![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/46/Sign_for_The_Left_Hand_of_Darkness_Play_%252838588084501%2529.jpg/640px-Sign_for_The_Left_Hand_of_Darkness_Play_%252838588084501%2529.jpg&w=640&q=50)
წყვდიადის მარცხენა ხელი
ურსულა ლე გუინის სამეცნიერო-ფანტასტიკური რომანი (1969) / From Wikipedia, the free encyclopedia
წყვდიადის მარცხენა ხელი (ინგლ. The Left Hand of Darkness) — ამერიკელი მწერლის ურსულა ლე გუინის სამეცნიერო-ფანტასტიკური რომანი, გამოქვეყნდა 1969 წელს. წიგნმა გამოცემისთანავე პოპულარობა მოიპოვა და ლე გუინს სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ერთ-ერთი მოწინავე ავტორის სტატუსი დაუმკვიდრა.[3] „წყვდიადის მარცხენა ხელი“ ჰაინის ციკლის მეოთხე რომანია.
„წყვდიადის მარცხენა ხელი“ | |
---|---|
![]() | |
ავტორი | ურსულა კრებერ ლე გუინი[1] |
ენა | ამერიკული ინგლისური და ინგლისური ენა |
გამომცემელი | წიგნები ბათუმში |
გამოცემის თარიღი | მარტი, 1969[2] |
მთარგმნელი | ნიკა სამუშია |
ქართულად გამოიცა | 2015 |
გვერდი | 341 (ქართული გამოცემა, 2015) |
წინამორბედი | ილუზიების ქალაქი |
მომდევნო | The Word for World Is Forest |
რომანი მოგვითხრობს დედამიწელი გენლი აის შესახებ, რომელიც პლანეტა გეთენზე ეკუმენის, პლანეტების პოლიტეკონომიკური კავშირის, ელჩის სტატუსით იმყოფება. აის მიზანია გეთენის ერები ეკუმენში გაწევრიანების გონივრულობაში დაარწმუნოს, თუმცა მისიის შესრულებაში გეთენელების კულტურასთან გაუცხოება უშლის ხელს. გეთენის მცხოვრებლები ამბისექსუალები არიან, მათ არ აქვთ ერთი კონკრეტული სქესი, რასაც ძლიერი გავლენა აქვს მათი პლანეტის კულტურაზე, რაც აისთვის მათთან ურთიერთობაში ბარიერს წარმოადგენს.
„წყვდიადის მარცხენა ხელი“ ფემინისტური სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთი პირველი წიგნია და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში ანდროგინიის ყველაზე ცნობილ კვლევად ითვლება.[4] რომანის მთვარა თემაა სქესისა და გენდერის გავლენა კულტურასა და საზოგადოებაზე, რასაც ავტორი ორი მთავარი პერსონაჟის აისა და ესტრავენის ურთიერთობის საშუალებით იკვლევს.
რომანი ხელახალი ტირაჟით 30-ზე მეტჯერ დაიბეჭდა.[5] 1970 წელს წიგნმა ჰიუგოსა და ნებულას პრემიები მიიღო, ხოლო 1975 წელს ჟურნალი Locus-ის გამოკითხვაში სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის საუკეთესო რომანებს შორის ფრენკ ჰერბერტის „დიუნისა“ და არტურ კლარკის „ბავშვობის დასასრულის“ შემდეგ მესამე ადგილზე დასახელდა.[6] ამავე სიაში „წყვდიადის მარცხენა ხელი“ 1978 წელს მეორე ადგილზე მოექცა.[7] კრიტიკოსმა ჰაროლდ ბლუმმა დაწერა: „ლე გუინმა ფენტეზის მაღალი დონის ლიტერატურად ქცევა ტოლკინზე უფრო მეტად შეძლო.“[5]