VC 4000
From Wikipedia, the free encyclopedia
VC 4000 — 8 ბიტიანი მეორე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი და გამოცემული გერმანული კომპანია Interton-ის მიერ 1978 წლის ნოემბერში გერმანიაში.[1] ითვლება ამ რეგიონში შექმნილ და გამოცემულ პირველ და უკანასკნელ კოსნოლად, მაგრამ არსებობს უამრავი პროგრამულად თავსებადი სისტემა ბევრ ევროპულ ქვეყანაში.
VC 4000 | |
---|---|
VC 4000 კონტროლერთან ერთად | |
მწარმოებელი | Interton |
ტიპი | სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი |
თაობა | მეორე თაობა |
გამოშვების თარიღი | ოქტომბერი, 1978; 45 წლის წინ (1978-10) |
თავდაპირველი ფასი | 153 ევრო |
შეწყდა | 1983; 40 წლის წინ (1983) |
მედია | სათამაშო კარტრიჯი |
პროცესორი | Signetics 2650 |
მეხსიერება | 4 კბ RAM |
კონტროლერის შეტანა | ორი 12 ღილაკიანი კონტროლერი, ორი სამოქმედო ღილაკით და ანალოგური ჩხირით |
დაკავშირებული სტატიები | 1292 Advanced Programmable Video System |
კონსოლი ჯერ კიდევ 1974 წელს შეიქმნა, მაგრამ გამოიცა ოთხი წლის შემდეგ. მანამდე კომპანია Interton-ს უკვე გამოცემული ჰქონდა „Pong“-ის მაგვარი ლიცენზირებული სისტემები, მაგალითად, როგორიც არის Interton 3001.
VC 4000 გამოიყენებდა Signetics 2650A-ის ცენტრალურ პროცესორს და 4კბ ოპერატიულ მეხსიერებას. თან მოჰყვებოდა 12 ღილაკიანი ორი ცალი კონტროლერი, ხოლო კონსოლზე განთავსებული იყო ოთხი დამატებითი ღილაკი — ჩართვა/გამორთვის, reset-ის (გადატვირთვა), select-ის (არჩევა) და start-ის (დაწყება).[1] ძირითად მედია საშუალებად მოიხმარდა სათამაშო კარტრიჯებს.
დღემდე უცნობია, შექმნა თუ არა კომპანია Interton-მა ეს კონსოლი საკუთარი საავტორო უფლებების ფარგლებში, ან შესაძლოა გაყიდა კიდევაც მისი წარმოების უფლება, მაგრამ ფაქტია, რომ მოაგვიანებით ბევრმა უცხოურმა კომპანიამ შეიმუშავა VC 4000-ის კლონები. მაგალითისთვის, კომპანია Grundig-მა ბრიტანეთში გამოუშვა VC 4000-თან სრულად თავსებადი სისტემა Grundig Superplay Computer 4000,[2] აგრეთვე შეიქმნა Haminex HMG 7900, Radofin 1292, Audiosonic 1292 და სხვა. თუმცა ყველა კონსოლი არ არის ერთმანეთთან თავსებადი კარტრიჯის სლოტის ფორმისა და ზომიდან გამომდინარე, თუმცა პროგრამულად ყველა თავსებადია.[3]
არსებობის ისტორიაში VC 4000-ზე 40 დაგეგმილი თამაშიდან გამოვიდა 37,[4] რომელთა სათაურიც ყოველთვის იწყებოდა „Cassette“-თი და ნომრით,[5] (მაგალითად, Cassette 17 — Circus), ყოველი მათაგანი შექმნა და გამოაქვეყნა Interton-მა.
დღესდღეობით ხელმისაწვდომი არის სხვადასხვა სახის ემულატორები, რისი მეშვეობითაც შესაძლებელია VC 4000-ის თამაშების გაშვება თანამედროვე პერსონალურ კომპიუტერებსა და სათამაშო კონსოლებზე.