From Wikipedia, the free encyclopedia
ერნსტ თეოდორ ამადეუს ჰოფმანი (გერმ. Ernst Theodor Amadeus Hoffmann; დ. 24 იანვარი, 1776, კენიგსბერგი — გ. 25 ივნისი, 1822, ბერლინი) — გერმანელი მწერალი და კომპოზიტორი.
ჰოფმანი დაიბადა 1776 წლის 24 იანვარს, ქალაქ კენიგსბერგში. მართალია ჰოფმანი ახალგაზრდობიდანვე გატაცებულია ლიტერატურითა და ხელოვნებით, მაგრამ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იძულებულია, იურისტის კარიერაზე დაიწყოს ფიქრი. 1803 წელს ჰოფმანი ვარშავაშია. იმხნად იგი უმთავრესად საკომპოზიტორო საქმიანობითაა გატაცებული, ტრიალებს მუსიკოსთა წრეში. 1806 წელს ვარშავაში ნაპოლეონის ჯარები შედიან. უადგილოდ დარჩენილი ჰოფმანი იძულებულია ბერლინს მიაშუროს. მიუხედავად უკიდურესი ხელმოკლეობისა, მწერალი იმედს მაინც არ კარგავს, რომ ბოლოს და ბოლოს ეღირსება საყვარელ საქმეს ― ხელოვნებას მოახმაროს თავისი ნიჭი და ძალ-ღონე. მაგრამ ნაპოლეონის მიერ განადგურებულ პრუსიაში არავის სჭირდება არც მისი იურიდიული განსწავლულობა და არც მისი მხატვრული მაღალნიჭიერება. ამაოდ სთავაზობს იგი თავის ნახატებს და მუსიკალურ ნაწარმოებებს რედაქციებსა და გამომცემლობებს. ბოლოს და ბოლოს ცოტა ხნით იწყებს მუშაობას ბამბერგში, თეატრის კაპელმაისტერად, თავს ირჩენს კერძო გაკვეთილებით, დროდადრო შიმშილობს.
1814 წლის შემოდგომაზე ჰოფმანი, იმ დროისათვის უკვე ცნობილი მწერალი, საცხოვრებლად ბერლინში გადადის და კვლავ სასამართლოს ჩინოვნიკი ხდება. იგი ცდილობს უნიათო, მოსაწყენი ყოველდღიურობა მეგობრებთან ურთიერთობით და შეხვედრებით შეალამაზოს. ხვდება მწერლებს: შამისოს, ბრენტანოს და ფუკეს; ამ უკანასკნელის ტექსტზე ქმნის რომანტიკულ ოპერას „უნდინე“. დიდი მეგობრობა აკავშირებს ჰოფმანს მსახიობ დევრიენტთან, გამომცემლებთან, მუსიკოსებთან. ჰოფმანს კომპოზიტორის დიდება ოპერა „უნდინემ“ მოუტანა, რომელიც 1816 წელს დიდი წარმატებით დაიდგა ბერლინის სამეფო თეატრში. მანამდე იგი ქმნის მთელ რიგ ოპერებს: „სიყვარული და ეჭვიანობა“ (1807), „უკვდავების წამალი“ (1808), კომიკურ ოპერას „მხიარული მუსიკოსები“ ბრენტანოს ნაწარმოების მიხედვით (1804), ბალეტს „არლეკინი“ (1809).
ჰოფმანი, რომელსაც მხოლოდ ხელოვნების სამსახური მიაჩნია ამქვეყნად ადამიანის მაღალ დანიშნულებად და სხვა ყველაფრისადმი გულგრილია, ბერლინში გადმოსვლის შემდეგ ინტერესით ადევნებს თვალყურს ოპოზიციურად განწყობილ სტუდენტთა წრეებს.სწორედ ბერლინში ყოფნის დროს ქმნის ჰოფმანი თავის საუკეთესო ნაწარმოებებს: „ღამის მოთხრობები“ (1816-17), „სერაპიონელი ძმები“ (1819-21) „ნამცეცა ცახესი, ცინობერად წოდებული“ (1819), „პრინცესა ბრამბილა“ (1920), კატა მურის ცხოვრებისეული ფილოსოფია“ (1821), „ოსტატი და რწყილი“ (1822).
1822 წელს მძიმედ დაავადებული მწერლის წინააღმდეგ სასამართლოში იქნა აღძრული საქმე მისი ზღაპრის, ოსტატი რწყილის" თაობაზე.იუსტიციის სამინისტრომ გამოსცა ბრძანება ნაწარმოების კონფისკაციის შესახებ, რადგან მის სიუჟეტში სასამართლო კომისიის თავმჯდომარის თაღლითობის ოსტატურად ჩაქსოვილი ამბავი დაინახა. სწორედ იმ დროს მძიმე სენმა მწერალი მთლიანად მიაჯაჭვა ლოგინს. ჰოფმანი გარდაიცვალა 1822 წლის 25 ივნისს, ბერლინში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.