From Wikipedia, the free encyclopedia
ერთნავიანი ეკლესია — ქრისტიანული საკულტო ნაგებობის ერთ-ერთი უმარტივესი ტიპი.
ერთნავიანი ეკლესია კამარით გადახურული, გეგმით სწორკუთხა ნაგებობაა, რომელსაც უხშირესად აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდი აქვს. საქართველოში არსებობს სწორკუთხა საკურთხევლიანი ერთნავიანი ეკლესიებიც, მაგრამ ეს ტიპი ფართოდ არ გავრცელებულა. ვერთნავიანი ეკლესია ჩვეულებრივ დასრულებულია ორფერდა სახურავით, რომელიც დასავლეთ და აღმოსავლეთ ფასადებზე ფრონტონებს ქმნის.
ერთნავიანი ეკლესია გავრცელებულია მთელ საქართველოში. იგი შეიქმნა უადრეს ხანაში და სხვა უგუმბათო შენობებისაგან განსხვავებით, იარსება შუა საუკუნეების დასასრულამდე. ერთნავიანი ეკლესიის ასეთი ხანგრძლივი არსებობისა და ფართოდ გავრცელების ერთ-ერთი ფაქტორია მისი გეგმისა და კონსტრუქციის სიმარტივე, მშენებლობისა და საშენი მასალის ხელმისაწვდომობა (სოფლის პატარა სამლოცველო-ეკლესიები სწორედ ამ ტიპს მიეკუთვნება). ერთნავიანი ეკლესიებიდან საქართველოში ყველაზე დიდია აგარის მონასტრის მთავარი ეკლესია.
ერთნავიანი ეკლესიის ტიპის ადრინდელი ხანის ძეგლები გამოირჩევა ჰარმონიული პროპორციებით და კედლის მშვენიერი წყობით და იმ მომხიბვლელი იერით. VI–VII საუკუნეებში ერთნავიანი ეკლესია მარტივი გეგმის მცირე ზომის ნაგებობაა სადა ინტერიერით. აფსიდი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, მეტწილად კედლების სწორკუთხედშია მოქცეული. აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძი არ არის დაგრძელებული (სიგრძისა და სიგანის შეფარდება 2:1; თეთრიწყარო, ოლთისი, აკვანება), საკურთხევლის გვერდით არ არის სათავსები.
ქართული ხუროთმოძღვრების გარდამავალ ხანაში (VII ს. II ნახევარი – X ს. I ნახევარი) უკვე ჩნდება პილასტრების ერთი (იშვიათად ორი) წყვილი და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღები, რომლებიც გრძივ კედლებსა და კამარას ანაწევრებს ორ ან სამ მონაკვეთად. ამასთან, ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებზე ეწყობა პილასტრებზევე დაყრდნობილი კედლის თაღებით შემოფარგლული ბრტყელი ნიშები, ე. ი. უკვე ჩანს ინტერიერის პლასტიკური დამუშავების ნიშნები (უბისი, კუსირეთი, ქემერტი). გვხვდება შვერილი აფსიდი, თუმცა გეგმის პროპორცია (სიგრძე-სიგანის შეფარდება) თითქმის უცვლელი რჩება.
X ს. II ნახევარსა და XI ს. I ნახევარში და მოგვიანებითაც უფრო ხშირია პილასტრებისა და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღების 2 წყვილით გრძივი კედლებისა და კამარის სამ მონაკვეთად დანაწევრება. იმ შემთხვევაში, თუ სიგრძე საგრძნობლად სჭარბობს სიგანეს, როგორც გამონაკლისი, გვხვდება უფრო მეტ ნაწილად დანაწევრების ერთეული მაგალითებიც (ზემო ყარაბულახი, სათხე, შეფიაქი). ყველა დანარჩენ შემთხვევაში დარბაზის სივრცე მოკლეა (ეხვევი, დარკვეთი, სპეთი) ან არ გამოდის დადგენილი პროპორციის ფარგლებიდან (სავანე, ხცისი, მაღალაანთ ეკლესია). რთულდება გეგმაც. ზოგან უკვე ჩანს საკურთხევლის ორივე მხარეს განლაგებული გეგმით წრიული ღრმა ნიშები (სავანე, დისევი) ან გეგმით მართკუთხა (ზოგჯერ აფსიდიანი) მცირე ზომის სათავსები — სამკვეთლო და სადიაკვნე. თითქმის ყველა ეკლესიას, რომლებიც ადრინდელებთან შედარებით დიდი ზომისაა, აქვს ეგვტერი და კარიბჭე (შენობის თანადროული ან მოგვიანებით მიშენებული).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.