მღვიმე საქართველოში, იმერეთის მხარეში From Wikipedia, the free encyclopedia
ბღერის მღვიმე, ბღერისწყალი — კარსტული მღვიმე საქართველოში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ყუმისთავის აღმოსავლეთით 5 კმ-ზე. მდებარეობს ადგილ მელოურის ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 405 მ სიმაღლეზე.[1]
ბღერის მღვიმე | |
---|---|
კოორდინატები: 42°23′02″ ჩ. გ. 42°37′48″ ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი |
აბსოლუტური სიმაღლე | 405 მ |
სიგრძე | 1700 მ |
სიღრმე | 20 მ |
მოცულობა | 0,1486 მლნ. მ³ |
ტიპი | კარსტული |
ამგებელი ქანები | კირქვა |
სურათები ვიკისაწყობში |
მდინარე ბღერისწყალი, რომელიც სათავეს იღებს არაკარსტვადი ტერიტორიიდან, გამოიმუშავებს ყრუ ხეობას და ჩაედინება ფლატის ძირში გახსნილ პონორში. სწორედ ამ ვიწრო პონორით იწყება ბღერის მღვიმე, რომლის ჯამური სიგრძე 1700 მ-ია, ფართობი 14 000 მ², მოცულობა 148 600 მ³. მღვიმე იწყება წვრილმარცვლოვანი ქვიშითა და ზედაპირიდან ჩამორეცხილი ხის ტოტებით ამოვსებული 30 მ-ის სიგრძისა და 40–50 სმ-ის სიმაღლის ხვრელით, რომელშიც ჩაედინება მდინარე ბღერისწყლის ნაკადები. მღვიმეში შესვლა ზაფხულში, ძლიერი გვალვების დროს არის შესაძლებელი, როცა მდინარე მისუსტებულ ნაკადად არის ქცეული. 30 მ-ის შემდეგ ხვრელს შევყავართ ნაზვავის ფსკერზე მოფენილ გაფართოებაში, რომელიც აწყდება 15 მ-ის სიღრმის ჭას. მის შემდგომ დერეფანს 100 მ-ის შემდეგ შევყავართ გრანდიოზულ დარბაზში, რომლის სიგრძე, სიგანე და სიმაღლე შესაბამისად 200–50–25 მ-ია. ეს დარბაზები განფენილია ორი ტექტონიკური ნაპრალის გადაკვეთის ადგილას. ფსკერი მოფენილია ჭერიდან მორღვეული ლოდებით. ნაღვენთები თითქმის არ გვხვდება, თუ არ ჩავთვლით ლოდებზე დაღვენთილ კალციტის ქერქს. დარბაზს გეგმაში წაგრძელებული, ოვალური ფორმა გააჩნია.[1]
ჭერი წარმოადგენს ფართო, მოსწორებულ ჰორიზონტულ ზედაპირს. ბღერის მღვიმის დერეფნების ფსკერს აქვს დახრა წყალმშთანთქავი პონორიდან განტვირთვის არეალის მიმართულებით. უკუქანობები არ აღინიშნება. მღვიმის ყველაზე ფართო და მაღალი დერეფნები მდებარეობენ წყალშთანმთქავი პონორის ზონაში ან მის მახლობლად, ვინაიდან ინფლუენტის ქანობისა და მიმართულების უეცარი შეცვლა ამ მონაკვეთების ინტენსიურ ეროზიას განაპირობებს. ბღერის მღვიმე მდინარე ბღერისწყლის მიწისქვეშა გაგრძელებას წარმოადგენს. გვალვების პერიოდშიც კი მღვიმეში გაედინება მდინარე, რომელსაც მარჯვნიდან უერთდება მელოურისა და დიდღელეს მღვიმეებიდან შემოსული მუდმივი ნაკადი. გადაკვეთს, რა სიღრუეს განედურად, ეს ნაკადი დასავლურ დაბოლოებაში მდებარე ნაზვავსა და მცირე ზომის სიფონში იკარგება.[2]
გამომუშავებულია ქვედაცარცული ასაკის თხელ და საშუალოშრეებრივ კირქვებში. ქიმიური ნალექებიდან გვხვდება სტალაქტიტ-სტალაგმიტები, კალციტის სვეტები, ტრავერტინები; მექანიკური ნალექებიდან — კირქვის გიგანტური ლოდები, გრავიტაციული ნაფენები, თიხის მძლავრი დანაგროვები. ჰავა დინამიკურია. ჰაერის ტემპერატურა 13 °C. მღვიმეში ბინადრობენ ობობები, ხოჭოები, წყალში — ნიფარგუსები.[3] დადასტურებულია ჰიდროლოგიური კავშირი პრომეთეს მღვიმესთან.[4] ბღერის მღვიმე ბუნების ძეგლია. ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია წყალტუბო.[5]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.