ფელაცია
From Wikipedia, the free encyclopedia
ფელაცია ან მინეტი (ლათ. fello — წოვა; ფრანგ. minette — ფისუნია) — ორალური სექსის კრებითი სახელი, როდესაც მამაკაცის სასქესო ორგანო პასიურად აღიგზნება მიმღები პარტნიორის პირით, ენით, კბილებით ან ყელით ან პარტნიორის გარეშე მის მიერვე (იხ. ავტოფელაცია).[1][2] სათესლის პარკის ორალური აღგზნება შეიძლება აღინიშნოს ასევე ტერმინ ფელაციით[3][4] ან „ტიბეგინგით“ (Teabagging).[5]
ფელაცია შესაძლებელია მამაკაცისთვისაც და ქალისთვისაც სექსუალური აღგზნების გამომწვევი იყოს, და შეიძლება მამაკაცის ორგაზმითა და სპერმის ეაკულაციით დამთავრდეს.[1][2] მამაკაცის მიმართ მისი განხორციელება შესაძლებელია ორივე სქესის პარტნიორის მხრიდან, როგორც პრელუდია სხვა სექსუალურ აქტივობებამდე (როგორებიცაა ვაგინალური ან ანალური აქტები) სექსუალური აღგზნების გამოსაწვევად,[1][6] ან როგორც თავისთავად ეროტიკული და ფიზიკური ინტიმური აქტი.[1][2] ისევე როგორც სექსუალური აქტივობის უმეტესი ფორმა, ორალური სექსიც შესაძლებელია რისკიანი იყოს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისთვის. თუმცა, ინფექციის, განსაკუთრებით აივ-ის, გადადების რისკი ორალური სექსის შემთხვევაში, საგრძნობლად დაბალია ვიდრე ვაგინალური ან ანალური სექსის დროს.[7][8][9]
ორალური სექსი ხშირად განიხილება როგორც ტაბუ,[1] მაგრამ ქვეყნების უმრავლესობას არ აქვს კანონი მის განხორციელებას რომ კრძალავდეს. ზოგადად, ადამიანები ფელაციას ან ორალური სექსის სხვა ფორმებს ორივე პარტნიორის „უმანკობაზე“ ზემოქმედად არ მიიჩნევენ, თუმცა მოსაზრებები ამ თემასთან დაკავშირებით შეიძლება განსხვავდებოდეს.[10][11][12][13] ადამიანებს ასევე შეიძლება ნეგატიური გრძნობები ან სექსუალური კომპლექსი ჰქონდეთ ორალური სექსის „გაცემისას“ ან „მიღებისას“, ან შეიძლება უარი განაცხადონ მასში მონაწილეობაზე.[1]
ფელაციის აქტი, ადამიანების გარდა, აღინიშნება პრიმატებში და ხელფრთიანებში.[14]