლეს და კომპაქტ-დისკზე ჩაწერეს კიდეც მისგან ნასწავლი ქართული ხალხური სიმღერები.
ვაჟა გოგოლაძე სხვადასხვა დროს დაჯილდოებულია: შრომის ვეტერანის მედლით, სახალხო განათლების წარჩინებულის მედლით, ღირსების ორდენით, არის კულტურის დამსახურებული მოღვაწე და ჩოხატაურის საპატიო მოქალაქე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.