From Wikipedia, the free encyclopedia
ასტრიდ შვედი (შვედ. Astrid av Sverige, ფრანგ. Astrid de Suède; დ. 17 ნოემბერი, 1905, სტოკჰოლმი, შვედეთი — გ. 29 აგვისტო, 1935, შვიცი, შვეიცარია) — ბერნადოტების დინასტიის წარმომადგენელი. შვედეთის მეფე ოსკარ II-ისა და დანიის მეფე ფრედერიკ VIII-ის შვილიშვილი, ნორვეგიის მეფე ჰარალდ V-ის დეიდა. ბელგიის დედოფალი 1934-1935 წლებში როგორც მეფე ლეოპოლდ III-ის პირველი ცოლი. ბელგიის ორი მეფის: ბოლდუენისა და ალბერტ II-ის, აგრეთვე ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგინია ჟოზეფინ შარლოტ ბელგიელის დედა.
ასტრიდ შვედი | |
---|---|
ბელგიის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 17 თებერვალი, 1934 |
მმართ. დასასრული: | 29 აგვისტო, 1935 |
წინამორბედი: | ელიზაბეთ ბავარიელი |
მემკვიდრე: | ფაბიოლა დე მორა ი არაგონი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 17 ნოემბერი, 1905 |
დაბ. ადგილი: | სტოკჰოლმი, შვედეთი |
გარდ. თარიღი: | 29 აგვისტო, 1935, (29 წლის) |
გარდ. ადგილი: | შვიცი, შვეიცარია |
მეუღლე: | ლეოპოლდ III, ბელგიის მეფე |
შვილები: |
ჟოზეფინა, ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგინია ბოდუენი, ბელგიის მეფე ალბერტ II, ბელგიის მეფე |
სრული სახელი: | ასტრიდ სოფია ლოვიზა ტირა |
დინასტია: | ბერნადოტები |
მამა: | კარლი, ვასტერგოტლანდის ჰერცოგი |
დედა: | ინგებორგ დანიელი |
რელიგია: |
ჯერ ლუთერანიზმი შემდეგ კათოლიციზმი |
ასტრიდი დაიბადა 1905 წლის 17 ნოემბერს სტოკჰოლმში. იგი იყო ვასტერგოტლანდის ჰერცოგ კარლ ბერნადოტისა და მისი მეუღლის, პრინცესა ინგებორგ დანიელის ქალიშვილი. მამის მხრიდან მისი პაპა-ბებია შვედეთისა და ნორვეგიის მეფე ოსკარ II და დედოფალი სოფია ნასაუელი, ხოლო დედის მხრიდან დანიის მეფე ფრედერიკ VIII და დედოფალი ლუიზა შვედი ერგებოდნენ, რომელიც თავის მხრივ შვედეთის მეფე კარლ XV-ის ასული იყო. გარდა ამისა, დედის მხრიდან მას ბიძაშვილებად ერგებოდნენ რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ II, დანიის მეფე კრისტიან X და დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ V. აღსანიშნავია ისიც, რომ თავისი დის ქორწინების წყალობით იგი დეიდად ერგებოდა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V-ს.
1926 წლის 21 სექტემბერს ასტრიდი დანიშნეს ბელგიის მეფე ალბერტ I-ისა და დედოფალ ელიზაბეთ ბავარიელის უფროს ვაჟზე, პრინც ლეოპოლდზე, რომელთა ქორწილიც ამავე წლის 4 ნოემბერს შედგა სტოკჰოლმში. ამ ქორწილს მთელი ევროპის მონარქები დაესწრნენ, მათ შორის ბელგიის, შვედეთის, ნორვეგიისა და დანიის მეფე-დედოფლები, აგრეთვე ლეოპოლდის და, იტალიის დედოფალი მარი ჟოზე ბელგიელი.
ქორწილის შემდეგ სამეფო წყვილი ბრიუსელის სასახლეში დასახლდა. აქ ასტრიდი ბეჯითად შეისწავლიდა ფრანგულ და ნიდერლანდურ ენებს, რათა ბელგიელებთან კონტაქტი შესძლებოდა. აღსანიშნავია, რომ წყვილს ბედნიერი და ნაყოფიერი ქორწინება ჰქონდა, რომელშიც ასტრიდმა ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი გააჩინა. მისი ორივე ვაჟი შემდგომში ბელგიის მეფე გახდა.
1934 წლის 17 თებერვალს მისი მამამთილი, მეფე ალბერტ I გარდაიცვალა, რის გამოც ტახტი ლეოპოლდ III-მ დაიკავა, ასტრიდი კი ბელგიის დედოფალი გახდა. მისი მმართველობა მეტად ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან 1935 წლის 29 აგვისტოს შვეიცარიაში ვიზიტისას, 29 წლის ასტრიდი ავტოკატასტროფას ემსხვერპლა. იგი გადაასვენეს და დიდი პატივით დაკრძალეს ბრიუსელში. მის დაკრძალვას ათასობით ბელგიელი დაესწრო.
ამ ამბიდან რამდენიმე წელიწადში, 1941 წელს ლეოპოლდი მეორედ დაქორწინდა ბელგიელ დიდგვაროვანზე, რომელთანაც კიდევ სამი შვილი შეეძინა, თუმცა მას დედოფლის წოდება არასოდეს ჰქონია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.