გიორგი დავითაშვილი
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
გიორგი მიხეილის ძე დავითაშვილი (დ. 27 თებერვალი [ძვ. სტ. 15 თებერვალი], 1893, ბათუმი — გ. 4 ივლისი, 1966, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
Remove ads
ბიოგრაფია
1913 წელს დაამთავრა ბათუმის გიმნაზია და სწავლა განაგრძო პეტერბურგის ა. პეტროვსკის სასცენო ხელოვნების სკოლაში. 1915–1918 წლებში მუშაობდა ტაგანროგის თეატრში, სადაც გამოდიოდა დავიდოვის გვარით. 1918 წელს დაბრუნდა ბათუმში, ხოლო მომდევნო წელს მოღვაწეობდა თბილისის რუსულ თეატრში. აქ შესრულებული აქვს რასკოლნიკოვის („დანაშაული და სასჯელი“ ფიოდორ დოსტოევსკის მიხედვით), ჟადოვის, პარატოვის (ალექსანდრე ოსტროვსკის „შემოსავლიანი ადგილი“, „უმზითვო“) და სხვა მნიშვნელოვანი როლები.
1920 წლიდან დავითაშვილი ქართულ დრამატულ თეატრშია (ამჟამად რუსთაველის თეატრი). ეს ის დროა როდესაც ქართულ სცენაზე მკვიდრდებოდა რევოლუციურ-რომანტიკული სულისკვეთება. კოტე მარჯანიშვილისა და ალექსანდრე ახმეტელის საუკეთესო სპექტაკლებმა ახალ ეპოქის სული შემოიტანეს და დავითაშვილიც, ისევე როგორც თეატრის სხვა მოღვაწენიც იღწვოდნენ სცენაზე ახალი იდეებისა და ფორმების დამკვიდრებისათვის.
დავითაშვილი ეკუთვნოდა ქართველ მსახიობთა იმ თაობას, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა რუსთაველის სახელობის თეატრს. ამ თეატრის სცენაზე შექმნა 80-მდე როლი. მათ შორის: ზაალ ბარათაშვილი (სანდრო შანშიაშვილის „არსენა“), ლევან ხიმშიაშვილი (დავით ერისთავის „სამშობლო“), ოთარბეგი (ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი“), ნეზნამოვი (ალექსანდრე ოსტროვსკის „უდანაშაულო და დამნაშავენი“), ფრონდოსო (ლოპე დე ვეგას „ცხვრის წყარო“), გოდუნოვი (ვლადიმერ სოლოვიოვის „დიდი ხელმწიფე“ სახელმწიფო პრემია 1946), ჰამლეტი (უილიამ შექსპირის „ჰამლეტი“), მინდია (გრიგოლ რობაქიძის „ლამარა“), ფრანც მოორი (ფრიდრიხ შილერის „ყაჩაღები“) და სხვა მრავალი.
გიორგი დავითაშვილმა ხარკი ქართულ კინოსაც მიუზღო. მან დასამახსოვრებელი სახეები შექმნა ფილმებში: „არსენა ჯორჯიაშვილი“, „მოძღვარი“, „თავადის ასული მერი“, „დავით გურამიშვილი“ და სხვა.
დაჯილდოვებული იყო ლენინის ორი ორდენით, შრომის წითელი დროშის, „საპატიო ნიშნის“ ორდენებითა და მედლებით.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Remove ads
ფილმოგრაფია
- 1921: „არსენა ჯორჯიაშვილი“ რეჟ. ივანე პერესტიანი
- 1922: „სურამის ციხე“ (თავადი წერეთელი) რეჟ. ივანე პერესტიანი
- 1922: „მოძღვარი“ (ონისე) რეჟ. ვლადიმერ ბარსკი
- 1926: „თავადის ასული მერი“ (გრუშნიცკი) რეჟ. ვლადიმერ ბარსკი
- 1943: „გიორგი სააკაძე“ (კათოლიკოსი) რეჟ. მიხეილ ჭიაურელი
- 1943: „უჩინარი იანი“ (პროფესორი) რეჟისორები ვლადიმერ პეტროვი, ისიდორე ანენსკი
- 1946: „დავით გურამიშვილი“ (სულხან-საბა ორბელიანი) რეჟისორები ნიკოლოზ სანიშვილი, იოსებ თუმანიშვილი
- 1956: „ჩვენი ეზო“ რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე
- 1957: „ოთარაანთ ქვრივი“ რეჟ. მიხეილ ჭიაურელი
- 1957: „ქალის ტვირთი“ რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
Remove ads
ლიტერატურა
- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 119, თბ., 1994
- გვენცაძე ა., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 276.
რესურსები ინტერნეტში
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads