![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/7/79/Lotto_Capoferri_Magnum_Chaos.jpg/640px-Lotto_Capoferri_Magnum_Chaos.jpg&w=640&q=50)
ქაოსი
From Wikipedia, the free encyclopedia
ქაოსი (ძვ. ბერძნ. χάος [chaos] < χαίνω [chaino] — „ვიხლიჩები“, „ამოვანთხევ“) — ჰესიოდეს „თეოგონიაში“, უძველესი, უკიდეგანო და უნაპირო სამყაროს პირველი უფორმო სახე, ყოველგვარი სიცოცხლის პირქუში საწყისი. მისგან წარმოიშვა გეა, ტარტაროსი და ეროსი, ერებოსი (წყვდიადი) და ღამე. ღამემ და წყვდიადმა შვეს ეთერი და ჰემერა (დღე), მოგვიანებით ფილოსოფოსების მოძღვრებაში ქაოსს სხვა შინაარსობრივი დატვირთვა მიეცა, კერძოდ, მასში გულისხმობდნენ მოუწესრიგებელ მასას, რისგანაც შემდგომ სამყარო წარმოიშვა. ორფიკული მოძღვრებით, ქაოსი მარადიული დროის (ქრონოსის) ძეა. სხვა ძველი ფილოსოფოსების აზრით კი, ქაოსი პირველსაწყისი წყვდიადიდან წარმოიშვა. ცნობისმოყვარე გონების ამ ცდებმა — ჩაწვდეს არსთა სიღრმეს — პლატონის ფილოსოფიაში თვალსაჩინო ადგილი დაიჭირა. გადატანითი მნიშვნელობით, უწესრიგობა, არევდარევა.
„უზარმაზარი სიცარიელე“, „უფსკრული“, „წყვდიადი“ – ძვ. ბერძნ. χαίνω, ნიშნავს „გახსნას“, „ფართოდ გაღებულს“. პირველად აღწერილი ჰესიოდეს „თეოგონიაში“ (ძვ. წ. 700) – მსოფლიოს თავდაპირველი მდგომარეობის პერსონიფიკაცია მოწესრიგებული სამყაროს გაჩენამდე. უწინარესად იშვა ქაოსი. შემდეგ გაჩნდნენ მკერდგანიერი გეა (დედამიწა), მარად მტკიცე საყრდენი ყველა უკვდავის, რომელთაც დათოვლილი ოლომპოსის მწვერვალზე დაუვანიათ, ფართოგზებიანი მიწის წიაღში ჩაძირული პირქუში ტარტაროსი (უფსკრული) და ეროსი (სიყვარული), ვინც ულამაზესია ღმერთთა შორის, ღონისმიმხდელი და ყველა ცისიერისა თუ მიწიერის გონებას და გონივრულ ნებას გულს უმორჩილებს. ქაოსისგან იშვა ერებოსი (წყვდიადი) და ნიქსი (ღამე წკვარამი). ნიქსი ტრფობით შეერთო ერებოსს და დაბადა ეთერი (მიწისზედა ჰაერის ნათელი სივრცე) და ჰემერა (დღე)[1].
ქაოსი | |
---|---|
![]() | |
მითოლოგია: | ძველი რომის რელიგია და ძველი საბერძნეთის რელიგია |
სქესი: | მამრობითი |
შვილები: | გეა, ეროსი, ტარტაროსი, ერებოსი, ნიქსი და ურანოსი |
გამოსახულებები |