ტუტუკუდი
From Wikipedia, the free encyclopedia
ტუტუკუდი (ინგლ. Thoothukudi; ყოფილი ტუტიკორინი) ― საპორტო ქალაქი, მუნიციპალური კორპორაცია და სამრეწველო ქალაქი ტუტუკუდის რაიონში, ინდოეთის შტატ ტამილნადუში. ქალაქი მდებარეობს კორომანდელის სანაპიროზე, ბენგალის ყურის მახლობლად. ტუტუკუდი ამავე სახელწოდების მქონე რაიონის დედაქალაქი და შტაბია. მდებარეობს ჩენაიდან 590 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით, ტირუვანანტაპურამიდან ― 190 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით, ბენგალურუდან ― 580 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით. ინდურის მრეწველობის კონფედერაციის მონაცემებით, ტუტუკუდს მეორე უმაღლესი ადამიანური განვითარების ინდექსი აქვს შტატის მასშტაბით, ჩენაის შემდეგ. ქალაქის მთავარი საგანმანათლებლო დაწესებულებებია: ტუტუკუდის სამთავრობო სამედიცინო კოლეჯი, თევჭერის კოლეჯი და კვლევითი ინსტიტუტი, ტამილნადუს საზღვაო აკადემია,[1] კამარაჯის კოლეჯი, ანნას უნივერსიტეტი, სამთავრობო პოლიტექნიკური კოლეჯი[2] და სხვ. ჩიდამბარანარის საპორტო სააგენტო ინდოეთის ერთ-ერთი მთავარი პორტია. ტუტუკუდი სამხრეთ ინდოეთის ენერგიისა და მრეწველობის კერად ყალიბდება.[3]
დასახლებული პუნქტი | |
---|---|
ტუტუკუდი | |
ქვეყანა | ინდოეთი |
კოორდინატები | 8°47′00″ ჩ. გ. 78°08′00″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 4±1 მეტრი |
სასაათო სარტყელი | UTC+05:30 |
სატელეფონო კოდი | 461 |
საფოსტო ინდექსი | 628001 |
ტუტუკუდი „მარგალიტის ქალაქის“ სახელწოდებითაცაა ცნობილი, რადგანაც ქალაქი მარგალიტის მოპოვებითაა ცნობილი. იგი კომერციული საზღვაო პორტია, რომელიც სამხრეთ ინდოეთის ქალაქებს ემსახურება და მთავარი გასასვლელია ზღვიდან ტამილნადუსკენ. იგი ინდოეთის ერთ-ერთი მთავარი პორტია, რომლის ისტორიაც VI საუკუნიდან იწყება. სხვადასხვა დროს ქალაქი: ადრეული პანდაების, შუა საუკუნეების ჩოლას, გვიანი ჩოლას, გვიანი პანდაების, მადურაის სასულთნოს, ტირუნელველის სასულთნოს, ვიჯაიანაგარის იმპერიის, მადურაის ნაიაკების, ჩანდა საჰიბის, კარნატაკის სამეფოს, პორტუგალიელთა, ნიდერლანდელთა და ბრიტანელთა დაქვემდებარებაში იყო. ქალაქი ტუტუკუდის მუნიციპალურ კორპორაციაში შედის, რომლის ფართობიც 353.07 კმ²-ია. 2011 წლის აღწერის მიხედვით, მუნიციპალური კორპორაციის მოსახლეობა 410 760 ადამიანს შეადგენს.[4]
ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა მარილის წარმოებაში, საზღვაო ვაჭრობაში, თევზჭერასა და ტურიზმშია ჩართული. ტუტუკუდისა და რამესვარამის სანაპიროებს შორის მდებარე 21 კუნძული, რომლებიც მანარის ყურეში მდებარეობს, ინდოეთის პირველ საზღვაო ბიოსფერულ ნაკრძალად ითვლება და აქ ფლორისა და ფაუნის 36 000 სახეობაა დაფიქსირებული. დაცულ ტერიტორიას მანარის ყურის საზღვაო ეროვნული პარკი ეწოდება.