ფრანც II
From Wikipedia, the free encyclopedia
ფრანც II (გერმ. Franz II.; დ. 12 თებერვალი, 1768, ფლორენცია, ტოსკანის დიდი საჰერცოგო, იტალია — გ. 2 მარტი, 1835, ვენა, ავსტრიის იმპერია) — ჰაბსბურგ-ლოთარინგიის დინასტიის წარმომადგენელი. საღვთო რომის უკანასკნელი იმპერატორი 1792 წლიდან 1806 წლამდე, იქამდე, სანამ იმპერატორმა ნაპოლეონმა აუსტერლიცის ბრძოლის შემდეგ საღვთო რომი დაშალა. 1804 წლიდან იგი ავსტრიის პირველი იმპერატორი გახდა ფრანც I-ის სახელით, რის შემდეგაც იგი იმპერიას გარდაცვალებამდე მართავდა. 1804-1806 წლებში იგი იყო როგორც ავსტრიის, ისე საღვთო რომის იმპერატორი, მსოფლიოს ისტორიას კი ერთდროულად ორი იმპერიის იმპერატორი მის გარდა არ ახსოვს. გარდა ამისა, იგი იყო გერმანიის, უნგრეთის, ხორვატიის, ბოჰემიისა და ლომბარდო-ვენეციის მეფე. 1815 წლამდე ფლობდა გერმანიის კონფედერაციის პრეზიდენტის წოდებასაც.
მიუხედავად აუსტერლიცის ბრძოლაში დამარცხებისა, ფრანცი ბოლომდე განაგრძობდა ნაპოლეონისა და საფრანგეთის იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლას, რის გამოც არაერთხელ დამარცხდა. ამის გამო, 1810 წელს თავისი ასული მარია ლუიზა ნაპოლეონს მიათხოვა, რაც ისტორიაში „ავსტრიული ქორწინების“ სახელითაა ცნობილი. მიუხედავად ამისა, იგი ფრანგების წინააღმდეგ გამოვიდა მეექვსე კოალიციის ომში. ნაპოლეონის დამხობის შემდეგ იგი ვენის კონგრესის წამყვანი წევრი იყო თავის კანცლერთან, გრაფ მეტერნიხთან ერთად. მართალია, მან ვეღარ აღიდგინა კონტროლო გერმანულ მიწებზე, თუმცა მან მაინც დაიბრუნა ჩრდილოეთ იტალია და სხვა დაკარგული მიწები. ამასთან ერთად, იგი მიჩნეულია ერთობ კონსერვატორ მონარქად, რამეთუ იგი ეწინააღმდეგებოდა ევროპაში მიმდინარე ლიბერალური და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობების არსებობას.
ფრანცის შვილიშვილები იყვნენ: საფრანგეთის იმპერატორი ნაპოლეონ II, ავსტრია-უნგრეთის იმპერატორი ფრანც იოზეფ I, მექსიკის იმპერატორი მაქსიმილიან I, პორტუგალიის დედოფალი მარია II და ბრაზილიის იმპერატორი პედრუ II.