გერმანელი ფიზიკოსი და ფსიქოლოგი From Wikipedia, the free encyclopedia
ჰერმან ლუდვიგ ფერდინანდ ჰელმჰოლცი (გერმ. Hermann Ludwig Ferdinand Helmholtz; დ. 31 აგვისტო, 1821, პოტსდამი — გ. 8 სექტემბერი, 1894, პოტსდამი) — გერმანელი ფიზიკოსი, ექიმი, ფიზიოლოგი, ფსიქოლოგი.
1821 წლის 31 აგვისტოს ქალაქ პოტსდამში, მასწავლებლის ოჯახში, დაიბადა მომავალში ბუნების დიდი მკვლევარი ჰერმან ჰელმჰოლცი, რომლის დაუღალავი გონება მისწვდა არა მარტო ფიზიკის მნიშვნელოვან დარგებს, არამედ მექანიკას, მათემატიკას, ფილოსოფიას და ფიზიოლოგიასაც. ჰელმჰოლცის დედა წარმოშობით ინგლისელი იყო, ხოლო დიდედა დედის მხრივ - ფრანგი. ამიტომ პატარა ჰერმანი თითქოს სამი დიდი სახელმწიფოს სისხლსა და ტრადიციებს აერთიანებდა.
ბავშვობაში ჰელმჰოლცი ავადმყოფობდა, რის გამოც სწავლაში მოწინავეთა რიგებში არ იდგა, მაგრამ ფიზიკის სიყვარული ადრეული წლებიდანვე გამოამჟღავნა. ერთ-ერთ თავის სიტყვაში იგი იგონებს, რომ მოწაფეობის პერიოდში პოტსდამის ბიბლიოთეკაში არსებული ფიზიკური ლიტერატურა მას მთლიანად გადაკითხული ჰქონდა. ბუნებრივია, რომ გიმნაზიის დამთავრების შემდეგ აბიტურიენტი ჰელმჰოლცი სწორედ ამ გზით უნდა წასულიყო უმაღლესი სასწავლებელშიც, მაგრამ ხელმოკლეობის გამო, მამის რჩევით გადაწყვიტა სამედიცინო ფაკულტეტზე შესვლა. იმ დროს სამეცნიერო მუშაობა მკვლევარისაგან დიდ თანხებს მოითხოვდა, ჰერმანის მამას კი ეს არ გააჩნდა. 17 წლის ჰელმჰოლცი ბერლინის „სამეფო მედიკოქირურგიულ ინსტიტუტში" ჩაირიცხა და 4 წლის განმავლობაში სახელმწიფო ხარჯზე სწავლობდა. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ჰელმჰოლცი სამხედრო ექიმად -დასტაქრად - მუშაობდა პოსტდამში. ვერც ყაზარმის პირობებმა და ვერც დიდმა დატვირთვამ ჰელმჰოლცს ფიზიკისადმი ლტოლვა ვერ შეუნელა.
პირველი მეცნიერული შრომები ჰელმჰოლცმა გასული საუკუნის 40-იან წლებში ფიზიოლოგიაში დაწერა. მაგრამ მას პირველ რიგში აქაც ფიზიკა აინტერესებდა. იგი გამოვიდა „სასიცოცხლო ძალების“ თეორიის წინააღმდეგ და დაასაბუთა, რომ ცოცხალ ორგანიზმში პროცესები ემორჩილება ენერგიის მუდმივობის კანონს. 1847 წელს გამოქვეყნდა ჰელმჰოლცის შრომა „ძალის მუდმივობის შესახებ", რომელშიც შესანიშნავად იყო გამოყენებული ენერგიის მუდმივობის კანონი ყველა ფიზიკური პროცესის მიმართ. თავის ფიზიოლოგიურ გამოკვლევებში ჰელმჰოლცი ხშირად გამოდიოდა ფიზიკოსის როლში. ამ მხრივ საყურადღებოა შრომა: კომბინირებული ტონების შესახებ და სხვა. ამგვარი შრომებით ჰელმჰოლცმა შექმნა ადამიანის სმენითი აპარატის კლასიკური თეორია და მუსიკის თეორიის ფიზიკური და ფიზიოლოგიური საფუძვლები. პარალელურად ჰელმჰოლცი მუშაობდა ფიზიკური და ფიზიოლოგიური ოპტიკის საკითხებზე. კვლევის პროცესში მან გამოიგონა თვალის სარკე - ოფთალმოსკოპი. ამ ხელსაწყომ, რომელიც ამჟამადაც იხმარება, საშუალება მისცა თვალის ექიმებს ღრმად ჩაეხედათ ადამიანის თვალში. შემდეგ მისი შრომები კვლავ ექსპერიმენტულ ფიზიოლოგიურ ოპტიკასა შეეხო.
ფიზიკურ ოპტიკაში ჰელმჰოლცმა გამოიკვლია მიკროსკოპის ე.წ. „გარჩევის უნარიანობა", მან ერთ-ერთმა პირველთაგანმა დაამუშავა ანომალური დისპერსია, გამოიგონა ტელესტერეოსკოპი — საველე დურბინდის პირველი სახე და სხვა. მესამე დარგი, რომელსაც ჰელმჰოლცმა შრომენის სერია მიუძღვნა, ჰიდროდინამიკა იყო. აქ ჰელმჰოლცმა შექმნა გრიგალური მოძრაობისკლასიკური თეორია, რომელმაც XIX საუკუის მეორე ნახევარში ფართო გავრცელება ჰპოვა. ამ შრომაში ავტორმა გამოავლინა ანალოგია სითხის გრიგალურ მოძრაობასა და ელექტროდენის მაგნიტური ველის თვისებებს შორის, რითაც ხელი შეეწყო თეორიული ელექტროდინამიკის განვითარებას. ამავე დარგში შემდგომი შრომებით ჰელმჰოლცმა შეისწავლა სითხის სიჩქარის ნახტომისებრი ცვლილებები. ჰიდროდინამიკაში წარმოებული შრომებით ჰელმჰოლცმა უდიდესი ფიზიკოს- თეორიტიკოსის სახელი დაიმკვიდრა ევროპაში.
1894 წლის 12 ივნისს აშშ-დან დაბრუნებულ ჰელმჰოლცს კიბეზე ჩამოსვლისას თავში სისხლი ჩაექცა, რის შემდეგაც დიდხანს აღარ უცოცხლია და 1894 წლის 8 სექტემბერს 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.