![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/b3/Gavia_stellata_-Iceland_-swimming-8.jpg/640px-Gavia_stellata_-Iceland_-swimming-8.jpg&w=640&q=50)
წითელყელა ღორიხვა
ფრინველი ღორიხვასნაირთა რიგისა / From Wikipedia, the free encyclopedia
წითელყელა ღორიხვა,[1][2] წითელგულა ღორიხვა[3] (ლათ. Gavia stellata) — ფრინველი ღორიხვასნაირთა რიგისა. დიდი ზომის წყალმცურავი ფრინველია;[4] მისი სხეულის სიგრძეა 53–69 სმ, ფრთების შლილი 106–116 სმ,[2] მასა 1170–1900 გრამი.[5] ყველაზე პატარა ღორიხვაა, ერთადერთია, რომელსაც ასაფრენად გამოქანება არ სჭირდება.[6] აქვს ოდნავ აღუნული ნისკარტი, მობუდარს აქვს მოყავისფრო-წითელი ყელი,[2] მურა რუხი ზურგი ღია წინწკლებით, რუხი თავი,[4] არამობუდარს — დაწინწკლული, მკრთალი მონაცრისფრო ზურგი.[2] გადამფრენი ფრინველია, მრავლდება ჩრდილოეთ ნახევარსფეროს არქტიკულ ოლქებში (ჩ. გ. 50°-ის ზევით), იშვიათად ტაიგაში,[6] იზამთრებს ჩრდილოეთ ამერიკის წყნარი და ატლანტის ოკეანის სანაპიროებზე (სამხრეთით ფლორიდამდე და კალიფორნიამდე), პორტუგალიის სანაპიროზე, ხმელთაშუა, კასპიის, აზოვისა და შავ ზღვებზე,[6] წყნარი ოკეანის აზიურ სანაპიროზე (სამხრეთით სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთამდე);[7] საქართველოში იშვიათია,[4] გვხვდება ზამთარში და გადაფრენისას. ბინადრობს ტბებზე (გაბარდული ნაპირებით), დიდ მდორე მდინარეებზე, დელტებსა და ზღვებზე.[2] ხმა — ძლიერი მკვნესარე „უააან-უააან“, რომელიც ხარხარის მსგავსად ბოლოვდება; ფრენის დროს — დაბალი „გაგ-გაგა“.[4] ბუდე, რომელიც ზოგჯერ რამდენიმე წელს გამოიყენება, მდებარეობს ნაპირზე ან თავთხელში. აშენებს ორივე მშობელი და წარმოადგენს მცენარეულობის გროვას ან ბორცვის თავზე არსებულ ორმოს. დედალი დებს 2, ზოგჯერ 1, იშვიათად 3 ზეთისხილისფერ კვერცხს მოშავო-ყავისფერი წინწკლებით. კრუხობს ორივე მშობელი 24-29 დღის განმავლობაში. შთამომავლობა გამოჩეკიდან ერთ დღეში ბუდეს ტოვებს და წყალში შედის. მშობლები მათ კვებავენ და, ზოგჯერ, ზურგით დაატარებენ. დაახლოებით 7 კვირაში ფრენას სწავლობენ. წითელყელა ღორიხვა წელიწადში ერთხელ ბუდობს.[8] იკვებება თევზით და კიბოსნაირებით, იშვიათად წყალმცენარეებით.[6]
წითელყელა ღორიხვა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Gavia stellata (Pontoppidan, 1763) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
![]() IUCN 3.1 Least Concern : 22697829 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
![]() გამრავლების რაიონები გამოზამთრების რაიონები | |||||||||||||||
|