Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
დიაოხი ასევე დაიაენი და ტაოხი — ქართველ ტომთა უძველესი სახელმწიფო, რომელიც წარმოიქმნა ძვ. წ. XII საუკუნეში შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთით და განადგურდა კიდევ ერთი ქართული სამეფოს კოლხას მიერ ძვ. წ. VIII საუკუნეში. დიაოხი მოიხსენიება ასურულ, ბერძნულ და ურარტულ წარწერებში.[1]
დიაოხი | ||||
| ||||
---|---|---|---|---|
დიაოხი ძვ. წ. მე-12 საუკუნეში. | ||||
დედაქალაქი | ზუა | |||
ენა | ქართველური ენები | |||
რელიგია | წარმართობა | |||
დიაოხი ასურეთის ჩრდილოეთითა და შავი ზღვის აღმოსავლეთით მდებარეობდა, ანუ თანამედროვე საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ტერიტორიაზე. ასურელები ქვეყანას დაიაენს უწოდებენ, ხოლო ურარტუ დიაოხის სახელით მოიხსენიებს. ძვ. წ. V საუკუნეში ქსენოფონტი დიაოხის მკვიდრთა შთამომავლობას ტაოხების სახელით იხსენიებს. აქედან მომდინარეობს საქართველოს ერთ-ერთი ისტორიული მხარის – ტაოს – სახელწოდება.
დიაოხი ჩამოყალიბდა ძვ. წ. XII საუკუნეში ევფრატის ზემოთში. ამ პერიოდში მას უხდება დაპირისპირება ასურეთთან, კერძოდ, ტიგლათფილესერ I-თან (ძვ. წ. 1115-1077). ამას მოწმობს ძვ. წ. 1112 წლით დათარიღებული წარწერა, რომელშიც ტიგლათფილესერ I იხსენიებს „60 მეფის გაერთიანებას“ (ნაირის ქვეყნებს). სწორედ ეს გაერთიანება დაამარცხა ასურეთმა ძვ. წ. 1112 წელს და ჩრდილოეთის, ანუ შავ ზღვამდე სდია.
მართალია ტიგლათფილესერის გარდაცვალების შემდეგ ასურეთი სუსტდება, მაგრამ დიაოხს ახალი მეტოქე უჩნდება ურარტუს სახით. ურარტუ საფრთხეს უქმნის, არა მარტო დიაოხის, არამედ ასურეთის სამეფოსაც, ამიტომ თუკი აქამდე ერთმანეთს ეომებოდნენ დიაოხის მეფე სიენი და ასურეთის მონარქი ტიგლათფილესერ I, ამჯერად მათმა შთამომავლებმა ასიამ და სალმანასარ III-მ კოალიცია შექმნეს და ერთობლივი ძალით დაუპირისპირდნენ ურარტუს. ძვ. წ. IX საუკუნის ბოლოს და VIII საუკუნის დასაწყისში ურარტუმ დაამარცხა ასურეთი და დიაოხი მარტოდმარტო აღმოჩნდა მის წინააღმდეგ. დიაოხი ჯერ მენუამ დაამარცხა და დახარკა. ამის შესახებ ნახსენებია მის ერთ-ერთი წარწერაში, სადაც მენუა უტუფურსს იხსენიებს, ხოლო დიაოხს ძლიერ ქვეყანას უწოდებს. ამავე უტუფურსს მოუხდა ბრძოლა მენუას ძის - არგიშთის წინააღმდეგ. მანაც დაამარცხა და დახარკა დიაოხი.
დასუსტებულ დიაოხს ამჯერად კოლხას წინააღმდეგ უხდება წასვლა, რომელიც დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე ადრეკლასობრივი სახელმწიფოა. კოლხას არ გასჭირვებია ძლიერ დასუსტებული დიაოხის დამარცხება. ძვ. წ. VIII საუკუნეში დიაოხის ქვეყანამ არსებობა შეწყვიტა, იგი კოლხეთის სამეფომ გაანადგურა. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს არგიშთი I-ს მემკვიდრის სარდურ II-ს წარწერა, რომელიც ამ ტერიტორიაზე ლაშქრობისას აღარ იხსენიებს დიაოხს, მის წარწერაში მხოლოდ კოლხა მოიხსენიება.
დიაოხში განვითარებული იყო ლითონების (განსაკუთრებით სპილენძის, აგრეთვე ოქრო-ვერცხლის) მოპოვება-დამუშავება. ასევე განითარებული იყო მესაქონლეობა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.