ღვარცოფული ნაკადი
From Wikipedia, the free encyclopedia
ღვარცოფული ნაკადი — წყლით დატვირთული ნიადაგური მასებისა და ნატეხი ქანების გადაადგილება მთის კალთაზე, რომელიც უერთდება ნაკადურ არხს, გზა და გზა იერთებს სხვადასხვა ობიექტებსა და ხეობის ძირში წარმოქმნის სქელ ტალახოვან დანალექს. ნამზღვლევებისა და სხვა ტიპის მეწყრული მოვლენების მსგავსად, ზოგადად ახასიათებს მოცულობითი სიმკვრივე, თუმცა მაღალი ფოროვანი წყლის წნევით გამოწვეული ფართოდ გავრცელებული გათხევადებული ნაფენების გამო თითქმის წყალივით დენადია.[1]
ციცაბო არხებზე დამავალი ღვარცოფული ნაკადის სიჩქარე ჩვეულებრივ აჭარბებს 36 კმ/სთ-ს, თუმცა ზოგიერთი ვეებერთელა ნაკადის სიჩქარე მასზე გაცილებით მეტია. მსოფლიოს მთიანი რეგიონებისთვის დამახასიათებელია დაახლოებით 100,000 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის მქონე ღვარცოფული ნაკადი. უდიდესი პრეისტორიული ნაკადების მოცულობა შეადგენდა 1 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტს. დანალექების მაღალი კონცენტრაციისა და მობილურობის გამო, ღვარცოფული ნაკადი მეტად დამანგრეველია.[2]
ღვარცოფული ნაკადები წარმოიქმნება მთის მდინარეების აუზებში ინტენსიური წვიმების, თოვლის დნობისა და მორენების გარღვევის შედეგად. ღვარცოფული ნაკადი წყლისა და ქანთა ნაშალი მასალისგან შემდგარი ნაკადია, რომელსაც ახასიათებს პულსაციური ანუ ტალღური მოძრაობა და დამანგრეველი ეფექტი, ეროზიულ-აკუმულაციური მოქმედება. ღვარცოფული ნაკადი ჩვეულებრივ გაბატონებულია ტექტონიკურად აქტიურ რეგიონებში, იქ, სადაც ადგილი აქვს სწრაფი აზევებისა და ეროზიის გამოვლინებას.[3]
XX საუკუნეში მეტად ცნობილი ღვარცოფული ნაკადი მოხდა 1985 წელს კოლუმბიაში[4] და 1999 წელს ვენესუელაში, რომელსაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.[5]