ფობოსი
From Wikipedia, the free encyclopedia
ფობოსი (ძვ. ბერძნ. φόβος — „შიში“) — პლანეტა მარსის უახლოესი თანამგზავრი (საშუალო მანძილი 9380 კმ). კრატერებით დაფარული არაწესიერი ფორმის სხეული. გარემოქცევის პერიოდია 7 სთ 39 წთ და 14 წმ, რაც მარსის ბრუნვის პერიოდზე მცირეა, რის გამოც ფობოსი ამოდის დასავლეთიდან და ჩადის აღმოსავლეთის მხარეს. ალბედო ≈5%. აღმოჩენილია 1877 წლის 11 აგვისტოს ამერიკელი ასტრონომის ასაფ ჰოლის მიერ.
ფობოსი ბრუნავს თავის ღერძის გარშემო იგივე პერიოდით რაც მარსის გარშემო, ამიტომაც, როგორც მთვარე, ერთი მხრით არის მიმართული ზედაპირისკენ. მისი ორბიტა მდებარეობს როშის ზღვრის შიგნით და არ იშლება მხოლოდ თავისი შიდა სიმაგრის გამო. ასეთი ორბიტის გამო მისი ზედაპირიდან ცვივა ქვები, რომლებიც ხშირად ტოვებენ შესამჩნევ ზოლებს ზედაპირზე. მარსის გრავიტაციული ზემოქმედება იწვევს ფობოსის სიჩქარის შენელებას, რაც 20 მილიონი წლის შემდეგ გამოიწვევს მის მარსთან შეჯახებას.
ფობოსის ზომებია 26.6×22.2×18.6 კმ, მის ზედაპირს აღენიშნება უამრავი კრატერი, რომელთაგან ყველაზე დიდია სტიკნი 9 კმ დიამეტრით. სავარაუდოდ, ამ კრატერის წარმოქმნამ გამოიწვია მის მიდამოებში პარალელური ზოლების შექმნაც. ეს ზოლები აღენიშნება 30 კმ მანძილზე და 100-200 მეტრის სიგანისა და 10-20 მეტრის სიღრმისაა.