Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
აკვარელი (ფრანგ. aquarelle < იტალ. acquerella — „საღებავი წყალზე“ < ლათ. aqua — „წყალი“) — წყალში ხსნადი საღებავები (ჩვეულებრივ, მცენარეულ წებოზე დამზადებული); ასევე, ამ საღებავებით შექმნილი ფერწერული ნამუშევრები. აკვარელის გამოსარჩევი თავისებურებაა ღია ფუძეზე (ქაღალდი, იშვიათად მუყაო, აბრეშუმი, სპილოს ძვალი, პერგამენტი) დატანილი საღებავების გამჭვირვალობა, ფერთა და ტონალურ გადასვლათა სიმდოვრე. რიგი ნიშნების მიხედვით წარმოადგენს ფერწერას, თუმცა სამუზეუმო კლასიფიკაციაში გრაფიკას მიაკუთვნებენ. შესრულების ტექნიკის მიხედვით განარჩევენ „სუფთა“ აკვარელს და თეთრადამატებულს. აკვარელის ფერწერა არის მრავალფენიანი ან ერთჯეროვანი; შეიძლება შესრულდეს როგორც მშრალად (იტალიური აკვარელი), ისე სველად, რა დროსაც ქაღალდს ასველებენ (ინგლისური აკვარელი). აკვარელი ხშირად ერწყმის კალმით ან ფანქრით შესრულებულ ნახატებს, ზოგჯერ დატანილია ესტაპის ზემოდან; არსებობს ფერადი და მონოქრომული. აკვარელისათვის დამახასიეთებელი ფერთა შერწყმული, ერთმანეთში გადასული ლაქები ქმნის გამოსახულების მოძრაობის ეფექტს და გადმოსცემს ფერისა და შუქ-ჩრდილის უწვრილეს ნიუანსებს. სპეციფიკური ეფექტების მისაღებად აკვარელში შეჰყავთ ცვილი, ეთეროვანი გამზავებლები და სხვა ნივთიერებები, იყენებენ ბრინჯაოსფერ და ვერცხლისფერ საღებავებს, უხამებენ გუაშს, ტემპერას ან პასტელს, აკეთებენ ფუძის ვარიაციებს.[1]
მცენარეულ წებოზე დამზადებული წყალში ხსნადი საღებავებით ფერწერა ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში იყო ცნობილი (ძვ. წ. II ათასწლეული). გამოიყენებოდა შუა საუკუნეების საწიგნე მინიატიურაში (ევროპასა და აზიაში), უფრო მეტად თეთრასთან და სხვა გაუმჭვირვალე საღებავებთან შერწყმით. ევროპაში სუფთა აკვარელი XV საუკუნის დასაწყისიდან გავრცელდა და XVII საუკუნემდე უპირატესად დამხმარე მნიშვნელობა ჰქონდა, თუმცა, ალბრეხტ დიურერიდან დაწყებული, გადაიქცა ხელოვნების ცალკე სახეობად; მას იყენებდნენ ნიკოლა პუსენი, კლოდ ლორენი, პეტერ პაულ რუბენსი, რემბრანდტი (მისი სწრაფად შესრულებული მონახაზები სხვა არაფერია, თუ არა მონოქრომული აკვარელი). XVIII საუკუნეში გავრცელდა იტალიასა (ფრანჩესკო გვარდი) და საფრანგეთში (ჟან-ონორე ფრაგონარი, იუბერ რობერი). XIX საუკუნის I ნახევარში დიდ ბრიტანეთში შეიქმნა აკვარელის ეროვნული სკოლა (უილიამ ბლეიკი, რიჩარდ პარქს ბონინგტონი, ჯონ კონსტებლი, უილიამ ტერნერი და სხვ.). აკვარელი მნიშნველოვან ადგილს იკავებს ადოლფ ფონ მენცელის, მარიანო ფორტუნის, ეჟენ დელაკრუას, ონორე დომიეს, პოლ გავარნის, პოლ სეზანის, ვინსენტ ვან გოგისა და პოლ სინიაკის შემოქმედებაში; XX საუკუნეში ფართოდ გამოიყენებოდა ექსპრესიონიზმის, ფოვიზმის, აბსტრაქციონიზმის მიმდევარი ოსტატების მიერ, რომლებიც ცდილობდნენ ფერის ემოციური ჟღერადობისა და დეკორატიულობის მიღებას.[1]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.