წავკისისწყალი
მდინარე საქართველოში, თბილისში / From Wikipedia, the free encyclopedia
წავკისისწყალი, ლეღვთახევი, დაბახანისხევი — მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, ქალაქ თბილისში. სათავე აქვს მთაწმინდის ქედის უძოს მთის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე ზღვის დონიდან 1200 მ-ზე. სიგრძე 9 კმ, აუზის ფართობი 21,3 კმ². წავკისისწყალი თბილისის ბოტანიკურ ბაღს ორ ნაწილად ყოფს, შემოუვლის ნარიყალას კლდოვან ქედს, კვეთს აბანოთუბანს და კოლექტორის მეშვეობით მტკვარს უერთდება. მტკვარს ერთვის მარჯვნიდან სოლოლაკის სერის აღმოსავლეთ დაბოლოებასთან. საზრდოობს წვიმის, თოვლის და მიწისქვეშა წყლით. ახასიათებს გაზაფხულის წყალდიდობა და ძლიერი წყალმოვარდნა; განსაკუთრებით ძლიერი იყო 1955 წლის წყალდიდობა. საშუალო წლიური ხარჯი 2,5 მ³/წმ.
წავკისისწყალი | |
---|---|
სხვა სახელი | ლეღვთახევი, დაბახანისხევი |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | თბილისი |
ქალაქები | თბილისი |
სათავე |
მთაწმინდის ქედი 41°40′17″ ჩ. გ. 44°43′20″ ა. გ. |
სათავის მდებარეობა | უძოს მთა |
სათავის სიმაღლე | 1200 მ |
შესართავი |
მტკვარი 41°41′22″ ჩ. გ. 44°48′39″ ა. გ. |
შესართავის მდებარეობა | თბილისი |
სიგრძე | 9 კმ |
აუზის ფართობი | 21,3 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 2,5 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი |
წავკისისწყალი ღრმად არის ჩაჭრილი ტუფოგენურ წყებებში და ციცაბოკალთებიანი ხეობით გამოირჩევა. აქვს მეტწილად დაბალი ნაპირები. ხეობის გაფართოებულ მონაკვეთში გაშენებულია თბილისის ბოტანიკური ბაღი, სადაც ქმნის მაღალსა და მიმზიდველ ჩანჩქერს. აქ მდინარის ფსკერი და მიდამოები დაბალია და მოფენილია ნალექი ქანებით. ბოტანიკური ბაღის მიდამოებში მდინარეს გამომუშავებული აქვს საკმაოდ ღრმა და ვიწრო ხეობა (სიღრმე რამდენიმე ათეული მეტრი), რომლის გვერდები სხვადასხვა ტიპის მცენარეულობითაა შემოსილი. ხეობის გვერდებზე მიკრული მცენარეული დაჯგუფებები ხშირია.