![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/92/Karakul_sheep_in_Akron_Zoo_2.jpg/640px-Karakul_sheep_in_Akron_Zoo_2.jpg&w=640&q=50)
ყარაკულის ცხვარი
სამაჟდაკე მიმართულების ცხიმკუდიანი უხეშმატყლიანი ცხვრის ჯიში / From Wikipedia, the free encyclopedia
ყარაკულის ცხვარი — სამაჟდაკე მიმართულების ცხიმკუდიანი უხეშმატყლიანი ცხვრის ჯიში. ერთ-ერთი ვერსიით ითვლება, რომ ერთ-ერთი უძველესი ჯიშია და გამოყვანილია ძველ დროში შუა აზიის ხალხების მიერ ადგილობრივი ცხვრების ხანგრძლივი გადარჩევის გზით;[1] მეორე ვერსიით ყარაკულის ცხვარი გამოყვანილია XVII–XVIII საუკუნეებში დუმიანი და ნახევრად უხეშმატყლიანი ცხვრების შეჯვარებით.[2] წამყვანი სამაჟდაკე ჯიში იყო საბჭოთა კავშირში. ყარაკულის ცხვრების უმრავლესობას თავი ნახევრად ცხვირკუზიანი, ტანი ღრმა, კუდი კი ცხიმდაგროვილი აქვს, რომელიც S-ის მსგავსი მჭლე დანამატით ბოლოვდება.[1] ამტანები, მცირე მოთხოვნილების მქონენი და უდაბნოსა და ნახევარუდაბნოს პირობებში საძოვარზე ხანგრძლივად ყოფნას შეჩვეულები არიან.[2] ერკემალი რქიანია (სპირალისებური რქები აქვს),[2] ნერბი — ურქო. ერკემლის მასაა 55–65 კგ, ნერბისა 45–50 კგ. 7–8 თვის ბატკნის ნაკლავის მასაა გასუქების შემდეგ 10–12 კგ-ია, ნაკლავის გამოსავალი 41–43%; ნერბისა შესაბამისად 18–20 კგ და 45–50%.[2] ბატკნობის ასაკში ცხვრების უმრავლესობა (დაახლ. 80%) ფერად შავია, დანარჩენი რუხი, ყავისფერი და სხვ.; ასაკთან ერთად შეფერილობა ჭაღარავდება, მხოლოდ თავი და ფეხები რჩება იგივე ფერის.[1] ახალდაბადებული ბატკნის საფარველი ნაზია, ზრდასთან ერთ კი იცვლება და უხეში ტიპისა ხდება.[1] ყარაკულის ცხვრის ძირითადი პროდუქცია მაჟდაკია (ყარაკული), რომელზეც დიდი მოთხოვნილება არსებობს. მოზრდილი ცხვრის მატყლი კარგად ითელება; მას უხეში ქსოვილებისა და ხალიჩების დასამზადებლად იყენებენ. ერკემლის წლიური ნაპარსი (2 გაპარსვაზე) 3,5–3,8 კგ-ს შეადგენს, ნერბისა — 2,0–2,2 კგ-ს. თივთიკის სიგრძე 18 სმ-მდეა.[2] ბატკნის აღზრდისაგან განთავისუფლებული ნერბი გამოიყენება რძის მისაღებად (25–30 კგ რძე ლაქტაციისას — 60 დღე);[1] გარდა ამისა ყარაკულის ცხვარს იყენებენ სახორცედ და საქონედ.[2] ნაყოფიერება 105–110 ბატკანია 100 ნერბზე.[2]
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/92/Karakul_sheep_in_Akron_Zoo_2.jpg/640px-Karakul_sheep_in_Akron_Zoo_2.jpg)
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/17/102_0198_Karakul3.jpg/640px-102_0198_Karakul3.jpg)
ამ ჯიშთან დაკავშირებით სანაშენო საქმიანობა მიმართულია ხარისხის გაზრდისა და ასორტიმენტის გაფართოებისაკენ. ყარაკულის ცხვარი გამოიყენება სხვა ჯიშების კრაველის ხარისხის გაუმჯობესებისათვის.[1]
მსოფლიოში მისი რიცხოვნობა 31 მილიონ სულზე მეტია. აშენებენ 50-ზე მეტ ქვეყანაში, ძირითადად კი უზბეკეთში, თურქმენეთში, ტაჯიკეთში, ყაზახეთში, ავღანეთში, ნამიბიაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ირანსა და რუსეთში (ასტრახანის ოლქისა და ყალმუხეთის მეურნეობებში).[2]